Accessibility links

logo-print

აფხაზეთის ”გაყინული კონფლიქტის” ზონაში ტემპერატურა მატულობს: რატომ მაიცდამაინც ახლა?


აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ირგვლივ ლამის ყოველდღიურად მზარდი დაძაბულობის ფონზე ბევრს უჩნდება შეკითხვა,

თუ რატომ მოემატა ტემპერატურა ამ თითქმის 15 წლიან ”გაყინულ” კონფლიქტს მაინცდამაინც ახლა. რეალურია თუ არა ვითარების სამხედრო ესკალაციაში გადაზრდა? თუ ეს ახალი მაპროვოცირებელი ნაბიჯები მხოლოდ პროვოკაციად დარჩება? ამ და სხვა შეკითხვებით ჩვენმა რადიომ რამდენიმე ანალიტიკოსს მიმართა. გაგაცნობთ მათ პასუხებს.

უკანასკნელ პერიოდში თბილისსა და მოსკოვს შორის მზარდი დაძაბულობის შესახებ შეშფოთებას - და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას - არაერთი ქვეყანა თუ საერთაშორისო ორგანიზაცია გამოთქვამს.

ხუთშაბათს, 1 მაისს, ასეთი განცხადებით გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გამოვიდა. საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებით რუსეთის ბოლოდროინდელ ნაბიჯებზე 1 მაისსვე ისაუბრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა. მაღალი რანგის დიპლომატიურ შეხვედრაზე ლონდონში მიმავალმა რაისმა თქვა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას პატივი უნდა სცეს და რომ შეერთებული შტატები ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში სამხედრო კონტინგენტების გაზრდის აუცილებლობას, რადგან საქართველო არ აპირებს აფხაზეთზე თავდასხმას. რაისმა დასძინა, რომ ამ საკითხებზე ლონდონში თავის რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, გეგმავს საუბარს.

ამგვარი განცხადებები თბილისისთვის ყოველ ჯერზე მცირე გამარჯვებას წარმოადგენს, რადგან მას ამით საშუალება ეძლევა კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი პოზიცია - რომ რუსეთის ფაქტორი საქართველოს კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის და რომ ამ საფრთხისგან დაცვის საუკეთესო გზა ნატოსა და სხვა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა.

პირველ მაისს სააგენტო ”როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა სიმტკიცის გამოჩენისკენ:

”ვფიქრობ, მოცემულ მომენტში დასავლეთი, დემოკრატიული სამყარო, არ უნდა შედრკეს. იმიტომ რომ საქმე მხოლოდ საქართველოს აღარ ეხება. ეს ბევრად ფართო საკითხია და დანარჩენი ევროპის ფუნდამენტურ ფასეულობებს, პრინციპებს და უსაფრთხოებას ეხება.”

თუმცა ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს იმას, რომ მოსკოვი აპირებდეს შეამციროს საქართველოზე უკანასკნელ კვირებში განხორციელებული ზეწოლა. პირიქით - ის სულ უფრო მეტად მაპროვოცირებელ ნაბიჯებს დგამს. ჯერ, მოგეხსენებათ, მან აფხაზეთს ეკონომიკური სანქციები მოუხსნა და სეპარატისტულ სოხუმსა და ცხინვალთან იურიდიული კავშირები დაამყარა. ახლა კი ამ რეგიონებში საკუთარი მშვიდობის დამცველი კონტინგენტის გაზრდის ინიციატივით გამოდის.

ამ გადაწყვეტილებას მკაცრი შეფასებები მოჰყვა დასავლეთის მხროდან: შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და ნატომ ერთი მეორის მიყოლებით გააკეთეს განცხადებები, რომ ასეთი ნაბიჯი - მიუხედავად იმისა რომ უკანონო არ არის - ძალიან მწვავე პროვოკაცია იქნება.

თუმცა მოსკოვი გადაწყვეტილებას არ ცვლის. და ევროპის პარლამენტის ნაბიჯს თუ არ ჩავთვლით, - რეკომენდაციას, რომ რუსი მშვიდობის დამცველები უფრო ნეიტრალური ძალებით ჩანაცვლდნენ, - არც დასავლეთი ავლენს იმის ნიშნებს, რომ კონფლიქტში აქტიურად აპირებს ჩართვას.
მოსკოვში განთავსებული პოლიტიკური და სამხედრო ანალიტიკური ცენტრის ექსპერტმა სერგეი მარკედონოვმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში თქვა, რომ საერთაშორისო კონტექსტში საქართველოს სეპარატისტული კონფლიქტების აღქმა, შესაძლოა, მართლაც შეიცვალა - თუმცა ამ ცვლილების უკან, ექსპერტის აზრით, მოსკოვზე ბევრად აქტიურად თბილისი დგას:

”საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ეს ორი კონფლიქტი წარმოეჩინა არა როგორც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური, არამედ როგორც ქართულ-რუსული კონფლიქტი. ახლა კი საქართველომ მიზნად დაისახა ეს ორი კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის კონფლიქტად გამოჩნდეს, სადაც საქართველო დასავლეთის მხარეს წარმოადგენს. ამიტომ მე რუს კოლეგებს სიფრთხილისკენ მოვუწოდებდი, რადგანაც სხვის თამაშში ჩართვა - თანაც მაშინ, როდესაც შედეგის განსაზღვრა შეუძლებელია - საუკეთესო გზა არ არის. მე ვფიქრობ, პრაგმატული დიალოგისთვის გარკვეული საფუძველი არსებობს, - მეტიც, ძველ ევროპასთან გარკვეული ”ვაჭრობის” შესაძლებლობაც, - რადგან საქართველოს ქმედებებით ყველა ნამდვილად არ არის აღფრთოვანებული.”

თბილისში ბევრს მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები ერთგვარი სასჯელია საქართველოს მხრიდან ნატოში ინტეგრაციის სურვილის სანაცვლოდ. მაგალითად, შალვა ფიჩხაძემ, ანალიტიკოსმა და თავმჯდომარემ ორგანიზაციისა ”საქართველო-ნატოში”, ჩვენს რადიოსთან საუბარში შეშფოთება გამოთქვა, რომ აფხაზეთში ვითარების დაძაბვა საქართველოს მნიშვნელოვან წინაღობას შეუქმნის ნატოს გზაზე და რუსეთის ნაბიჯებიც ამას ემსახურება.

თუმცა ყველას არ ჰგონია, რომ რუსეთი რეალურად აპირებდეს სიტუაცია სამხედრო დაპირისპირებამდე მიიყვანოს. რადიო ”თავისუფლების” კავკასიის ექსპერტი ლიზ ფულერი, მაგალითად, ამბობს, რომ რუსეთის ნაბიჯები კარგად გათვლილი და კონკრეტული მიზნების მქონე პროვოკაციაა:

”რუსეთის მთავრობას კარგად ესმის, რომ სააკაშვილი, რომელიც ემოციური კაცია, გადაჭარბებულად რეაგირებს ხოლმე ნებისმიერ წარმოსახვით საფრთხეზე, ხმამაღალი განცხადებებით გამოდის და საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს დაცვისკენ მოუწოდებს - იმიტომ რომ რუსეთი მას ჩაგრავს. რუსეთმა ზუსტად იცის, როგორ რეაგირებას მოახდენს სააკაშვილი და, შესაბამისად, ისიც იცის, თუ რა ზღვრამდე შეუძლია თვითონ მისვლა. ცხადია, მოცემულ მომენტში, როდესაც დიმიტრი მედვედევის ინაუგურაცია მომავალ კვირაშია დაგეგმილი, რუსეთი დაძაბულობის შეიარაღებულ კონფლიქტში გადაზრდას არ გარისკავს.”

სერგეი მარკედონოვის თქმით, მოცემულ ვითარებაში სამხედრო კონფლიქტი რეალურად არავისთვისაა ხელსაყრელი.

”არსებითად, სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია არც საქართველოს და არც რუსეთს ხელს არ აძლევს, სხვადასხვა მიზეზების გამო: რუსეთი დასავლეთთან პირისპირ დარჩება და, ამასთან, ამ ნაბიჯს არც დსთ-ს ქვეყნები მოიწონებენ. საქართველოსთვის კი ასეთ ომს, უბრალოდ, კატასტროფული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ამიტომაც ეს კუნთების დემონსტრირება უნდა დამთავრდეს.”

მოცემულ ეტაპზე უკვე ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებით დაგვირგვინდება.

საქართველოს ორივე სეპარატისტულ რეგიონს კოსოვოს პრეცედენტის იმედი ჰქონდა. მაგრამ, ბევრი ექსპერტის თქმით, მოსკოვი, რომელიც ახლო წარსულში საკუთარი სეპარატისტული კონფლიქტებით იყო დაკავებული - იქნებოდა ეს ჩეჩნეთსა თუ სხვაგან - და რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა, ცხინვალის და სოხუმის გულისთვის არ გარისკავს ორმაგი სტანდარტების აქტიურ დამცველად გამოჩნდეს.
XS
SM
MD
LG