Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების მოლოდინში


ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასრულების მე-15 წლისთავზე

საქართველო კონფლიქტის ზონაში რუსი ცისფერჩაფხუტიანების ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალებით ჩანაცვლების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ თბილისში გასულ კვირას, ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრაზე, გაახმიანა. ამასთან, თბილისში აცხადებენ, რომ აფხაზეთში ევროკავშირის სამშვიდობო ძალის გამოჩენას არც ევროკავშირის ხელმძღვანელობა გამორიცხავს. რას წარმოადგენს ევროკავშირის სამხედრო ძალა და რამდენად რეალურია მისი განლაგება აფხაზეთის ტერიტორიაზე?

გასულ კვირაში, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოსთან თანამშრომლობის კომიტეტის დელეგაციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის მისამართით გამოთქმულია რეკომენდაცია, აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალები საერთაშორისო ძალით ჩაანაცვლოს. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე შოთა მალაშხია განმარტავს, რომ საუბარია ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალებზე, რომლის სამშვიდობო მისიით გამოგზავნის შესაძლებლობას, თურმე, არც საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხების უმაღლესი წარმომადგენელი ხავიერ სოლანა გამორიცხავს:

[შოთა მალაშხია]: ”ხავიერ სოლანამ ორჯერ გააკეთა განცხადება - თუ იქნება გაეროს თანხმობა, ჩვენ მზად ვართ კონტინგენტი შემოვიყვანოთო საქართველოში.”

10 წლის წინ ევროკავშირის სწრაფი რეაგირების კორპუსის შექმნის ინიციატორები იყვნენ საფრანგეთი და გერმანია, რომლებსაც, გავრცელებული მოსაზრებით, ასეთი ძალების შექმნის აუცილებლობა, ერთი მხრივ, ბალკანეთის მწარე გამოცდილებამ, მეორე მხრივ კი, ევროპის საზღვართან არსებულმა გაყინულმა საომარმა კონფლიქტებმა უკარნახეს. ევროკავშირის ოფიციალური საიტის თანახმად, ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალები 60 ათას ჯარისკაცს მოითვლის. ევროპული საკითხების ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ, შესაბამისი მანდატის არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირს შეუძლია სამხედრო ძალა სამშვიდობო მიზნებისთვის გამოიყენოს როგორც ბლოკის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ:

[კახა გოგოლაშვილი]: ”ეს ძალები გამოიყენება რამდენიმე მიზნით, შეთანხმების მიხედვით. პირდაპირი თავდაცვისთვის, რა თქმა უნდა; სამშვიდობო ოპერაციებისთვის; და ”ფის ენფორსმენტის” და ”ფის ქიფინგისთვის”, ორივე შემთხვევაში. სუდანში, და რამდენიმე სხვა ადგილას გამოიყენეს. კოსოვოში აპირებენ ნატოს ჯარების ნელნელა შეცვლას.” (სტილი დაცულია)

ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალებში შეიარაღებაც საკმაოდ მრავალფეროვანია. ოფიციალური საიტის თანახმად, ევროპის ბლოკის ჯარები იყენებენ მასში შემავალი ქვეყნების - ძირითადად, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და იტალიის - მძიმე ტექნიკას, ფლოტს და ავიაციას. ევროკავშირის სამხედრო ძალების შტაბის ხელმძღვანელია ფრანგი გენერალი ჰენრი ბენტეგიტი, რომელიც მანამდე საფრანგეთის გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა და ნატოს სარდლობაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. და, საერთოდაც, როგორც ევროპული საკითხების ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ამბობს, ევროკავშირის სამხედრო ძალა იმავე ოპერაციული შესაძლებლობებით სარგებლობს, რაც ნატოს გააჩნია:

[კახა გოგოლაშვილი]: ”პრაქტიკულად, ამ ძალების მართვა ხდება იგივე ოპერაციული შესაძლებლობებით, რაც ნატოს გააჩნია. ეს იგივე ძალებია პრაქტიკულად, და იგივე შტაბებია და იგივე, ასე ვთქვათ, მართვის სისტემებია. უბრალოდ პოლიტიკური დაყოფა არსებობს - ევროკავშირის გადაწყვეტილებით მოქმედებენ, თუ ნატოს ეგიდით მოქმედებენ. ანუ ამ ძალების დაყოფა არის ძირითადად პოლიტიკური.” (სტილი დაცულია)

აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროკაშირის სამშვიდობო ძალების გამოყენების საკითხი ორი წლის წინ განიხილებოდა მოლდავეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთის კონფლიქტში. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებასაც აქვს უფლება მოითხოვოს აფხაზეთის კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია. როგორც ცნობილია,
გასულ კვირაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოსთან თანამშრომლობის კომიტეტის დელეგაციამ შესაბამისი რეკომენდაცია უკვე მოამზადა. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ნაკაშიძე უშუალოდ მასპინძლობდა ევროპელ პარლამენტარებს.

[ნინო ნაკაშიძე]: ”ამ განცხადებით მიმართავენ სოლანას, და ეცდებიან, რომ შემდეგ კვირაში მიიღონ რეზოლუცია. და ეს რეზოლუცია დააყენონ დარბაზში, ევროპარლამენტში, კენჭისყრაზე.” (სტილი დაცულია)

მაგრამ საინტერესოა, თუ რა რეაქციას უნდა ველოდეთ ევროპის პარლამენტის კედლებში ამ რეკომენდაციაზე, მოსალოდნელია თუ არა ევროკავშირის მხრიდან რაიმე ნაბიჯები აფხაზეთის საკითხის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. სამხრეთ კავკასიაში ევროკაშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პეტერ სემნებიმ რადიო ”თავისუფლების” შეკითხვაზე გაიმეორა, რომ ”გამორიცხული არაფერია”:

[პეტერ სემნები] ”თუ აფხაზეთის საკითხის ინტერნაციონალიზაციაზე საუბრობთ, ვფიქრობ, ეს უკვე ხდება. ევროკავშირის მოქმედება, ევროკავშირის განცხადებები ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები ჩვენი პრობლემაც არის და რომ ჩვენ მზად ვართ მათ მოგვარებაში წვლილი შევიტანოთ. რაც შეეხება სამშვიდობო ოპერაციას, ფორმატის შეცვლასა და საქმეში ევროპის შესაძლო ჩართვას, ამჟამად ეს საკითხი კონკრეტულად არ განიხილება. მაგრამ, როგორც ევროპის სხვა ოფიციალურ პირებსაც უთქვამთ, გამორიცხული არაფერია. თუ მხარეებს სურთ, ევროპის კავშირი უფრო აქტიურ როლში იხილონ, კავშირი ამ შესაძლებლობასაც განიხილავს. ცხადია, გვაშფოთებს - განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე - ის გარემოება, რომ ამჟამად მოქმედი სამშვიდობო ძალა ყველა მხარის ნდობით არ სარგებლობს.”

საქართველოში იმედოვნებენ, რომ რუსეთის არამეგობრული მოქმედება აფხაზეთში - საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით სეპარატისტულ ხელისუფლებასთან პირდაპირი კონტაქტები და ჭარბი სამხედრო ძალისა და ტექნიკის შეყვანა - საერთაშორისო თანამეგობრობას აიძულებს უფრო აქტიურად ჩაებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარებაში. თუმცა ნინო ნაკაშიძე, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, იმასაც ამბობს, რომ რუსეთის სამშვიდობო ნაწილების ევროკავშირის ძალით ჩანაცვლება იოლად და სწრაფად ვერ მოხდება:

[ნინო ნაკაშიძე]: ”რამდენად განხორციელდება თვითონ ჯარების შემოყვანა ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ დაფიქსირდა პირველად, წერილობითი ფორმით, ასეთი მიმართვა, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. იმიტომ, რომ აქამდე ამგვარი პრეცედენტი ჩვენ არ გვქონია.” (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG