Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ უნდა დაუბრუნოს მოქალაქეებს არჩევნებისადმი ნდობა


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ მათიას იორშიმ საქართველოში ვიზიტი დაასრულა.

თუმცა მისი პირველადი შეფასების დასკვნა 21 მაისის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს სერიოზულ საფიქრალს უჩენს. მათიას იორშის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებაში დაკარგულია არჩევნებისადმი ნდობა, 21 მაისის არჩევნებში კი, თავის მხრივ, სასწორზე დევს საქართველოს ბედი. როგორ და ვინ უნდა დაუბრუნოს მოქალაქეებს არჩევნებისადმი ნდობა?

ევროსაბჭოს წარმომადგენელმა მათიას იორშიმ ”მაქოსებური დიპლომატიის” პრინციპი გამოიყენა და ხანმოკლე ვიზიტის განმავლობაში ხელისუფლებასაც შეხვდა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსაც, არასამთავრობო სექტორსაც და დამოუკიდებელ მედიასაც. მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროსაბჭოში საქართველოს შესახებ მთავარმა მომხსენებელმა გაიმეორა ის, რაც აქამდეც არაერთხელ თქმულა. ”21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს ბედი სასწორზე დევს, ვინაიდან საქართველოსათვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემის ერთ-ერთი პირობა დემოკრატული არჩევნების ჩატარებაა”, - განაცხადა მათიას იორშიმ. თუმცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს საზოგადოებაში არჩევნების მიმართ ნდობა დაიკარგა. მათიას იორშის ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება ქართველი პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, თუმცა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში მან ისიც განაცხადა, რომ ამ ნდობის დაკარგვაში პასუხისმგებლობა თავად მათიას იორშისაც ეკისრება:

[რამაზ საყვარელიძე] ”ანუ ნდობა საერთაშორისო საზოგადოების მიმართაც დაიკარგა. ნდობა დაიკარგა იმის მიმართ, დასავლეთის პარტნიორებს მართლა ის ღირებულებები აინტერესებთ, რაზეც მიდის დეკლარირება, - დემოკრატია და ასე შემდეგ, - თუ კერძო და საკმაოდ ვიწრო პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ინტერესები აქვთ. ანუ დემოკრატიული რომანტიზმის მიმართ ნდობა დაიკარგა.”

დემოკრატიული რომანტიზმის მიმართ ნდობის გარდა, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, საზოგადოებამ დაკარგა ნდობა ხელისუფლების მიმართ, პარტიებმა - ერთმანეთის მიმართ, მოსახლეობის ნაწილმა კი - ოპოზიციური პარტიების მიმართ. ტოტალური ურთიერთუნდობლობის რამაზ საყვარელიძისეული სქემა ასე გამოიყურება:

[რამაზ საყვარელიძე] ”უნდობლობა გაჩნდა, რომ მიდიან რაღაც მოლაპარაკებებზე და შეიძლება უღალატოს ხალხს ოპოზიციამაც - იყო ასეთი ფრაგმენტი. შიმშილობის მერე ეს ზნეობრიობის მიმართ უნდობლობის მომენტი მოიხსნა, მაგრამ გაჩნდა შესაძლებლობის მიმართ უნდობლობა - კერძოდ, შეძლებენ ესენი, რომ, ჯერ ერთი, დაამარცხონ ხელისუფლება და, მერე, მოაწყონ სახელმწიფო ისე, როგორც ის არის მოსაწყობი?”(სტლი დაცულია)

ადგილებზე საკუთარი ამომრჩევლების ხმების დაცვა პირდაპირ უკავშირდება არჩევნების მიმართ მოსახლეობაში გაჩენილ ნიჰილიზმს. პოლიტოლოგ დავით აფრასიძის თქმით, ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარეს გაუჭირდა გაეგო, თუ რატომ ვერ ახერხებენ არჩევნებში მონაწილე სუბიექტები საარჩევნო უბნებზე კომპეტენტური კონტროლის განხორციელებას:

[დავით აფრასიძე] ”როცა აქ პასუხი იყო, რომ იცით, დამკვირვებლები ამ პარტიებიდან ძალიან იოლად კონვერტირდებიან უმრავლესობის მხარეს, მაშინ [იორში] კითხულობდა, როგორ, პარტიას, რომელსაც აქვს პრეტენზია მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, როგორ არა აქვს იმდენი რესურსი, რომ ან ტრეინინგი ჩაუტაროს, ან უფრო ლოიალური ხალხი მონახონ და ასე შემდეგ.”(სტილი დაცულია)

მაგრამ ისეთი სისტემის ამოქმედება, როდესაც პოლიტიკური პარტიები თავად ქმნიან სამართლიანი არჩევნების გარემოს, ხოლო ამომრჩეველი აკეთებს მორალურ არჩევანს, საკმაოდ ძნელი საქმეა იმ მემკვიდრეობის გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ სისტემას წილად ხვდა. თუმცა, პოლიტოლოგ დავით აფრასიძის თქმით, არსებობს ერთი გამოსავალი:

[დავით აფრასიძე] ”მიმაჩნია,რომ განხორციელების ერთადერთი საშუალება არის ძალთა მეტ-ნაკლები ბალანსის შექმნა, როდესაც ორივე მხარე იძულების წესით ჩაერთვება ამ თამაშში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რაღაც მორალურ ნორმატიულ მოწოდებებს, რომ ეს ასე უნდა იყოს. მაგრამ არასოდეს იქნება ასე, რადგან ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც ჩართულია ამ სისტემაში, როდესაც დაინახავს თავისთვის ხელსაყრელი განვითარების საშუალებას, ყოველთვის გამოიყენებს ამას.”(სტილი დაცულია)

პოლიტოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ 21 მაისის შემდეგ საქართველოს პარლამენტში ძალთა ბალანსი დაცული იქნება და დასრულდება ის დრო, როცა ერთი რომელიმე პარტია ფლობდა ე.წ. საკონტროლო პაკეტს საკანონმდებლო ორგანოში. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ პოლიტიკური კონკურენციის პირობებში მოგებული რჩება მოსახლეობაც და თავად პოლიტიკური სპექტრიც:

[რამაზ საყვარელიძე] ”პლურალიზმის, პლურალისტური კლიმატის შექმნა პარლამენტში ალბათ არის ის კარდინალური შედეგი, რაც უნდა მოგვინდეს ამ არჩევნების შემდეგ.”(სტილი დაცულია)

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG