Accessibility links

პეტერ სემნები: “სამშვიდობო ოპერაციაში ევროკავშირის ჩართვის საკითხი კონკრეტულად არ განიხილება; თუმცა, გამორიცხული არაფერია...” ინტერვიუ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელთან


1 მაისს, რეიტერის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ის, რაც ბოლო წლებში არაერთხელ უთქვამს:

რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო აქტიურად უნდა ჩაებას საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქმე არ ეხება საქართველოს ტერიტორიის ერთ რომელიღაც ნაწილს, საუბარია მთელი რეგიონის და, საერთოდ, ევროპის უსაფრთხოებაზე. რამდენად მზად არის ევროპა საიმისოდ, რომ მართლაც გაააქტიუროს ძალისხმევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საქმეში?

ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე სალაპარაკოდ დავით კაკაბაძემ ბრიუსელში დაურეკა ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნების.

რადიო "თავისუფლება": ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა ამას წინათ თქვა, რომ ევროპის კავშირი აპირებს, რუსეთთან ურთიერთობა ახლებურად ააწყოს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის უფლებამოსილებას დმიტრი მედვედევი გადაიბარებს. რა სახის ცვლილებებზეა საუბარი? მოახდენს თუ არა ეს ცვლილებები რაიმე გავლენას საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე?

პეტერ სემნები: ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, ნებისმიერი ცვლილება ქვეყნის მთავრობაში, მის უმაღლეს ეშელონებში, იძლევა საშუალებას, კრიტიკულად შეაფასო არსებული ვითარება. რუსეთთან ჩვენს ურთიერთობაში არსებობს მრავალი ისეთი პრობლემა, რომელიც ახალ პრეზიდენტთან, კრემლის ახალ მესვეურებთან ერთად უნდა განვიხილოთ მას შემდეგ, რაც შედგება პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაცემა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩემს პასუხში კავკასიით მინდა შემოვიფარგლო, რადგან ეს არის რეგიონი, რომლისთვისაც უშუალოდ ვარ პასუხისმგებელი. აქ კი, ცხადია, საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობაა ის საკითხი, რომელიც ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და რომელიც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობაზეც ახდენს გავლენას. ამაზე, ვფიქრობ, რუსეთის ფედერაციას უფრო გახსნილად, უფრო ხშირად უნდა ველაპარაკებოდეთ - ყველა დონეზე - რათა მოვძებნოთ საერთო ინტერესები. დარწმუნებული ვარ, არსებული პრობლემების მიუხედავად, საბოლოოდ მივაგნებთ საერთო ინტერესებს, რათა შეიქმნას სტაბილური, საერთო სამეზობლო სივრცე: სამხრეთი კავკასია ხომ, ბოლო და ბოლოს, ევროპის კავშირის მეზობელიც არის და რუსეთისაც. ამ მხრივ რუსეთთან მოლაპარაკება დაგვეხმარება ევროპის როლის უფრო მკაფიოდ განსაზღვრაშიც, ხელს შეუწყობს იმას, რომ რუსეთში უკეთ გაიგონ, რა როლის შესრულება შეუძლია ევროპის კავშირს რეგიონში.

რადიო "თავისუფლება": ენერგეტიკის საკითხი უდავოდ მთავარია რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობაში. კავშირი კარგა ხანია ცდილობს ამ სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას. ამ დროს კავშირის ცალკეული წევრები - მაგალითად, იტალია ან უნგრეთი - მიდიან და რუსეთთან აფორმებენ ორმხრივ ხელშეკრულებებს, რომელიც ძირს უთხრის საერთო სტრატეგიას. რამდენად რეალურია შანსი, რომ ევროპის კავშირი მართლაც შეძლებს, ენერგეტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკა შეიმუშავოს?

პეტერ სემნები: ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება ერთი ხელის დაკვრით ვერ მოხდება. ეს პროცესია. მე ვიტყოდი, რომ ამ პოლიტიკისკენ მიმავალ გზაზე საგრძნობ წარმატებას მივაღწიეთ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭომ ამ ერთი წლის წინათ მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ენერგეტიკის სფეროს სამოქმედო გეგმა 2007-2009 წლებისთვის, რომელიც მიღებულ იქნა 2007 წლის მარტში, საეტაპო დოკუმენტია. მასში ჩამოყალიბებულია ენერგომატარებლების მიწოდების გარანტიები, განსაზღვრულია საკვანძო პროექტები, რომლებიც საერთო ინტერესებს უპასუხებს. მათ რიცხვშია "ნაბუქოს" პროექტი, ტრანსკავკასიური მარშრუტები და ა.შ. ამ გეგმებიდან ბევრი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, მაგრამ მიზნისკენ სვლა გრძელდება.

რადიო "თავისუფლება": წარსულში არაერთხელ მომხდარა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მისამართით რუსეთის პროვოკაციებს დასავლეთის ერთსულოვანი გაკიცხვა არ მოჰყოლია. ამჯერად დასავლეთი გაცილებით უფრო შეხმატკბილებული ჩანს. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ის - კერძოდ კი ევროკავშირი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში? შეიძლება თუ არა, საქმე სანქციებამდე მივიდეს?

პეტერ სემნები: ჯერ ერთი, ევროპის კავშირის პოლიტიკა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას არ გულისხმობს. ჩვენი პოლიტიკა გულისხმობს უფრო აქტიურ ძალისხმევას კონფლიქტების მოგვარების საქმეში, ევროკავშირის წვლილს, ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებს, კონფლიქტების ხასიათის იმგვარად შეცვლას, რომ კონფლიქტის რეგიონის მოსახლეობას ახალი შესაძლებლობები და ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება მიეცეს. იმისთვის, რათა ევროკავწირის პოლიტიკამ შედეგი გამოიღოს, აუცილებლად უნდა დავინტერესდეთ აფხაზების, ოსებისა და სხვა უმცირესობების პრობლემებით. ასე რომ, ჩვენ მარტო ტერიტორიულ მთლიანობაზე არ ვსაუბრობთ. ხოლო რაც შეეხება თქვენს შეკითხვას შესაძლო სანქციების შესახებ, არა, ამ საკითხზე დისკუსია არ მიმდინარეობს.

რადიო "თავისუფლება": საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროპა მეტს უნდა აკეთებდეს. 1 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა რეიტერის სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ერთ რომელიღაც ნაწილს. საუბარია ევროპის უსაფრთხოებაზე და ამდენად ევროპას თავად უნდა სურდეს, უფრო აქტიურად ჩაებას საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებაში.

პეტერ სემნები: რა თქმა უნდა, საქართველო ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხის ნაწილია; მით უფრო ევროკავშირის ბოლო გაფართოების შემდეგ, როცა ეს რეგიონი კავშირის უშუალო მეზობლად იქცა. ეს ეხება როგორც სამხრეთ კავკასიას, ისე შავი ზღვის გაფართოებულ რეგიონს, რომელიც უკრაინასა და მოლდავეთსაც შეიცავს. ამ მხრივ სავსებით მართალია, რომ საქართველო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

რადიო "თავისუფლება": ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოსთან თანამშრომლობის კომიტეტის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის მისამართით გამოთქმულია რეკომენდაცია, აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალები საერთაშორისო ძალით ჩაანაცვლოს. უნდა ველოდეთ თუ არა ამ რეკომენდაციაზე რეაქციას? მოსალოდნელია თუ არა ევროკავშირის მხრიდან რაიმე ნაბიჯები აფხაზეთის საკითხის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით?

პეტერ სემნები: თუ აფხაზეთის საკითხის ინტერნაციონალიზაციაზე საუბრობთ, ვფიქრობ, ეს უკვე ხდება. ევროკავშირის მოქმედება, ევროკავშირის განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები ჩვენი პრობლემაც არის და რომ ჩვენ მზად ვართ, მათს მოგვარებაში წვლილი შევიტანოთ. რაც შეეხება სამშვიდობო ოპერაციას, ფორმატის შეცვლასა და საქმეში ევროპის შესაძლო ჩართვას, ამჟამად ეს საკითხი კონკრეტულად არ განიხილება. მაგრამ, როგორც ევროპის სხვა ოფიციალურ პირებსაც უთქვამთ, გამორიცხული არაფერია. თუ მხარეებს სურთ, ევროპის კავშირი უფრო აქტიურ როლში იხილონ, კავშირი ამ შესაძლებლობასაც განიხილავს. ცხადია, გვაშფოთებს - განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე - ის გარემოება, რომ ამჟამად მოქმედი სამშვიდობო ძალა ყველა მხარის ნდობით არ სარგებლობს.

რადიო "თავისუფლება": რუსეთის გადაწყვეტილებას, აფხაზეთში თავისი სამშვიდობო კონტინგენტი გაეზარდა, დასავლეთის ლიდერთა მკვეთრი განცხადებები მოჰყვა. მაგრამ მოსკოვი ამ განცხადებებს, როგორც ჩანს, დიდ ყურადღებას არ აქცევს. რა მოხდება ამის შემდეგ? რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს ზეწოლის გასაძლიერებლად?

პეტერ სემნები: ეს სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა და ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რა მოხდება ამის შემდეგ; ან იმაზე, როგორი იქნება ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია ამა თუ იმ სცენარის შემთხვევაში. ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა სამშვიდობო ინიციატივას, ხელი შევუწყოთ უშუალო დიალოგის წარმართვას ქართველებსა და კონფლიქტის რეგიონების მოსახლეობას შორის. ამ მხრივ აღსანიშნავია პრეზიდენტ სააკაშვილის უკანასკნელი სამშვიდობო გეგმა, რომელიც, ვფიქრობ, სერიოზულ განხილვას იმსახურებს.

რადიო "თავისუფლება": ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობის მიუხედავად, რომელიც თქვენ ახსენეთ, ევროპის კავშირის ორი წამყვანი წევრი - გერმანია და საფრანგეთი - აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას. მათი ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის პროვოცირების ტოლფასი იქნებოდა. ხომ არ გგონიათ, რომ MAP-ის არმინიჭებამ რუსეთს აფიქრებინა, ეს ტერიტორია ჩემი გავლენის სფეროა და ახლა როგორც მინდა, ისე მოვიქცევიო. და მოახდენს თუ არა რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები რაიმე გავლენას საფრანგეთისა და გერმანიის პოზიციაზე დეკემბერში, როცა MAP-ის საკითხი კვლავ დადგება დღის წესრიგში?

პეტერ სემნები: ეს საკმაოდ რთული შეკითხვაა და ახლა არ მინდა ვიმარჩიელო იმაზე, როგორი იქნება რუსეთის ან ნატოსა და ევროკავშირის ცალკეული წევრების პოზიციები ან მოტივაცია. მაგრამ აშკარაა, რომ ბუქარესტის სამიტზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ერთგვარი გაურკვევლობა დაგვიტოვა. ვფიქრობ, ევროპის კავშირის ამოცანაა - და იქნებ პასუხისმგებლობაც - ხელი შეუწყოს ამ გაურკვევლობის დაძლევას, თუნდაც მისი ხარისხის შემცირებას; ზრუნვას იმაზე, რომ მიღწეულ იქნეს ერთიანობა ისეთ საკვანძო საკითხებში, როგორიც არის კონფლიქტები და საქართველოს წინაშე მდგარი და, საერთოდ, რეგიონში არსებული სხვა პრობლემები.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG