Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული სამხედრო ავიაციის დანაკარგები და შენაძენი


სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე

ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს დიდი საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. თუმცა ეს არ არის კონფლიქტის ზონაში პირველი საჰაერო ინციდენტი, რაც აფხაზეთში სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ მომხდარა. დაახლოებით 7 წლის თავზე კოდორის ხეობის მისადგომებთან მიწისზედა საზენიტო დანადგარმა გაეროს კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო, რომელსაც, ეკიპაჟის დაღუპვის გამო, მაშინ გაცილებით დიდი ხმაური მოჰყვა. დღევანდელ სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა გავიხსენო საჰაერო ინციდენტები და ქართული ავიაციის დღევანდელ მდგომარეობაზეც გესაუბროთ.

2001 წლის 9 ოქტომბერს კოდორის ხეობის მისადგომებთან გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა მისიის ”მი-8” ტიპის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. შვეულმფრენზე იერიში საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საზენიტო-სარაკეტო დანადგარიდან განხორციელდა. ვერტმფრენის აფეთქების შედეგად, დაიღუპა გაეროს სამხედრო მისიის 4 წევრი, ორი თარჯიმანი და უკრაინული ეკიპაჟის 3 წევრი. საქართველოს ხელისუფლებამ ვერტმფრენის ჩამოგდება უკონტროლო შეიარაღებულ ფორმირებებს დაუკავშირა, გაერო, როგორც ყოველთვის, ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა, სამაგიეროდ, თვითაღიარებული აფხაზეთისა და რუსი სამშვიდობოებისათვის ვერტმფრენის ჩამოგდება გახდა ხეობაში მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების არსებობის დამადასტურებელი ”უტყუარი ფაქტი”. ვერტმფრენის ჩამოგდების შემდეგ, სულ მალე, ოჩამჩირის მხრიდან კოდორის ხეობისკენ აფხაზური ფორმირებები დაიძრნენ, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა კი ხეობაში 100 კაციანი ტაქტიკური დესანტი გადასხეს. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. ხეობაში საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე გაემგზავრნენ. ტაქტიკური დესანტის ლოკალიზების ოპერაციას დასავლეთის მიმართულების სარდალი პოლკოვნიკი კობა კობალაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში 7 წლის წინანდელი ამბები კოდორის ხეობაში ასე გაიხსენა:

[კობა კობალაძე] “ამას წინ უძღოდა არა მარტო გაეროს ვერტმფრენის ჩამოგდება, არამედ სისტემატიურად ირღვეოდა კოდორის საჰაერო სივრცე. რამდენჯერმე მოხდა მათი ვერტმფრენების შემოფრენა. მარტის ბოლოს მათი [რუსეთის] ვერტმფრენიც ჩამოვაგდეთ. ამიტომ, როცა იგრძნეს ჩვენი მხრიდან ადეკვატური მოქმედება, გადაწყვიტეს კოდორის შუაგულში, ამ შემთხვევაში აჟარაში, განეხორციელებინათ დესანტის გადმოსხმა.”(სტილი დაცულია)

ფორმალურად, რუსეთის ტაქტიკური დესანტი მიზნად ისახავდა კოდორის ხეობაში სამშვიდობო პოსტის განთავსებას, რაც, ფაქტობრივად, ხეობის ანექსიას და მასზე კონტროლის დამყარებას ნიშნავდა:

[კობა კობალაძე] ”შესაბამისად, დესანტი დაიკავებდა საწყის პოზიციებს, შემდეგ გაფართოვდებოდა, აჟარის ცენტრში გააკეთებდნენ საგუშაგოს, რომელიც ჩაატარებდა უკვე მონიტორინგს, თუ შიგნით რა ნაწილები იყო და, ფაქტიურად, მოხდებოდა ზემო აფხაზეთის შუა წელში გაწყვეტა.”(სტილი დაცულია)

კოდორის ხეობაზე საავიაციო იერიშები შემდგომშიც გრძელდებოდა. ყველაზე დიდმასშტაბიანი ინციდენტი მოხდა შარშან, 2007 წლის 11 მარტს, როდესაც ზემო აფხაზეთი ნახევარი საათის განმავლობაში იბომბებოდა რუსეთის მხრიდან შემოფრენილი ავიაციის მიერ. საქართველოს საჰაერო თავდაცვითმა ძალებმა რეაგირება ვერ მოახდინეს, გაეროს სამხედრო მისიის საგამოძიებო ჯგუფმა 4 თვიანი კვლევა-ძიების შედეგად ვერ დაადგინა ვერც ვერტმფრენების შემოფრენის მარშრუტი და ვერც წარმომავლობა. მაგრამ 20 აპრილის შემდეგ მთელი საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდა, რომ რუსეთის ავიაცია აფხაზეთის საჰაერო სივრცეში ბატონობს. მართალია, რუსული ”მიგ 29”-ის მიერ ჩამოგდებული საქართველოს კუთვნილი უპილოტო თვითმფრინავი საკმაოდ ძვირი მტკიცებულებაა, მაგრამ საქართველოს ასეთ მსხვერპლზე წასვლას აფხაზეთის დაუფარავი აგრესია აიძულებს. აფხაზეთის თავზე ჩამოგდებული უპილოტო ”ჰერმეს 450”-ის ვიდეოინფორმაცია უტყუარად ადასტურებს, რომ მოიერიშე თვითმფრინავი ”მიგ-29” სწორედ რუსეთს ეკუთვნის. სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, გადამდგარი გენერალი ამირან სალუქვაძე, ამბობს, რომ მოიპოვება სხვა დამატებითი მტკიცებულებებიც:

[ამირან სალუქვაძე] ”უპილოტოდან პირდაპირ არის დაფიქსირებული, თუ როგორ მიდის იერიშით ”მიგ -29” მასზე, უშვებს რაკეტას, რაკეტა ხვდება მიზანს პირდაპირ ვიდეოკამერაში. მე შენელებულზე ეს კადრები ვნახე ძალიან ბევრჯერ. კიდევ არის ჩვენი რადარის, აქტიური რადარის ინფორმაცია, რომელიც დასავლეთ საქართველოში დგას. თვითმფრინავი აფრინდა გუდაუთიდან, განახორციელა საბრძოლო ამოცანა და გაფრინდა უკან რუსეთის ტერიტორიაზე. ეს მონაცემიც არის.”(სტილი დაცულია)

რუსეთი, როგორც ჩანს, აღარ მალავს, რომ ქართული უპილოტო თვითმფრინავი სწორედ რუსულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო, თუმცა დიპლომატიურ ასპარეზზე თავის მართლებას განაგრძობს და აცხადებს, რომ ქართული სამხედრო ავიაციაც არღვევს 1994 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. მართლაც, არის თუ არა უპილოტო თვითმფრინავის მანევრი აფხაზეთის თავზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა? გენერალი ამირან სალუქვაძე ასეთ არგუმენტს აბსურდულს უწოდებს:

[ამირან სალუქვაძე] ”დარწმუნებული ვარ, რომ არ ეწერება. 1993-94 წლებში სად იყო მაგაზე საუბარი, რომ ქართულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატი არ გამოიყენოს? თანაც საბრძოლო თვითმფრინავი ეგ არ არის, რომელსაც შეიარაღება გააჩნია და შეუძლია რაღაც ზიანი მიაყენოს ხმელეთზე რაიმე სამიზნეებს. თუ ეს თვითმფრინავი გადაცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის, მას უამრავი ამოცანა აქვს, - კონტრაბანდა, ტრეფიკინგი და ათასი რამ, - რისთვისაც ეს უპილოტო თვითმფრინავი სჭირდება. ” (სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე ერთეული უპილოტო თვითმფრინავი ”ჰერმეს 450” ისრაელში შეიძინა. პროექტის საერთო ღირებულება არ სახელდება, თუმცა, როგორც ცნობილია, ისრაული წარმოების უპილოტო თვითმფრინავის კომპლექტი დაახლოებით 5 მილიონი დოლარი ღირს. 20 აპრილის საჰაერო ინციდენტის შემდეგ საქართველოს საჰაერო ძალებს უკვე ერთით ნაკლები უპილოტო თვითმფრინავი ჰყავთ, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ავიაციას არსენალში რამდენიმე ათეული მზვერავი თვითმფრინავი ჰყავს. საქართველოს სამხედრო უწყება აგრძელებს პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებას შეტევითი საბრძოლო თვითმფრინავების შეძენის თაობაზე, თუმცა ეს ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუკი, რა თქმა უნდა, თავად ხელისუფლება არ მოხსნის აკრძალვას და 26 მაისის სამხედრო აღლუმზე ახალი სამხედრო თვითმფრინავების საჯარო პრეზენტაციას არ გამართავს.



  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG