Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ბოლო დღეებში დასავლეთში, პრაქტიკულად, არ გამოსულა არც ერთი წამყვანი გამოცემა საქართველოს შესახებ პუბლიკაციის გარეშე.

კერძოდ, აფხაზეთის გარშემო რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობას სტატიებს უძღვნიან ისეთი გაზეთები, როგორიცაა “ნიუ-იორკ ტაიმსი”, “ვაშინგტონ პოსტი”, “ინდეპენდენტი”, “გარდიანი”, “აირიშ ტაიმსი”, “დეილი ტელეგრაფი”, “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი”, “თიურკიშ დეილი ნიუსი”, “ეკონომისტი”.

“რუსეთი და საქართველო იარაღს აჟღარუნებენ” - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში “ეკონომისტი” თავდაპირველად მიუთითებს ერთსულოვნებაზე, რომელსაც ერთ შეფასებაში მაინც ავლენენ საქართველო და რუსეთი: ორვე აღიარებს, რომ ვითარება სეპარატისტულ პროვინცია აფხაზეთში ცუდია და სულ უფრო უარესდება. ეს არის და ეს. სხვა საკითხებში აზრთა სხვაობა სუფევს. მათ შესახებ მსმენელისთვის კარგად არის ცნობილი: იქნება ეს ქართული მხარის ბრალდება, რომ რუსეთი უკანონოდ ზრდის სამშვიდობო კონტინგენტს, თუ რუსული მხარის ბრალდება, რომ პირიქით - საქართველო არღვევს შეთანხმებებს, როცა ზრდის სამხედრო წარმომადგენლობას კოდორის ხეობაში.

რაც შეეხება აფხაზეთში შექმნილი ვითარების ზოგად შეფასებას, ეკონომისტში ვკითხულობთ: “ყველაზე პესიმისტური ინტერპრეტაცია არის ის, რომ კრემლი, დაასკვნა რა, რომ დასავლეთი მეტისმეტად გაყოფილია და თან სხვა საკითხებით დაკავებული საიმისოდ, რომ საქართველოზე იზრუნოს, აძლიერებს ზეწოლას მომცრო მეზობლის დესტაბილიზაციისა და შესაძლოა, ამჟამინდელ ხელისუფალთა უფრო პრომოსკოვური ორიენტაციის ძალებით შეცვლის მიზნით. თუ ასეა, სერიოზული სისხლისღვრის შიში უნდა გვქონდეს.” ამ პესიმისტურ ინტერპრეტაციას ვეცნობით “ეკონომისტში”.

სტატიის ავტორის შეფასებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა იოლი არ არის. მთავარი შეკითხვაა, რამდენად შორს წავა რუსეთი. “რუსეთს ოფიციალურად არ უღიარებია აფხაზეთი და (...) სამხრეთი ოსეთი. მაგრამ პრეზიდენტის 16 აპრილის განკარგულება ითვალისწინებს იურიდიული კავშირების დამყარებას ორივე რეგიონთან. ეს, შესაძლოა, იყოს უბრალოდ სიმბოლური რეაქცია დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარებაზე, ან, შესაძლოა, აღმოჩნდეს ორივე ტერიტორიის დე-ფაქტო ანექსიის პრელუდია, როგორც ამას საქართველო ირწმუნება. თუ რუსეთს ზედმეტი მოუვიდა, შესაძლოა გარე სამყარომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აფხაზეთში მისი სამშვიდობო ძალების ლეგიტიმურობა”.

“ეკონომისტის” შემდეგ თქვენს ყურადღებას ბრიტანეთშივე გამომავალ “ინდეპენდენტს” მივაპყრობთ - სტატიას მრავლისმეტყველი სათაურით “რუსეთი კოლონიური საფრთხობელასავით იქცევა”.

სტატიაში ჩამოთვლილია ჯერ ბოლო ორი კვირის მოვლენები, მათ შორის აფხაზეთში 20 აპრილის საჰაერო ინციდენტი, რის შედეგადაც რუსეთს და საქართველოს შორის ისედაც დაძაბულმა ურთიერთობამ, ინდეპენდენტში გამოთქმული შეფასებით, “დუღილის წერტილს” მიაღწია. შემდეგ კი მოყვანილია ბოლო წლების ქრონიკა: დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალების გამარჯვება “ვარდების რევოლუციაში”, რამაც რუსეთის მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია; სააკაშვილის და პუტინის არცთუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა; სავაჭრო ემბარგო საქართველოს წინააღმდეგ; გაზმომარაგების დროებით შეწყვეტა და ა.შ.

როგორც “ინდეპენდენტში” ვკითხულობთ:
“თავისზე მომცრო და სუსტ საქართველოში რუსეთი სინდისის ქენჯნის გარეშე იქცევა კოლონიურ საფრთხობელასავით. მოსკოვმა ისიც იცის (რახან ევროპელებმა ბოლოხანს დაბლოკეს ნატოსთან საქართველოსა და უკრაინის სწრაფი ტემპით დაახლოება), რომ დასავლეთი თავს არ გრძნობს მოვალედ, სასწრაფოდ დაეხმაროს საქართველოს”.

თურქეთში გამომავალი ინგლისურენოვანი “თიურქიშ დეილი ნიუსი” კი ყურადღებას ამახვილებს ნატოს პოზიციაზე, რომ ნატოს პრეს-მდივან ჯეიმს აპატურაის განცხადებით, რუსეთი რეგიონში დაძაბულობას ამწვავებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში ბოლოდროინდელი ნაბიჯებით. სტატიაში მომოხილულია ამჟამინდელი დაძაბულობის გამომწვევი მიზეზები.

შემდეგ კი “თიურქიშ დეილი ნიუსში” ვკითხულობთ: “კრიზისმა კავკასიის მომცრო ქვეყანას, ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის ენერგეტიკულ დერეფანსა და მის ყოფილ საბჭოთა მბრძანებელს შორის, განგაში გამოიწვია ნატოელ მოკავშირეებში, რომლებიც საქართველოში ნატოს მომავალ წევრს ხედავენ. ალიანსის ელჩებმა “ცალსახად და ერთხმად” გამოთქვეს თავიანთი შეშფოთება რუსეთის ნაბიჯების გამო, რომელთა მიზანიცაა იურიდიული კავშირების დამყარება აფხაზეთთან და მეორე სეპარატისტულ რეგიონთან, განაცხადეს რა, რომ ეს ძირს უთხრის საქართველოს სუვერენობას”.

ამავე სტატიაში მოყვანილია ნატოში რუსეთის ელჩის, დმიტრი როგოზინის განცხადება, გაკეთებული “როიტერსთან” ინტერვიუში, რომ საქართველო ცდილობს კონფლიქტში ნატოსა და ევროკავშირის ჩათრევას.

როგოზინის განცხადება მოჰყავს გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” დაბეჭდილი სტატიის ავტორსაც, ოღონდ სხვა განცხადება - ის ეხება საჰაერო ინციდენტს, რომელიც 20 აპრილს აფხაზეთში მოხდა. “ვაშინგტონ პოსტში” მოყვანილია როგოზინის განცხადება, რომ “მიგ-29”, რომელმაც ქართული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, შესაძლოა, ნატოს რომელიმე წევრ სახელმწიფოს ეკუთვნოდა. საქმე ის არის, რომ ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მართლაც ჰყავთ სამხედრო არსენალში რუსული წარმოების არაერთი “მიგ-29”. თუმცა, მართლაც რომ ძნელი წარმოსადგენია, რომელიმე ამ ქვეყნიდან “მიგი” აფხაზეთში შეფრენილიყო ...

“ვაშინგტონ პოსტში” ვკითხულობთ ცნობილ ფრაზას, რომელსაც ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერს მიაწერენ - რომ ის მზად არის, თავისი ჰალსტუხი შეჭამოს, თუ გაირკვა, რომ ნატოს “მიგ-29” რატომღაც აღმოჩნდა აფხაზეთში და ქართული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო...

დაბოლოს, სტატიის შესახებ, რომელსაც შვეიცარიის ყოველდღიური “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი” ბეჭდავს. სხვათა შორის, სტატიის ავტორი ცნებას “მშვიდობისდამცველები” ბრჭყალებში სვამს, როცა საქმე აფხაზეთში განთავსებულ რუს სამხედროებს ეხება. ასეა დასავლეთის არაერთი სხვა გაზეთის სტატიებშიც, რაც არაორაზროვნად გამოხატავს სკეპტიციზმს, რომელსაც დასავლელ მიმომხილველებშიც იწვევს რუსული სამშვიდობო მისიის მიზნები.

რაც შეეხება “ნოიე ციურხერ ცაიტუნგს”, ის წერს: “ის, რომ მოსკოვი “მშვიდობისდამცველების” სახით თავის სამხედრო ძალებს ზრდის რეგიონში, თბილისისთვის პროვოკაციაა. პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობამ ბოლოხანს ბევრჯერ მოითხოვა ამ შენაერთების ჩანაცვლება სხვა ძალებით, რადგან საქართველო მოსკოვს არ მიიჩნევს ნეიტრალურ ძალად ამ კონფლიქტში. (...) თბილისი შეეცადა ნატოს დარწმუნებას შექმნილი ვითარების სიმძიმეში. ის კი არა, წამოაყენა წინადადება, რომ ნატოს დაქვემდებარებულ ძალებს დაევალოს (აფხაზეთში) ზავის დაცვის მეთვალყურეობა. თბილისში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შიშობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ ცდილობს საგარეო-პოლიტიკური საფრთხეების გაზვიადებას, რათა შიდაპოლიტიკური შეცდომებიდან მათზე გადაიტანოს ყურადღება”.
XS
SM
MD
LG