Accessibility links

„რუსული სამხედრო სვლა – კონფლიქტის ზონაში წინასაომარი მდგომარეობაა“–გაზეთ


„რუსული სამხედრო სვლა – კონფლიქტის ზონაში წინასაომარი მდგომარეობაა“–გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია,

რომ მთლიანად მოსკოვზეა დამოკიდებული, განახლდება თუ არა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი. გაზეთის შეფასებით, ფსონები მოსკოვისთვის საკმაოდ მაღალია და კონფლიქტის გაჩაღება საქართველოში კრემლს საშუალებას მისცემს საქართველოს ნატოში გაწევრიანება განუსაზღვრელი ვადით გადადოს: „ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებისათვის ხელის შეშლა დღეისათვის მოსკოვის საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთი უმთავრესი ამოცანაა. საბრძოლო მოქმედებების გაჩაღება კი რუსეთს საქართველოს „დახმარების“ გარეშეც შეუძლია, თუ განახორციელებს შეტევას ზემო აფხაზეთზე, ხოლო შეტაკების პროვოცირებას ქართულ მხარეს დააბრალებს. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ენგურის გასწვრივ გუშინ განთავსებული დამატებითი ძალების ამოცანა საქართველოს საპასუხო შეტევის მოგერიება იყოს.“ გაზეთ „24 საათის“ დასკვნით, რუსეთი საინფორმაციო ფონს ბოლო დროს სწორედ მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის ამზადებს.

„საქართველოში არსებული ეკონომიკური და სოციალური ვითარება აფხაზებისა და ოსებისათვის დამაფრთხობელ სიმპტომებს წარმოადგენს”, - შენიშნავს გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში პოლიტოლოგი ნუგზარ მოლოდინაშვილი, რომლის აზრითაც, ვინაიდან რუსეთი დეკლარირებულად საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებს, მოლაპარაკებაც სწორედ ამ წერტილიდან უნდა გაგრძელდეს. პოლიტოლოგი რუსეთზე დასავლეთის რეაგირების მოსალოდნელ ეფექტს სკეპტიკურად უყურებს: „ კონდოლიზა რაისმა რუსული საზოგადოებრიობის აღზრდა შორეულ პერსპექტივად დასახა, როცა რუსეთში ფერადი რევოლუცია შესაძლებელი გახდება. მისი ამ პოზიციიდანაც ჩანს, რომ მსოფლიოს რუსეთზე სხვა ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია.“

„ მშვიდობისმყოფელი რუსეთი – რუსეთის აგრესიას ზემო აფხაზეთიდან უნდა ველოდეთ“ - ამ სათაურით გაზეთი ”ვერსია” აქვეყნებს ინტერვიუს აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავიასთან. იგი შენიშნავს, რომ აფხაზური სეპარატიზმი კარგად რუსეთის იმპერიამ მოირგო და უნდა შევეცადოთ, რომ მათი ნამდვილი სახე მთელ მსოფლიოს დავანახვოთ.

გაზეთ „რეზონანსის“ მოწინავე სტატიაში კი გამოთქმულია ვარაუდი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლეს, ბადრი ბიწაძეს, 21 მაისის არჩევნების შემდეგ თანამდებობას დაატოვებინებენ. როგორც გაზეთი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, სასაზღვრო პოლიციის თავმჯდომარემ ბადრი ბიწაძემ გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა, რაც გაზეთს ამავე უწყების კადრების განყოფილებაში არ დაუდასტურეს.

დღესვე „რეზონანსი“ იუწყება, რომ არჩევნების შემდეგ ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრები სკანდალური განცხადების გაკეთებას გეგმავენ, რაც, გაზეთის აზრით, არ არის გამორიცხული ბურჯანაძის მიერ პარტიის ჩამოყალიბების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდებოდეს. ყოველ შემთხვევაში, „ნაციონალების“ სიიდან ამოწერილი რომან კუსიანი „რეზონანსთან“ საუბარში შენიშნავს,რომ ბურჯანაძის გუნდის წევრები მმართველი პარტიიდან წასვლის მიზეზებზე 21 მაისის შემდეგ ისაუბრებენ.
XS
SM
MD
LG