Accessibility links

logo-print

რით განსხვავდება და რით წააგავს ერთმანეთს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტების ეკონომიკური პროგრამები


21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები თუ საარჩევნო ბლოკები ამომრჩეველთა ყურადღების მიპყრობას, ხელისუფლების კრიტიკის გარდა, ეკონომიკური და სოციალური დაპირებებით ცდილობენ.

მაგალითად, ლეიბორისტული (შრომის) პარტია და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ამომრჩეველს ბიუჯეტის გაზრდას და სხვადასხვა სახის სოციალურ დახმარებას ჰპირდება. საინტერესოა სხვა რა მსგავსებაა და რით განსხვავდება პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა ფლანგზე განლაგებული ამ საარჩევნო სუბიექტების ეკონომიკური პროგრამები.

ლეიბორისტული (შრომის) პარტია და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა პოლიტიკური სპექტრის მარცხენა და მარჯვენა ფლანგს წარმოადგენენ. ლეიბორისტები ამბობენ, რომ მემარცხენე ცენტრისტები არიან, ქრისტიან-დემოკრატები კი ირწმუნებიან, რომ მათი იდეოლოგია მემარჯვენე ცენტრისტულია. მიუხედავად მემარჯვენე-მემარცხენეობისა, ორივე პოლიტიკური სუბიექტი ამომრჩეველს ბიუჯეტის გაზრდას და სხვადასხვა სახის სოციალური დახმარებების დაწესებას ჰპირდება.

ლეიბორისტული პარტია, მაგალითად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში,უფასო საავადმყოფოების გახსნას აპირებს. პარტიის გენერალური მდივნის გიორგი გუგავას განმარტებით, მისი დაფინანსება ბიუჯეტიდან მოხდება. კითხვას, თუ რის ხარჯზე მოხერხდება ამ დანაპირების შესრულება, გიორგი გუგავა ასე უპასუხებს:

[გიორგი გუგავას ხმა] ”უფასო საავადმყოფოები ყველა რეგიონში, რომელიც დაფინანსებული იქნება სახელმწიფოს მიერ. ეს ნიშნავს, რომ გადასახადები გაიზრდება? ეს არ ნიშნავს გადასახადების გაზრდას. უბრალოდ, ბიუჯეტში შეიცვლება პრიორიტეტები.”(სტილი დაცულია)

უფასო საავადმყოფოებს ჰპირდება ამომრჩეველს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ლალიაშვილის, განმარტება:

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] ”15 წლამდე ბავშვების უფასო სტაციონარული მკურნალობა უნდა იქნეს შემოღებული. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს ყველა რეგიონში თითო უფასო მუნიციპალური საავადმყოფოს ფუნქციონირება.”

თუ ლეიბორისტები ამ მიზნის მიღწევას მთავრობისა და სამინისტროების ხარჯების შეკვეცითა და სახელმწიფო საწარმოებიდან მიღებული მოგებით აპირებენ, ქრისტიან-დემოკრატები წყლის რაციონალური გამოყენების პროექტსა და მისი განხორციელების გზით ბიუჯეტის გაორმაგებაზე ამყარებენ იმედს. კითხვას, თუ რა გავლენას მოახდენს ინფლაციაზე ბიუჯეტის გაორმაგებული ხარჯები, ნიკა ლალიაშვილი ასე უპასუხებს:

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] ”ინფლაციის ზრდის დიდი რისკი არ დაგვემართება, რადგან ბიუჯეტის ზრდასთან ერთად წარმოებაც გაიზრდება.” (სტილი დაცულია)

ამ გათვლით, ქრისტიან-დემოკრატები საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში მეანაბრეების მიერ დაკარგული თანხების კომპენსირებასაც აპირებენ, ისევე როგორც ლეიბორისტები. ხარჯების ზრდის მიუხედავად, ინფლაცია არც ლეიბორისტებს აშინებთ. გიორგი გუგავას კომენტარი:

[გიორგი გუგავას ხმა] ”რას ჰქვია ინფლაციას გამოიწვევს! იმიტომ გაქვს სახელმწიფო ბერკეტები, რომ შეინარჩუნო და სტაბილური იყოს ინფლაციური პროცესები.”

აქვე შეგახსენებთ, რომ ორივე პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას სახელმწიფო ბერკეტებით ლარის კურსის ხელოვნური გამყარების გამო აკრიტიკებს.

ლეიბორისტული პარტიისა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ეკონომიკურ პლატფორმებს შორის სხვა მსგავსებაცაა. ამ ორი პოლიტიკური ძალის ეკონომიკური შეხედულებები სახელმწიფო ქონების, ეგრეთ წოდებული სტრატეგიული ობიექტების, პრივატიზების საკითხებში განსხვავდება. თავდაპირველად ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა ლალიაშვილს, მოვუსმინოთ:

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] ”უნდა, რა თქმა უნდა, გასხვისდეს ობიექტი, თუ მისი ფუნქციონირება უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე სახელმწიფოს ხელში.”

ლეიბორისტული პარტია კი ამის კატეგორიული წინააღმდეგია და უკვე პრივატიზებულის უკან დაბრუნებას აპირებს. თუ როგორ, ამას გიორგი გუგავას კომენტარიდან შეიტყობთ:

[გიორგი გუგავას ხმა] ”მოხდება იმ ხელშეკრულების გაუქმება, რომელიც დაიდო საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლის დარღვევით, რომელშიც ცალსახად წერია, რომ სახელმწიფო დანიშნულების პორტი, რკინიგზა განეკუთვნება სახელმწიფო მმართველობის სფეროს.”(სტილი დაცულია)


XS
SM
MD
LG