Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ და როგორ დააკვირდება 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს


საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და ბლოკების უმეტესობა დარწმუნებულია,

რომ ხელისუფლებას მაინც რჩება არჩევნების შედეგებზე უკანონო ზემოქმედების საშუალება, თუმცა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, ამტკიცებენ, რომ აუცილებლად გაითვალისწინებენ მიღებულ გამოცდილებას და არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციის შესაძლებლობას მინიმუმამდე დაიყვანენ. ვინ და როგორ აპირებს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას?

არჩევნებამდე თითქმის ერთი თვით ადრე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული დამკვირვებლების რიცხვმა 24-ს გადააჭარბა. საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან საერთაშორისო ორგანიზაციების და, მათ შორის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისის წარმომადგენლები.

[დიტერ ბოდენის ხმა] „აღნიშნული მისია მოამზადებს როგორც საშუალოვადიან, ასევე საბოლოო ანგარიშებს, ხოლო არჩევნების შემდეგ, მეორე დღეს, გამართავს პრესკონფერენციას, სადაც წარმოდგენილი იქნება შეფასებებისა და დასკვნების წინასწარი მონაცემები.“

ეს განცხადება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიტერ ბოდენმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე გააკეთა. ხუთი იანვრის შემდეგ კი, შეფასების პარალელურად, მისიამ საქართველოს ხელისუფლებასა და ცენტრალურ საარჩევნო კომიასიას, როგორც ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ამბობს, შენიშვნებითაც მიმართა:

[ლევან თარხნიშვილის ხმა] „ყველაზე მეტი შენიშვნები ეხებოდა გასაჩივრების საკითხს და შედეგად იყო ის, რომ გარკვეულწილად შეიცვალა 77-ე მუხლი, რომელიც ამ საკითხს ეხებოდა. კერძოდ, ის გაიყო ორ ნაწილად და, შესაბამისად, უფრო იოლად წასაკითხი და აღსაქმელი გახდა. შეიცვალა გასაჩივრების სტრუქტურა და გაკეთდა ჩანაწერი, რომ ცესკო უნდა დაელოდოს საჩივრების განხილვის დასრულებას.“

ეუთოს მისიის მსგავსად, საპრეზიდენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილების გათვალისწინებას აპირებენ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე ამბობს, რომ მისი ორგანიზაციის ძალისხმევა, ძირითადად, ერთი მიმართულებით იქნება კონცენტრირებული:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „სპეციალურად ამ არჩევნებისთვის აქცენტს ვაკეთებთ ჩვენი დამკვირვებლების მომზადებაზე, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში გამართული სარჩელების შედგენა და დროული წარდგენა მოხდეს. ასე რომ, მეტად ეფექტიანად გვინდა ვიმუშაოთ. ცვლილების შემდეგ, კანონი საჩივრის წარსადგენად ერთდღიან ვადას ითვალისწინებს და ეს ფაქტი გარკვეულ პრობლემებს გვიქმნის.“(სტილი დაცულია)

არჩევნებზე დაკვირვების სტრატეგიას ცვლის ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც”, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა სირაძე-დელონე, ამბობს, რომ მიდგომამ „თითო უბანზე თითო დამკვირვებელი“ არ გაამართლა:

[ეკა სირაძე-დელონეს ხმა] „ის ფაქტი, რომ დამკვირვებელი იმავე სოფლიდან იყო, სადაც აკვირდებოდა არჩევნებს, არ აღმოჩნდა ხარისხობრივად კარგი, რადგანაც ასეთი პიროვნებები განიცდიდნენ ზეწოლას და ადვილად ექცეოდნენ გავლენის ქვეშ. ამ არჩევნებისათვის ორგანიზაცია ამცირებს დამკვირვებლების რაოდენობას 1000-მდე, თუმცა ყველა ოლქში გვეყოლება დამკვირვებლები. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენი დამკვირვებლები არ იმუშავებენ იმ უბნებში, რომელთა ტერიტორიაზეც არიან თავად რეგისტრირებულნი.“

გარდა ამისა, როგორც ეკა სირაძე-დელონე ამბობს, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ასევე აპირებს ხმათა პარალელური დათვლის ჩატარებას:

[ეკა სირაძე-დელონეს ხმა] „შერჩევა იქნება რეპრეზენტატული და დათვლა შეეხება მხოლოდ პროპორციულ სისტემას. მაჟორიტარული სისტემისთვის იგივეს გაკეთება ურთულესია. დათვლისას აქცენტი გაკეთდება არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ ხარისხზეც, ანუ დაკვირვების პროცენტული შედეგი თავისუფლად გავრცელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.“

ეკა სირაძე-დელონეს თქმით, ყოველივე ეს იმისათვის კეთდება, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. საინტერესოა, ამასთან დაკავშიებით რა მოლოდინი აქვთ რიგით თბილისელებს:

[მამაკაცის ხმა] „სამართლიანად უნდა ჩატარდეს და, თუ ვინმე დაარღვევს, პასუხი უნდა აგოს.“

[ქალბატონის ხმა] „სამართლიანად უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ უკვე დროა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც მიხვდნენ, რომ სხვანაირად არ შეიძლება.“

[მამაკაცის ხმა] „თუ სამართლიანად ჩატარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მორიგ ნაბიჯს გადავდგამთ დემოკრატიისკენ. მაგრამ რა ვიცი, არა მგონია, რომ ასე მოხდეს...“

ამ მოქალაქის სკეპტიციზმს, სავარაუდოდ, წინა არჩევნებზე მიღებული გამოცდილება კვებავს, თუმცა, როგორც პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, ქვეყანას აღარ აქვს შეცდომების გამეორების უფლება. მისი თქმით, ამჟამად საქართველო დგას ერთგვარ გზაგასაყარზე და სწორედ არჩევნების ხარისხი განსაზღვრავს მისი განვითარების როგორც დინამიკას, ასევე მიმართულებას:

[თორნიკე შარაშენიძის ხმა] „არჩევნები არის, პრინციპში, ჩვენი ბოლო შანსი და ეს უნდა გავაცნობიეროთ ყველამ - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც. ეს არის ბოლო შანსი. უკვე დარღვევები გამოჩნდა და უნდა გამოსწორდეს აუცილებლად.“(სტილი დაცულია)

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG