Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები მინსკიდან დიპლომატების გაწვევისთვის ემზადება


ბელორუსიის გადაწყვეტილებას, ქვეყნიდან გააძევოს 10 ამერიკელი დიპლომატი, აშშ ”გაუმართლებელს და დაუსაბუთებელს” უწოდებს.

მაგრამ, ხუთშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, ვაშინგტონი მაინც ემზადება მინსკის მოთხოვნის შესასრულებლად. ბელორუსიის დედაქალაქში განთავსებულ ამერიკის საელჩოს მხოლოდ 4 თანამშრომელი რჩება, მაშინ როდესაც მიმდინარე წლის დასაწყისში იქ 30-ზე მეტი პირი მუშაობდა. ყოველივე ეს, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ორი ქვეყნის სამომავლო დიპლომატიურ ურთიერთობაზე.

შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, დაემორჩილოს ბელორუსიის მოთხოვნას და კიდევ უფრო შეამციროს მინსკში ამერიკის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა, როგორც ჩანს, ბოლო წუთებში საგრძნობლად ”შერბილდა”. სავარაუდოდ, ამით ბელორუსიას დრო მიეცა გადაწყვეტილების შესაცვლელად, სანამ ვაშინგტონი უფრო მკაცრი პასუხით გამოვა.

მინსკის მოთხოვნის შესრულების გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განსხვავდება თავდაპირველი რეაქციისგან - რომ ბელორუსიის ნაბიჯებს შეერთებული შტატები შესაბამისი ქმედებით უპასუხებდა და დახურავდა ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ბელორუსიის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ისევე როგორც ამერიკის საელჩოს ბელორუსიაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტომ კეისიმ, 1 მაისს გამართულ ბრიფინგზე აღიარა, რომ ამერიკის გადაწყვეტილების ირგვლივ ”ერთგვარი გაურკვევლობა” არსებობდა და ვითარება ასე ახსნა:

[კეისის ხმა ]
”ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩვენს დროებით წარმომადგენელს უთხრა, რომ რამდენიმე ამერიკელი დიპლომატი - თუ ზუსტად ვიტყვით, 10 პირი - პერსონა ნონ-გრატად იქნა გამოცხადებული. მათთვის, ვინც ამ ცნებას არ იცნობს, განვმარტავ: ამ დიპლომატებს უთხრეს, რომ მათ ბელორუსიაში აღარ დაედგომებოდათ და სახლებში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მათ მინსკი 72 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ. და რადგან ეს ჩვენი დიპლომატების მიმართ წაყენებული ოფიციალური მოთხოვნაა, ჩვენ მას მოცემულ ვადაში შევასრულებთ.”

საინფორმაციო სააგენტო ”ასოშიეიტედ პრესი”, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ბელორუსიაში შეერთებული შტატების დროებითი წარმომადგენელი, ჯონათან მური, ხუთშაბათს ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო მისული. სააგენტოს ინფორმაციით, მური ბევრად უფრო მკაცრი ზომების გატარების შესახებ განცხადებით გამოსვლას გეგმავდა, როდესაც ახალი დავალება მიიღო ზომების შეცვლის თაობაზე.

მურის ვიზიტის შემდეგ ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატმა დაადასტურა, რომ პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული პირები ბელორუსიას გამოყოფილ დროში დატოვებდნენ.

მიმდინარე წლის განმავლობაში ბელორუსიაში ამერიკის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობა, მინსკის მოთხოვნით, რამდენჯერმე შემცირდა. იანვარში საელჩოში 35 დიპლომატი მუშაობდა. ახლა კი - მას შემდეგ, რაც ქვეყნიდან გაძევებული დიპლომატები ბელორუსიას დატოვებენ - იქ მხოლოდ 4 პირი დარჩება.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტომ კეისიმ, ხაზგასმით ისაუბრა იმაზე, თუ რაოდენ სერიოზულად ეკიდება ვაშინგტონი მინსკის ქმედებებს:

[კეისის ხმა]
”ეს გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი ნაბიჯია. ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ შეერთებული შტატები ბელორუსიაში დემოკრატიას და ადამიანის უფლებების დამცველებს უჭერს მხარს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგანაც, გულწრფელად თუ ვიტყვით, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაზრდის ბელორუსიის იზოლაციის ხარისხს. ამით ბელორუსია ჩამოშორდება თავისსავე დეკლარირებულ მიზნებს, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიან წევრად ქცევას მოიცავს.”

ამავე დროს, კეისიმ მიანიშნა, რომ ვაშინგტონი მინსკს გარკვეულ დროს აძლევს გადაწყვეტილების შესაცვლელად:

[კეისის ხმა]
”ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ, რომ გარკვეული ზომების მიღება შეგვიძლია. გავაფრთხილეთ, რომ ჩვენი წარმომადგენლობის დიდი ნაწილის ქვეყნიდან გაძევებით, მათ ჩვენს მისიას სამუშაო პირობები ძალიან გაურთულეს. ამას კი, შესაძლოა, გარკვეული დამატებითი ნაბიჯების გადადგმა დასჭირდეს.”

გავრცელებული ცნობებით, ეს ნაბიჯები მოიცავს ბელორუსიის წარმომადგენლობებიდან - ნიუ-იორკში განთავსებული საკონსულოდან და ვაშინგტონში განთავსებული საელჩოდან - 6 დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას.

”ასოშიეიტედ პრესის” ინფორმაციით, შეერთებული შტატები მინსკში თავისი საელჩოს საერთოდ დახურვასაც გეგმავს - და უკვე ეძებს მესამე ქვეყანას, რომელიც ბელორუსიაში მის წარმომადგენლად ყოფნას შეძლებს.

თუმცა, როდესაც ამის შესახებ ჟურნალისტებმა ტომ კეისის ჰკითხეს, მან ასე უპასუხა: ”ჯერჯერობით სხვა საელჩოებში ტელეფონით რეკვა არ დამიწყიაო.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG