Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ევროპა, ორი ტოტალიტარიზმი და კონსენსუსის არარსებობა


კომუნიზმის ისტორიულ მემკვიდრეობაზე

დისკუსიები კვლავაც გრძელდება ევროკავშირში.

ამ საკითხის აქტუალიზაცია კავშირის ახალი წევრი, პოსტკომუნისტური ქვეყნების ინიციატივით მოხდა. ერთ-ერთი უკანასკნელი გარჩევა 21 აპრილს, სტრასბურგში, ევროპის პარლამენტის სხდომაზე შედგა - თუმცა შეხედულებების მრავალფეროვნების გამო, პარლამენტმა ერთიანი დადგენილება ვერ შეიმუშავა. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ კომუნიზმის - ყოველ შემთხვევაში, მისი სტალინისტური ფორმის - დროს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულების აღიარება დაგვიანებული ისტორიული სამართლის აღდგენა იქნება. სხვებმა კი ეს ინიციატივა ისტორიის პოპულისტური ინტერპრეტაციის მცდელობად აღიქვეს.

რამდენად შესაძლებელია კომუნიზმის ნაციზმთან შედარება? რამდენად აუცილებელია კომუნიზმის დროს მომხდარი პროცესები ისევე ერთმნიშვნელოვნად დაიგმოს, როგორც ნაციზმის პერიოდში განვითარებულ პროცესებს გმობენ? საჭიროა თუ არა კომუნიზმის დღევანდელი მიმდევრები და აპოლოგეტები ევროპის პოლიტიკურმა ცენტრმა ისევე მყარად უარყოს, როგორც ნაციზმის მიმდევრებს უარყოფს?

ეს ის შეკითხვებია, რომლებიც ჯერ კიდევ იწვევს უთანხმოებას ევროპის ძველ და ახალ წევრებს შორის. ”ძველი” წევრების უმრავლესობა ვერ ხედავს ისტორიის მორიგი გადააზრების აუცილებლობას. საბჭოთა კავშირი მოკავშირედ აღიქმება ნაცისტური გერმანიის დამარცხების საქმეში; ევროპის ქვეყნებში კომუნისტური პარტიები განაგრძობენ არსებობას.

ევროკავშირის ახალი წევრები კი ამ საკითხს კონტინენტის გაერთიანებისთვის აუცილებელ ასპექტად აღიქვამენ. საბჭოთა ბლოკში კომუნისტურმა რეპრესიებმა მილიონობით ადამიანი შეიწირა, ცოცხლად დარჩენილებს თავისუფლება წაართვა და ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში რკინის ფარდის მიღმა მოათავსა.

ეს არგუმენტაცია რუსეთის მიმართ ანტაგონიზმითაც იკვებება. ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხომ საბჭოთა კავშირის დაშლას ”მეოცე საუკუნის უდიდეს პოლიტიკურ კატასტროფას” უწოდებს.

მათ, ვისაც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის კომუნიზმის დაგმობა სურს, საკმაოდ რთულ ბრძოლაში უწევთ ჩართვა. განსაკუთრებულ წინააღმდეგობას ამ ინიციატივას ევროკავშირელი მემარცხენეები უწევენ. მაგალითად, ჰოლანდიელმა სოციალისტმა, იან მარინუს ვირსმამ, ამას ”ისტორიის მიკერძოებული, პოლიტიკური ინტერპრეტაციის” მცდელობა უწოდა:

[ვირსმას ხმა] ”ხშირად, განსხვავებულმა ინტერპრეტაციებმა შეიძლება გამოიწვიოს განსხვავებული ხედვა, პროცესების განსხვავებული გაგება და ზოგჯერ ქსენოფობიის და ნაციონალიზმის მომძლავრება. ეს განსაკუთრებით საშიშია ევროპისთვის, რომელსაც მრავალფეროვნება ახასიათებს - ეს კი ეთნიკურ მრავალფეროვნებასაც მოიცავს. რთულ ისტორიულ შეკითხვებზე მარტივი პასუხები არ არსებობს. ეს უნდა გვახსოვდეს - ვინაიდან ხშირად ადამიანები ისტორიის პოპულისტურ ინტერპრეტაციებს გვთავაზობენ ხოლმე.”

ვირსმამ გააკრიტიკა ტოტალიტარულ რეჟიმებს შორის ”სწორხაზოვანი” პარალელების გავლების მცდელობა - თანაც ისე, რომ ეს რეჟიმები სახელებით არ არის ნახსენები. ჰოლანდიელი პოლიტიკოსის აზრით, ამგვარი დისკუსია ევროკავშირში არ უნდა გაიმართოს.

შედარებით მცირე, ევროპის გაერთიანებული მემარცხენე ფრონტის ლიდერი, ფრანგი პოლიტიკოსი ფრანსის ვიურცი, უფრო რადიკალური იყო. მან გადაჭრით უარყო ე.წ. ”იდეოლოგიების ნიურნბერგის” - ანუ იდეოლოგიების გასამართლების - ინიციატივა და განაცხადა, რომ საბჭოთა პერიოდის დანაშაულთა ნაციზმთან შედარება ჰოლოკოსტისა და ნაცისტების მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების, დაკნინებას იწვევს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პარლამენტარები რაიმე კონსენსუსის მიღწევას მოახერხებენ, პარლამენტი კომუნიზმის ერთგვარ მორალურ შეფასებას შესძლებს მხოლოდ. ამგვარ საკითხებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ ცალკეულ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ.

გასულ აპრილს ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციის მინისტრებმა მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც დანაშაულია ”გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების და ომის დანაშაულების” საჯაროდ უარყოფა - თუკი ეს დანაშაულები ან 1945 წლის ნიურნბერგის ტრიბუნალის და ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის აღიარებული. ამ ორგანოთა ჩამონათვალში კომუნიზმის დროს ჩადენილი დანაშაულები შეტანილი არ არის. ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს, ევროპის კომისიას დაევალა განსაზღვროს, საჭიროა თუ არა დანაშაულთა ჩამონათვლის შეცვლა.

21 აპრილს გამართულ სხდომაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟაკ ბარომ პარლამენტარებს უთხრა, რომ დამატებითი ზომები ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა თავად უნდა განსაზღვრონ:

[ბაროს ხმა] ”სხდომის დროს მონაწილეთა ერთმა ჯგუფმა შეიმუშავა დოკუმენტი, სადაც რამდენიმე ზომა ჩამოაყალიბა. ევროპის კომისიამ გაითვალისწინა მათი წინადადება იმის თაობაზე, რომ ამ საქმეში ევროპის ერთიანი ჩართულობის ინტენსივობა უნდა გაიზარდოს. მაგრამ ერთი რამ ხაზგასმით უნდა ითქვას - ყველა წევრმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ მოუვლის ამ საკითხს. ევროკავშირი ამ ცალკეულ, ეროვნულ პროცესებს ვერ ჩაანაცვლებს. ევროკავშირს ამ სფეროში სამოქმედოდ სათანადო კომპეტენცია არ აქვს.”

ბაროს თქმით, ევროკავშირის ფუნქცია მხოლოდ ”დიალოგისა და შეხედულებათა გაცვლის ხელშეწყობით” უნდა შემოიფარგლოს.

წარმოთქმულ სიტყვაში, ბაროს არც ”ნაციზმი” და არც ”კომუნიზმი” უშუალო სახელით არ მოუხსენებია.

21 აპრილს გამართული დებატების დროს პოლონელმა, ლიტველმა, ჩეხმა, ესტონელმა და აღმოსავლეთევროპელმა სხვა პარლამენტარებმა გაიხსენეს მათი ქვეყნების კომუნისტური წარსულის დროს ჩადენილი დანაშაულები; მათი თქმით, პოლიტიკური ოპონენტების სიკვდილით დასჯა, თუ მოქალაქეთა დეპორტაცია - რაც საბჭოთა წარსულის დროს მასობრივად გავრცელებული პრაქტიკა იყო - ევროპის საერთო წარსულის განუყოფელ ელემენტად უნდა აღიარონ.

ესტონელმა კონსერვატორმა დეპუტატმა ტუნე კელამმა აღმოსავლეთევროპელ დეპუტატთა უმრავლესობის პოზიცია გამოხატა, როდესაც თქვა, რომ კომუნისტური რეჟიმების ქმედებები ”მორალურად და პოლიტიკურად უნდა შეფასდეს” -ისევე, როგორც შეფასდა ნაციზმის ფენომენი.

[კელამის ხმა] ”ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვარ ევროპის კომისიის განცხადებით - ვინაიდან მთავარი მოსაზრება ის არის, რომ კომუნისტური ტოტალიტარიზმის შეფასება ყველა ცალკეული ქვეყნისთვის შიდა საქმე უნდა იყოს. ვშიშობ, ეს ორმაგი სტანდარტების დამკვიდრების განცდას გაზრდის. ცხადია, რომ ფაშიზმი და ნაციზმი ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყნის ”შიდა” საქმედ არ ითვლება. ნეო-ნაციზმის, ან რასიზმის ყოველი მორიგი გამოვლინება ევროპის საერთო ღირებულებების მიმართ პირდაპირ საფრთხედ აღიქმება ხოლმე.”

კელამის თქმით, კომუნიზმს ევროპა საფრთხედ არ აღიქვამს. ეს კი, მისი აზრით, კომუნიზმის მსხვერპლთ ”მეორე- და მესამეხარისხოვან მსხვერპლად” აქცევს.

ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების ამ ინიციატივას, როგორც წესი, ევროკავშირის პოლიტიკურ ძალებს შორის მემარჯვენე ორიენტაციის მქონე პირები უჭერენ ხოლმე მხარს.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG