Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უპრეცედენტო კიბერშეტევა რადიო “თავისუფალ ევროპა”/რადიო “თავისუფლებაზე”


ქართული ვებსაიტის გარდა, რადიო “თავისუფალ ევროპა”/რადიო “თავისუფლებას” კიდევ 17 სხვადასხვაენოვანი ვებგვერდი აქვს

და მათგან რამდენიმეს ამ დღეებში სერიოზული პრობლემები შეექმნა. ე.წ. კიბერშეტევის შედეგად მომხმარებლისთვის მიუწვდომელი გახდა ზოგი ვებსაიტი. მათ შორის, საბედნიეროდ, ქართული არ ყოფილა.

უპრეცედენტო კიბერშეტევა შაბათს, 26 აპრილს დილით დიაწყო - თავდაპირველად ჩვენი რადიოს ბელორუსული სამსახურის ვებგვერდის წინააღმდეგ, მაგრამ მალე გავრცელდა სხვებზე. სულ რამდენიმე საათში მწყობრიდან იყო გამოსული 8 ვებსაიტი: მათ შორის რუსული სამსახურისაც.

საქმე ეხება შეტევას, რომელსაც ინგლისური აბრევიატურით DOS მოიხსენიებენ და რომლის არსიც მდგომარეობს საინტერნეტო მომსახურებაზე უარში. ჩვენი რადიოს ტექნლოგიური განყოფილების დირექტორ, ლუკ სპრინგერის განმარტებით:
[სპრინგერის ხმა]“ამას, ჩვეულებრივ აკეთებენ სამიზნეში ამოღებულ ვებსაიტზე კომუნიკაციის თხოვნის შემცველი ყალბი მიმართვების გაგზავნით, სარგებლობენ რა ვებსაიტის მთელი თავისუფალი რესურსებით და საიტს მიუწვდომელს ხდიან კანონიერი მომხმარებლებისთვის”.

ჩვენს რადიოზე ადრეც განუხორციელებიათ ასეთი შეტევები, მაგრამ უპრეცედენტო ბოლო იერიშის მასშტაბი გამოდგა. რადიო “თავისუფალი ევროპა”/ რადიო “თავისუფლების” ვებსაიტები წამში 50 000 ყალბი მიმართვით “იბომბებოდა”. ლუკ სპრინგერის განმარტებით, საქმე ეხება ჩვეულებრივზე უფრო დახვეწილი ფორმის კიბერშეტევას, რომელსაც უწოდებენ “მომსახურებაზე უარის გავრცელებას” (თუ დისტრიბუციას) [სპრინგერის ხმა] “მომსახურებაზე უარის გავრცელების მეშვეობით შეტევა იმავე პრინციპს ეფუძნება, რასაც მომსახურებაზე უარის მეშვეობით შეტევა - განსხვავებაა ის, რომ თავდამსხმელი იყენებს სხვა კომპიუტერებსაც, მათაც რთავს თავის საქმეში და შემდეგ ყველა ეს კომპიუტერი ერთდროულად ახორციელებს შეტევას”.

ვინ განახორციელა კიბერშეტევა, ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ გარკვეულ მინიშნებად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ შეტევა, უწინარეს ყოვლისა, ბელორუსული ვებსაიტის წინააღმდეგ იყო მიმართული და თან ბელორუსიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან დღეს: 26 აპრილს ჩერნობილის კატასტროფის მორიგი წლისთავი აღინიშნა. ჩვენი რადიოს ბელორუსული სამსახურის დირექტორ ალექსანდრ ლუკაშუკის განმარტებით, იმ დღეს ინტერნეტის ბევრი მომხმარებელი მოელოდა ჩვენი კორესპონდენტების რეპორტაჟებს დემონსტრაციაზე, რომლის მონაწილეებიც პროტესტს გამოთქვამდნენ ჩერნობილის მხსვრპლთა კვლავაც მძიმე მდგომარეობის გამო. იმ დღეს, როცა მინსკში ოპოზიციის მხარდამჭერების საპროტესტო სვლაც გაიმართა, კიბერშეტევა მოეწყო რამდენიმე სხვა ბელორუსულ საიტზეც.

რადიო “თავისუფალი ევროპა”/ რადიო “თავისუფლების” პრეზიდენტმა ჯეფ გედმინმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა კიბერ შეტევების გამო. [გედმინის ხმა] “თავისუფალი და დამოუკიდებელი მასმედია რომ არსებობდეს იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ, ვმაუწყებლობთ, ჩვენი არსებობა საჭირო არ იქნებოდა. საბჭოთა რეჟიმს, ბელორუსებს, ირანელებს - პრინციპში ერთი მიზანი აქვთ. ისინი თავისუფალ ინფორმაციაში ხედავენ ჟანგბადს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ შეწყდეს მისი მიწოდებას. ეს ნიშნავს ჩახშობას, ეს ნიშნავს კიბერშეტევებს (...)”

ბოლო წლებში კიბერშეტევები იშვიათობა აღარ არის - ზოგჯერ მიმართულია სამთავრობო უწყებების, ან მსხვილი კომპანიების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გახმაურებული შემთხვევაა მასშტაბური კიბერიერიში, რომელიც ერთი წლის წინ, ესტონეთის ვებსაიტებზე განხორციელდ. ტალინმა ბრალდება მოსკოვს წაუყენა, რადგან კიბერიერიშები უშუალოდ მოჰყვა ტალინის ცენტრიდან საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლის გატანას. მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს.

რაც შეეხება ჩვენს რადიოს: მიღებული ზომების შედეგად საინტერნეტო მომსახურება აღუდგა ყველა ვებსაიტს. მათ შორის არის ბელორუსული სამსახურის ვებგვერდიც - თავდამხსმელების, როგორც ჩანს, მთავარი სამიზნე.
XS
SM
MD
LG