Accessibility links

რა პროცესები ვითარდება აფხაზეთში, მაშინ როცა საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს მსოფლიოს თვალი არ დახუჭოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებზე


”შექმნილ ვითარებაში მხოლოდ საქართველოს საკითხი არ წყდება და საფრთხე მთელი ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს ემუქრება”,

- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სააგენტო ”რეიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში, აფხაზეთში, ანუ საქართველოს მიმართულებით, რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებზე საუბრისას. ”არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება საკუთარი სამშვიდობო ჯარები სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიყვანოს, თუ ეს სხვა სახელმწიფო ამის წინააღმდეგია”, - თქვა მან. მაგრამ, საქართველოსა და მასთან ერთად დასავლეთის წამყვანი სახელმწიფოების, საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთების მიუხედავად, მოსკოვი უკან არ იხევს. აფხაზეთში, კონფლიქტის ზონაში, რუსეთის დამატებითი სამშვიდობო ძალების დისლოკაციის ადგილებზე განლაგება გრძელდება. რა ხდება აფხაზეთში და როგორ აფასებენ პროცესებს სოხუმსა და თბილისში?

საქართველოს მხარე აფხაზეთში პროცესების განვითარებაზე მონიტორინგს ვერ აწარმოებს. რა რაოდენობის რუსმა ჯარისკაცმა და სამხედრო ტექნიკამ გადმოლახა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ამის შესახებ ზუსტი წარმოდგენის შექმნა მას მხოლოდ გაეროს დამკვირვებელთა მისიის ინფორმაციაზე დაყრდნობით შეუძლია. მისია მშვიდობისდამცველთა რაოდენობის ზრდის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურად წინასწარ ეცნობა, თუმცა, გავრცელებული ცნობებით, დამკვირვებლებს კონკრეტული ციფრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ. მოსკოვშიც და სოხუმშიც ირწმუნებიან, რომ სამშვიდობო ძალების წარმომადგენელთა რაოდენობის ზრდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა 1994 წლის შეთანხმებაში მითითებული კვოტის ფარგლებში ხდება. კვოტის მიხედვით კი, ზედა ზღვარი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 3000-ია. აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ პარასკევს, რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას, თქვა, რომ, მისი ინფორმაციით, სამშვიდობო ძალების კონტინგენტის ზრდა სწორედ კვოტის ფარგლებში ხდება.” სხვაგვარად რომ იყოს, გაეროს დამკვირვებელთა მისია ხმაურს ატეხდაო”, - დასძინა მან ნათქვამს.

კვოტის გადაჭარბება ჯერჯერობით რომ მართლაც არ შეინიშნება, ამას საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუაც აღნიშნავს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ეს არ ამართლებს რუსეთის გადაწყვეტილებას ცალმხრივი ნებით გაეზარდა აფხაზეთში სამხედრო წარმომადგენლობა.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა 1994 წლის შეთანხმებაში არ წერია, რომ კვოტით მითითებულ ზედა ზღვრამდე სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდისთვის საქართველოს მოთხოვნა აუცილებელია. მაგრამ არსებობს მოსკოვის შეთანხმება, რომელიც განსაზღვარს უსაფრთხოების ზონას და მიუთითებს, რომ უსაფრთხოების ზონის მიღმა სამხედროების - მით უფრო, სამხედრო ტექნიკის - გადაადგილება უნდა იყოს შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან. კონფლიქტის ზონაში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის შეყვანით რუსეთმა უხეშად დაარღვია მოსკოვის შეთანხმების ვალდებულებები, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ რურუა:

[ნიკოლოზ რურუას ხმა] ”დამატებითი ძალების შემოყვანა უსაფრთხოების ზონის გარეთ არ შეუძლია რუსეთს იმ შეთანხმებითაც კი, რომლითაც, ჯერჯერობით ის მოქმედებს. ამდენად, ვითარება არის ანომალიური და რუსეთის სამშვიდობო ძალების საკითხი უნდა დადგეს დღის წესრიგში. ეს არის ფეთქებადსაშიში სიტუაცია.”

ნიკოლოზ რურუას თქმით, საქართველოს მხარემ ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში, უკვე გაგზავნა განმარტებები იმის შესახებ, თუ რა ნორმები და ვალდებულებები დაარღვია რუსეთმა ცალმხრივი გადაწყვეტილებით, აფხაზეთში, სამშვიდობო ძალების საფარქვეშ, დამატებით საკუთარი სამხედრო წარმომადგენლები შეეყვანა.

ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არ არსებობდა კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების კონტინგენტის გაძლიერების აუცილებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ქმედებები სრულად შეესაბამებოდა ძალთა დაშორიშორებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვის შეთანხმების პირობებს. ”ზემო აფხაზეთში წესრიგს იცავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. რაც შეეხება ზუგდიდის რაიონს, იქ სამხედრო ძალების კონცენტრაცია არ მომხდარა და, რომც მომხდარიყო, ამას ვერავინ განიხილავდა თუნდაც საქართველოსთვის ასე არახელსაყრელი მოსკოვის შეთანხმების პირობების დარღვევად. საქართველოს საკუთარ ტერიტორიაზე შეუძლია იმოქმედოს საკუთარი კანონებისა და საკუთარი კონსტიტუციის ფარგლებში ”, - აცხადებს ნიკოლოზ რურუა.

მაგრამ საქართველო არ აპირებს ომს. ამის შესახებ უკვე რამდენჯერმე ხაზგასმით განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მაშინ, რა აუცილებლობამ უკარნახა რუსეთს სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდა? აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი ლეონიდ ლაკერბაია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას აღნიშნავს, რომ არჩევნების წინ არ არის გამორიცხული საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯები გადადგას. სოხუმში არ უნდათ დაიჯერონ მიხეილ სააკაშვილის განცხადების, რომ საქართველო არ აპირებს ომს, რომ ომი საქართველოს ინტერესებში არ არის. შეკითხვას, ეთანხება თუ არა აზრს, რომ ომი მესამე ძალის, რუსეთის, ინტერესშია, ლეონიდ ლაკერბაია უპასუხებს:

[ლეონიდ ლაკერბაიას ხმა} ”ეს საქართველოს საყვარელი სატყუარაა: აი, ჩვენ ძმები ვართ, ყველაფერში დამნაშავე რუსეთია. ჩვენ ძალიან დავშორდით ერთმანეთს, ჩვენ ვართ სხვადასხვა მისწრაფების, სხვადასხვა ღირებულებების ხალხი და ეს უნდა ვაღიაროთ. მეორეა, რომ ერთმანეთის გვერდით უნდა ვიარსებოთ. ჩვენი აზრით, უნდა ვიარსებოთ როგორც მეზობელმა სახელმწიფოებმა და დავამყაროთ ნორმალური ურთიერთობა. როცა მიხეილ სააკაშვილი გვთავაზობს ახალ წინადადებებს, გვთავაზობს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, ეს რას ნიშნავს? რომ უნდა იყიდოს აფხაზები? გამოდის, წარმოდგენა არა აქვს, ვინ არიან აფხაზები. საკითხი სხგაგვარად დგას - ნდობა ჩვენ შორის არ არსებობს და რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას.”

”რაღაც ნაბიჯებში” ლაკერბაია, პირველ რიგში, კოდორის ხეობაში ძველი სტატუს კვოს აღდგენას გულისხმობს. ”ეს უნდა გახდეს მოლაპარაკებების განახლების პირობა”, - თქვა მან. მაგრამ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს მოლაპარაკებები? როგორ უყურებენ სოხუმში მთავარს, დევნილთა დაბრუნების მოთხოვნას? ლეონიდ ლაკერბაია, გალის რიონის გარდა, აფხაზეთის სხვა რაიონებში დევნილების მასობრივ, უპირობო დაბრუნებას გამორიცხავს. შეგახსენებთ, რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ხუთშაბათს იგივე თქვა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
XS
SM
MD
LG