Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ღვინის მეორე ეროვნული კონკურსი ”საქართველო - ღვინის სამშობლო”


ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი, სახელწოდებით "საქართველო - ღვინის სამშობლო", 30 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, ქალაქ სიღნაღში გაიმართება.

კონკურსს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ეროვნულ მუზეუმსა და ღვინის ისტორიის ფონდთან ერთად, უკვე მეორედ ატარებს. მასში ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს და წარმოდგენილია 200-მდე დასახელების ალკოჰოლური სასმელი.

ღვინის მეორე ეროვნული კონკურსის გამარჯვებულებს საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს. დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, გერმანიისა და საქართველოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ექვსკაციანი ჟიური ღვინის დეგუსტაციას ბრმა მეთოდით ჩაატარებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დეგუსტატორებს წარმოდგენა არ ექნებათ ღვინის მწარმოებლისა და მარკის შესახებ. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი კაკაბაძის განცხადებით, ამგვარი მეთოდით გამოვლენილი გამარჯვებულები ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს და, ასევე, სპეციალურ პრიზებს მიიღებენ:

[გიორგი კაკაბაძის ხმა] ”ზოგადად ეგეთი კონკურსები ხელს უწყობს პროდუქციის ხარისხის ზრდას. ასევე, პოპულარიზაცია ხდება მეღვინეობის, ღვინის წარმოების. ეს უკვე იწვევს მომხმარებლებისა და ღვინის ბიზნესში ჩაბმული კომპანიების დაინტერესებას.”

პროდუქციის ხარისხი ქართული ღვინის ერთ-ერთ მძიმე პრობლემად ითვლება. სწორედ ხარისხი მოიმიზეზა რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა, როდესაც ორიოდე წლის წინ საქართველოში დამზადებული ღვინის იმპორტი აკრძალა. ხარისხის პრობლემის გარდა, კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ღვინის ექსპერტი ნუგზარ ქსოვრელი, სხვა პრობლემებზეც საუბრობს:

[ნუგზარ ქსოვრელის ხმა] ”დღეს მსოფლიო ბაზარზე არის ჭარბი პროდუქცია მეღვინეობაში. ამიტომ საქართველოს უხდება ძალიან მძიმე კონკურენციის პირობებში მუშაობა. ბოლო ხუთი წლის მანძილზე ძალიან ბევრი გაკეთდა ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, თუმცა ძალიან ბევრია ისევ გასაკეთებელი. ასეთი კონკურსები ხელს უწყობს იმას, რომ ქართულმა ღვინომ საერთაშორისო დონეზე აღიარებას და, ასევე, ხარისხის გაუმჯობესებას, მიაღწიოს.”

ნუგზარ ქსოვრელის აზრით, საქართველოს ღვინის მაღალი თვითღირებულებაც სერიოზულ წინააღმდეგობას წარმოადგენს, თუმცა ღვინის საცალო ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე მისი რეალური ღირებულება. მიუხედავად ამისა, ნუგზარ ქსოვრელს მიაჩნია, რომ საქართველოში დამზადებულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე მაღალი ხარისხის ღვინის ნიშის დაკავება შეუძლია:

[ნუგზარ ქსოვრელის ხმა] ”ჩვენ გვაქვს უკვე ევროპის დონის ღვინოები, რომლებსაც სჭირდება აღიარება და გაცნობა. თუ ვინმეს არ გააცანი, კაპიკი იქნება მისი ფასი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს კონკურსი ხელს შეუწყობს პოპულარიზაციას.”

ნუგზარ ქსოვრელისგან განსხვავებით, ”თბილღვინოს” გენერალური დირექტორი გიორგი მარგველაშვილი უფრო დიდ მნიშვნელობას საერთაშორისო კონკურსებს ანიჭებს:

[გიორგი მარგველაშვილის ხმა] ”რაკი ეს იყო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებული, ეს ავტორიტეტი ავტომატურად ჰქონდა ამ მედალს, რადგან სავაჭრო-სამრეწველო პალატას უკვე აქვს სახელი. თუმცა ვთვლი, რომ რაღაც პერიოდი და ისტორია არის საჭირო, რათა ამ კონკურსმა დაიმკვიდროს ადგილი.”(სტილი დაცულია)

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისი კომპანიის ღვინოები, რომლებმაც ლონდონის კონკურსზე მედლები დაიმსახურეს, საქართველოში 2006 წელს გამართულ კონკურსზე მხოლოდ დიპლომებით დააჯილდოეს. მიუხედავად ამისა, მისი კომპანია მაინც მონაწილეობს მეორე ეროვნულ კონკურსში, ისევე როგორც ქართული ღვინის თითქმის ყველა მწარმოებელი.

ქართული ღვინის მეორე ეროვნული კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე წელსაც ტომ კანავანი იქნება. დეგუსტაცია ქალაქ სიღნაღში 30 აპრილს დაიწყება და 1 მაისს დასრულდება, ხოლო 2 მაისს სიღნაღის ეროვნული მუზეუმის შენობაში გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოება გაიმართება.
XS
SM
MD
LG