Accessibility links

logo-print

მესამე სექტორი ამომრჩევლებს სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას ასწავლის


პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების სიმრავლის მიუხედავად, საქართველოში ჩატარებული არჩევნები, როგორც წესი, ნდობის მაღალი

ხარისხით ვერ გამოირჩევა. მოქალაქეებისათვის კონსტიტუციითა და ორგანული კანონით მინიჭებული უფლებები ირღვევა როგორც წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ასევე უშუალოდ კენჭისყრის დღეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არჩევნების პროცესში გამოვლენილი დარღვევების სიმრავლე პირდაპირ კავშირშია დაბალ სამოქალაქო შეგნებასა და საარჩევნო პროცედურების უცოდინრობასთან. ვითარების შესაცვლელად ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” და ”სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო საზოგადოებამ” არჩევნებამდე დარჩენილ დროში მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტოტურის მოწყობა და რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისათვის საარჩევნო პროცედურების დეტალური გაცნობა გადაწყვიტა. როგორ აპირებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ამომრჩევლების დახმარებით, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას?

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქართველოში არაერთი ადგილობრივი, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო -არჩევნები ჩატარდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ცუდად იცნობს საკუთარ უფლებებს და, შესაბამისად, არ იცის როგორ მოიქცეს, როცა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი კანონს არღვევს.

[მამაკაცის ხმა] „სულ თავიდან რამდენიმე ადამიანი მარკირების გარეშე გაუშვეს, ანუ მიაცემინეს ხმა და მარკირება არ გაუკეთეს.“

[ქალბატონის ხმა] „ეს რა შეცდომა დაუშვეს! რა ვქნა, არ ვიცი. ამ უბანში არ ვყოფილვარ ჩაწერილი, რეგისტრაციაში გამატარეს და ახლა სხვაგანაც ვერ ვაძლევ ხმას...“

ეს მოქალაქეები რადიო ”თავისუფლებამ“ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩაწერა. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე კი ამბობს, რომ, ცოდნის თვალსაზრისით, ამომრჩევლები დიდად არც უკანასკნელი სამი-ოთხი თვის განმავლობაში შეცვლილან. “აირჩიე მომავალი, წადი არჩევნებზე” - ასე ჰქვია სააგიტაციო კამპანიას, რომელსაც ახალგაზრდა იურისტები და „სამართლიანი არჩევნების საზოგადოება“ ხუთიდან 13 მაისამდე საქართველოს რეგიონებში გამართავენ.

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „კამპანიის მიზანია, რაც შეიძლება მეტად მივაწვდინოთ ინფორმაცია საზოგადოებას არჩევნების მნიშვნელობასთან დაკავშირებით - ის, რომ უნდა წავიდნენ არჩევნებზე - და საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებით, თუ რა უფლებები აქვთ ამომრჩევლებს, რა პროცედურა უნდა გაიარონ.“ (სტილი დაცულია)

სულ, გიორგი ჩხეიძის თქმით, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლები სპეციალური ავტოტურით ოცდაშვიდ რაიონულ ცენტრს მოივლიან. იმისათვის, რომ არჩევნების იმიტაციაში მოქალაქეების მაქსიმალურმა რაოდენობამ მიიღოს მონაწილეობა, რადიო და ტელეარხებით სისტემატურად გადაიცემა სარეკლამო რგოლები.

[სარეკლამო რგოლი] „ჩვენი მოხალისეები ჩამოვლენ თქვენთან. გაავრცელებენ არჩევნებთან დაკავშირებულ სადისტრიბუციო მასალებს და ჩაატარებენ არჩევნების დღის პროცედურების როლურ თამაშებს, რომლებშიც მონაწილეობას თქვენც მიიღებთ. 5-დან 13 მაისამდე ჩვენ გესტუმრებით. დაგველოდეთ და ისწავლეთ ჩვენთან ერთად.“

პროექტში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით.
ხორციელდება, ”ახალგაზრდა იურისტებისა” და ”სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები. სპეციალურად ამ კამპანიისთვის გაფორმებულ ავტობუსებს ასევე გაჰყვება ჯგუფი “ფრანი”, რომლის სოლისტი, გაგა ჩიხლაძე, მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს როლურ თამაშებში..

[გაგა ჩიხლაძის ხმა] „არაპოლიტიზირებული ჯგუფი ვართ. საერთოდ, ვცდილობთ, რომ მოვერიდოთ ყველაფერს. ეს შემოთავაზება კი არ იყო აგიტაცია რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ; იდეაც მოგვეწონა, იმიტომ რომ ამათი დევიზი, არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა, მისაღებია ჩვენთვისაც და სწორიცაა. ადამიანი, რომელიც არჩევნებზე არ მისულა და მერე, ყველაფერი რომ დამთავრდება და მიტინგზე გამოვა სიტყვით და იტყვის, არჩევნები გაყალბდაო, არ იქნება მართალი.“(სტილი დაცულია)

თუმცა გაგა ჩიხლაძე გამოთქვამს იმედს, რომ ამომრჩეველი იაქტიურებს და, შედეგად, 21 მაისის არჩევნები არ გაყალბდება და არც ხალხმრავალი მიტინგების ჩატარება გახდება საჭირო. ამგვარი ოპტიმიზმის საბაბს იძლევა თბილისელთა ერთი ნაწილის განწყობაც:

[ქალბატონის ხმა] „ძალიან დიდი იმედი მაქვს და ვნახოთ, რა იქნება. ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები მოიტანს ადამიანის უფლებების დაცვის მეტ გარანტიას და ადამიანი თავს იგრძნობს ადამიანად.“

[ქალბატონის ხმა] „ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.“

სწორედ იმისათვის, რომ მოლოდინი არ გაუწბილდეთ, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და ”სამართლიანი არჩევნების საზოგადოება”კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიყენონ კანონით მინიჭებული უფლება და, რჩეული პარტიისა და კანდიდატისათვის ხმის მიცემით, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის მართვაში.




XS
SM
MD
LG