Accessibility links

logo-print

საქართველოს ცა ნატოს საჰაერო სივრცის პლანშეტზე


რუსული გამანადგურებლის მიერ საქართველოს უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებამ და შემდგომმა ესკალაციამ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში კვლავ დააყენა დღის წესრიგში

საქართველოს საჰაერო სივრცის თავდაცვისუნარიანობის საკითხი. ერთი წლის წინ თბილისში აცხადებდნენ, რომ ქვეყანა მალე ჩაერთვებოდა ნატოს საჰაერო მონაცემთა ბაზის ურთიერთგაცვლის სისტემაში, რაც, სულ მცირე, იმის შესაძლებლობას მისცემდა ალიანსის ქვეყნებს, რომ რეალურ დროში დაენახათ ყოველგვარი უკანონო გადაადგილება საქართველოს საჰაერო სივრცეში და მასზე პოლიტიკური რეაგირება მოეხდინათ. საინტერესოა, ამოქმედდა თუ არა ნატოსთან საჰაერო მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემა და რამდენად უწყობს იგი ხელს საჰაერო სივრცის კონტროლს.

საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მკაცრი და სწრაფი საერთაშორისო რეაქცია, რაც რუსული გამანადგურებლის მიერ ქართული უპილოტო თვითმფრინავის განადგურებას მოჰყვა, განაპირობა არამხოლოდ სტრატეგიული პარტნიორების მტკიცე პოზიციამ. გადამწყვეტი როლი ითამაშა საჰაერო ბრძოლის უტყუარმა ფაქტებმა, რაც ნატოს ერთიან მონაცემთა ბაზას ქართული რადარების წყალობით გადაეცა. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბათუ ქუთელიამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, მცირე ტექნიკური საკითხების დახვეწის შემდეგ, საქართველო ნატოს საჰაერო მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემაში სრულფასოვნად ჩაერთვება:

[ბათუ ქუთელია] ”ეს სისტემა რეალურად უკვე მუშაობს, ტექნიკურად უკვე დამუშავებული არის. ახლა რაღაც ტექნიკური დეტალების დახვეწა კი მიმდინარეობს, მაგრამ ის უკვე, რაც არის ჩვენს რადარებზე, იგივე მასას ჩვენ საჰაერო სივრცეში მოძრაობისა, ხედავს ნატოს ქვეყნების ერთობლივი სარადარო სისტემა და ამისი კომბინირება ხდება იგივე თურქეთის რადართან, ბულგარეთთან ანუ მთელი ჩვენი აკვატორიისთვის.” (სტილი დაცულია)

ტექნიკურად ნატოს საჰაერო მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემასთან საქართველოს თანამშრომლობა ასე გამოიყურება: საქართველოს საჰაერო თავდაცვის ხელთ არსებული რადარები საკუთარ პლანშეტებზე აფიქსირებენ მთლიან საჰაერო სივრცეში მიმდინარე გადაადგილებებს, ხდება მათი სელექცია და საყურადღებო ინფორმაცია მიეწოდება ალიანსის საჰაერო თავდაცვით ძალებს. საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდლის, სამხედრო ექსპერტ ამირან სალუქვაძის, თქმით, ქართული მონაცემების ნატოს პლანშეტთან დამაკავშირებელ ინსტრუმენტს თურქეთში განლაგებული სარადარო სისტემები უნდა წარმოადგენდნენ:

[ამირან სალუქვაძე] ”თურქეთში, იზმირში, ახლა არის ნატოს საჰაერო ძალების სამხრეთ მიმართულების საკომანდო პუნქტი. ნეაპოლიდან გადმოვიდა იზმირში. ჩათვალე, რომ ნატოს ერთი მეოთხედი ხედავს თურქეთის საკომანდო პუნქტს.”

დანარჩენი კი, როგორც იტყვიან, ტექნიკის საქმეა.

მონაცემები, რომლებსაც იზმირში განლაგებული საკომანდო პუნქტიდან ნატოს 8 ქვეყანა ღებულობს, რეალურ დროში სხვა ქვეყნების საჰაერო მონაცემთა ბაზაშიც იყრის თავს. ასე მოხდა 20 აპრილის საჰაერო ინციდენტის დროსაც. რუსული ”მიგ-29” გამანადგურებლის მიერ ქართული უპილოტო თვითმფრინავის სითბური რაკეტით განადგურების სურათი ქართულმა რადარებმა იზმირს გადასცეს. მართალია, სარწმუნო წყაროები თავდაცვის სამინისტროში იმასაც აცხადებენ, რომ იზმირის საკომანდო პუნქტმა, ტექნიკური პრობლემების გამო, ავტომატურ რეჟიმში ვერ მოახერხა ქართული რადარების სიგნალის მიღება და ამის გამო ნატოს ქვეყნების პლანშეტზე ვიდეოგამოსახულება მცირედი დაგვიანებით მოხვდა, მაგრამ, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია განმარტავს, ამას არავითარი პრობლემა არ შეუქმნია ნატოს ექსპერტებისათვის, საჰაერო ბრძოლის ამსახველი სურათის უტყუარობაში დარწმუნებულიყვნენ:

[ბათუ ქუთელიას ხმა] ”ანუ აუთენტურობის პრობლემა არ არის. სურათი, რასაც ჩვენ ვანახვებთ საზოგადოებას, ეს მათთვის [ნატოს ქვეყნებისთვის] არის აბსოლუტურად დამადასტურებელი, რადგან ეს არის სისტემასთან თავსებადი.” (სტლი დაცულია)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დარჩენილია მცირე ტექნიკური და სამართლებრივი მექანიზმები, რის შემდეგაც საქართველოს საჰაერო თავდაცვის მართვისა და ნატოს საკომანდო პუნქტები ავტომატურ რეჟიმში მიიღებენ და გაავრცელებენ მონაცემებს. ამ მონაცემთა უტყუარობას ჰაერში საქართველოს სხვადასხვა ადგილას განლაგებული სარადარო სისტემები უზრუნველყოფენ, ხმელეთზე კი -ქართული უპილოტო თვითმფრინავები. სწორედ ამიტომ ნადირობს მათზე რუსული ავიაცია. ოფიციალური ინფორმაციით, წითელუბნის ინციდენტის დროს, 2007 წლის 6 აგვისტოს, რუსეთის ავიაციას სწორედ გორთან ახლოს განლაგებული საჰაერო თავდაცვის რადარის განადგურება სურდა. რუსული რაკეტა მაშინ მიზანს ასცდა. 20 აპრილს კი რუსეთის ”მიგ-29”-მ შეძლო უპილოტო თვითმფრინავის აფეთქება. თუმცა, ვიდე ისრაელის წარმოების თვითმფრინავი მიწას დაენარცხებოდა, მართვის პუნქტს უკვე მიღებული ჰქონდა ვიდეოგამოსახულება, რასაც შემდგომში დიდი საერთაშორისო მნიშვნელობა მიენიჭა.
XS
SM
MD
LG