Accessibility links

რა ტიპის დარღვევები შეინიშნება საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დროს


21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მეთვალყურე ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა სხვადასხვა ტიპის დარღვევები აღმოაჩინეს

წინასაარჩევნო პერიოდში. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” მმართველი პოლიტიკური პარტიის კანდიდატთა სასარგებლოდ სამთავრობო რესურსების გამოყენებას აკრიტიკებს, სახალხო დამცველი პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე საუბრობს, ხოლო აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი ყურადღებას არჩევნების პროცესის მიმართ საზოგადოების უნდობლობაზე ამახვილებს. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა ტიპის დარღვევევბი შეინიშნება წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოში.

საქართველოს ტელეარხები ხშირად აჩვენებენ მმართველი პოლიტიკური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს გუბერნატორებთან ერთად სამთავრობო პროგრამების პრეზენტაციებსა თუ სხვა ღონისძიებებზე. ”ახლგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელის გიორგი ჩხეიძის განცხადებით, საჯარო მოხელეები აქტიურად მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც საარჩევნო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მაჟორიტარი კანდიდატების მხარდასაჭერ კამპანიაში აქტიური ჩართულობის გარდა, ადგილი აქვს ოპონენტებზე ზეწოლის ფაქტებსაც. ერთ ასეთ შემთხვევაზე, რომელიც ამ დღეებში დმანისის რაიონში მოხდა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი კობა ჩოფლიანი საუბრობს. მისი ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მომხრეებზე ზეწოლას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცდილობდნენ.

ამჟამად დაზარალებულები ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

ეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ძალის გამოყენების ერთადერთი ფაქტი არ არის. 1 მაისს ხმაური და შეხლა-შემოხლა იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ.

[ხმაური]

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა პოლიციის წინააღმდეგობის გამო ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესასვლელი კარის აჭედვა ვერ მოახერხეს და სიმბოლურად საარჩევნო კომისიის ფანჯარა აჭედეს. სწორედ საარჩევნო კამპანიაში ძალადობის დაუშვებლობასა და არჩევნების მიმართ ნდობის ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა 2 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე. ამ ორგანიზაციამ წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლის პიტერ იზნერის კომენტარი:

[პიტერ იზნერის ხმა] ”ყველა პარტია და კანდიდატი ვალდებულია იმოქმედოს საარჩევნო კანონმდებლობისა და ნორმების შესაბამისად, რათა აღდგეს საარჩევნო პროცესისადმი ნდობა. ყველა პარტიამ და კანდიდატმა კონსტრუქციული მონაწილეობა უნდა მიიღოს საარჩევნო პროცესში და თავი აარიდოს უპასუხისმგებლო გამაღიზიანებელ განცხადებებს, მუქარას და ზეწოლას.”

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ არჩევნებისადმი ნდობის აღდგენა, სამართლიანობის გრძნობა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კანონი. საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ოპოზიციის უნდობლობაზეა საუბარი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შუალედურ დასკვნაში. იქვე ისიცაა აღნიშნული, რომ არსებული სამართლებრივი ბაზა, ზოგადად, ხელს უწყობს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას საქართველოში, თუ მას კეთილსინდისიერად დაიცავენ.
XS
SM
MD
LG