Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარისკაცების დაღუპვამ ერაყში ქართული ქვედანაყოფების გამოყვანის მოთხოვნა გააძლიერა


გასული კვირის ბოლოს ერაყში ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვამ ქართულ საზოგადოებაში გააძლიერა სკეპტიციზმი ერაყში ქართული ქვედანაყოფის

შემდგომი ყოფნის თაობაზე. ოპონენტები საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ერთი წლის წინ, შემცირების ნაცვლად, სახიფათოდ გააორმაგა სამხედრო ქვედანაყოფის რაოდენობა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში და თანაც, დაპირების მიუხედავად, კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივა სამშვიდობო მისია ერაყში.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2007 წლის ივლისიდან ქართული ქვედანაყოფის რაოდენობა ერაყში 2000 კაცამდე გაიზარდა. პარლამენტის დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ ქართული მშვიდობისდამცველები ერაყში 2008 წლის ივლისამდე დარჩებოდნენ და შემდეგ დაიწყებოდა მათი ეტაპობრივი გამოყვანა. მაგრამ, როგორც რადიო ”თავისუფლებისთვის” გახდა ცნობილი, ერაყის ქართული ქვედანაყოფი, რომელიც სიდიდით მესამეა, ამერიკული და ბრიტანული კონტინგენტის შემდეგ, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში წლის ბოლომდე დარჩება. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით ორი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, საბედისწერო შეცდომას უწოდებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანოს სამხედრო ნაწილები ერაყიდან და ასევე უარი თქვას ახალ სამხედრო მისიაზე ავღანეთის უსაფრთხოების ოპერაციაში:

[სოსო შატბერაშვილი] “ნაცვლად იმისა, რომ სააკაშვილმა იზრუნოს თავისი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებასა და საქართველოს გამთლიანებაზე, იქიდან [ერაყიდან] ცინკის კუბოებით ასვენებენ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც გუშინწინ აფეთქდნენ ნაღმზე. პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებს და, მეორე მხრივ, მოვითხოვთ დაუყოვნებლივ იქნას გამოყვანილი ამ ქვეყნებიდან ქართული საჯარისო კონტინგენტი, იმ ფონზე, როდესაც ამერიკის მოკავშირეებს ეს უკვე დიდი ხანია გაკეთებული აქვთ.”(სტილი დაცულია)

ერაყიდან ქართული ქვედანაყოფის გამოყვანის მოთხოვნას სავსებით ლეგიტიმურს უწოდებს სახელისუფლებო საპარლამენტო პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის ახალი სახე, უსაფრთხოების ექსპერტი დავით დარჩიაშვილი. თუმცა, როგორც დავით დარჩიაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს პოლიტიკოსებმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით უნდა იხელმძღვანელონ:

[დავით დარჩიაშვილი] ”ზოგადად საქართველოს სახელმწიფო ინტერესები რამდენად იქნება დაცული, გარანტირებული, გამომდინარე ქართულ-ამერიკული ურთიერთობიდან, ქართულ-ამერიკულ-რუსული სამკუთხედიდან. ჩვენ რუსეთთან გვაქვს სერიოზული დავა და პრაქტიკულად ერაყში დგომით ჩვენ რუსეთს ვუპირისპირდებით, იმიტომ რომ ამით ვდგევართ მოკავშირესთან ერთად, რომელიც გვეხმარება რუსეთთან დაპირისპირებაში.”(სტილი დაცულია)

თუმცა განსხვავებული აზრი აქვს პროდასავლური ლიბერალური ღირებულებების მომხრე ზოგიერთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომელიც ვაშინგტონის მიერ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურად ცნობის შემდეგ ისედაც ამრეზილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებზე. გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრმა, კონსერვატორმა კახა კუკავამ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ საქართველომ ერაყში თავისი სამხედრო მისია უპირობოდ უნდა შეწყვიტოს:

[კახა კუკავა] ”საერთოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ახლა არ არის იმ ეტაპზე, რომ ჩვენ გვყავდეს იქ ყველაზე დიდი კონტინგენტი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბევრ საკითხში დაიკავა ანტიქართული პოზიცია და მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო ახლა კუდის ქიცინი.”

პოლიტიკური დაპირისპირება ერაყში სამხედრო მისიის გაზრდის თაობაზე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ყოველთვის არსებობდა. თუმცა საკითხი გამწვავდა მას შემდეგ, რაც სამხედრო რაოდენობის გაზრდას ჯარისკაცების დაღუპვა მოჰყვა. შარშანდელი ოქტომბრიდან მოყოლებული, ქართულმა კონტინგენტმა ერაყში 4 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. პირველი სუიციდის მსხვერპლი გახდა, მეორე ავტოავარიაში დაიღუპა; 2 მაისს კი ერაყის პროვინცია დაილაში, თვითნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად, ლეიტენანტი გიორგი მარგიევი და კაპრალი ზურაბ გვენეტაძე დაიღუპნენ. სულ ერაყში ქართული დროშის ქვეშ ამჟამად 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.


  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG