Accessibility links

logo-print

საქართველო დსთ-ის ჰაერსაწინააღმდეგო ხელშეკრულებიდან ოფიციალურადაც გამოვიდა


კვირის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად შეწყვიტა მონაწილეობა

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის გაერთიანებულ საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებაში, რომელშიც ქვეყანა ფორმალურად 1995 წლიდან იმყოფებოდა. თბილისში ასეთ ნაბიჯს განიხილავენ როგორც დიპლომატიურ პასუხს რუსული გამანადგურებლის მიერ 20 აპრილს ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, რამაც ორ ქვეყანას შორის ვითარება უკიდურესად გაამწვავა. ექსპერტები და პოლიტიკოსები თბილისში ერთ ხმაში ამტკიცებენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამოსვლა საქართველოს უსაფრთხოებას არაფრით არ ემუქრება. ზოგიერთი არც იმას გამორიცხავს, საქართველოს ხელისუფლება დსთ-ის შემადგენლობიდან გამოსასვლელად ნიადაგს ამზადებდეს.

საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორდა. თბილისი დემონსტრაციულად გამოვიდა თანამეგობრობის გაერთიანებული თავდაცვის სისტემიდან, რომელსაც 1995 წლის 10 თებერვალს პოსტსაბჭოთა ქვეყნების 10-მა ლიდერმა მოაწერა ხელი.


აღნიშნულ სისტემას უნდა უზრუნველეყო დსთ-ის საჰაერო სივრცის დაცვა და მონაწილე ქვეყნებზე საჰაერო თავდასხმის თავიდან აცილება. თუმცა, როგორც საქართველოს საჰაერო ჯარების ყოფილი სარდალი, გადამდგარი გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, ხელშეკრულების ხელმოწერიდან რამდენიმე წლის შემდეგ დოკუმენტმა, ფაქტობრივად, ძალა დაკარგა საქართველოსათვის, რომლის საჰაერო სივრცეს, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, სწორედ მთავარი ხელშემკვრელი მხარე - რუსეთი - არღვევდა.

[ამირან სალუქვაძე] ”ეს იყო ხელშეკრულება ხელშეკრულებისათვის, იმიტომ რომ, რუსეთი აქეთ არღვევდა ჩვენს საჰაერო სივრცეს და იქით გვიწევდა იმის დამტკიცება, რომ ისინი არღვევდნენ და რა ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა უნდა ყოფილიყო? წელი არ ყოფილა, ალბათ, ისეთი, რომ რუსეთს არ დაებომბა ჩვენი ტერიტორიები.” (სტილი დაცულია)


რუსეთი არ ბომბავდა, მაგრამ ერთიან საჰაერო სისტემაში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი თქვეს აზერბაიჯანმა და მოლდავეთმა. 1997 წლიდან ხელშეკრულებაში მონაწილეობა შეაჩერა თურქმენეთმა, ხოლო უკრაინამ და ყაზახეთმა არჩიეს პირდაპირ გაეფორმებინათ ხელშეკრულება რუსეთთან. საქართველოსაც ფორმალურად შეჩერებული ჰქონდა ხელშეკრულებაში მონაწილეობა, თუმცა თბილისი არ ჩქარობდა გამოსულიყო ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან მანამდე, სანამ ქვეყანა არ აღადგენდა საკუთარ საჰაერო თავდაცვის სარადარო პარკს და არ ჩაერთვებოდა ნატოს საჰაერო მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემაში, რასაც 5 წლიანი დაძაბული მუშაობა დასჭირდა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე უკვე ინტეგრირებულია ნატოს საჰაერო მონაცემთა ურთიერთგაცვლის სისტემაში, რის გამოც ქვეყნის ყოფნამ დსთ-ის ანალოგიურ ხელშეკრულებაში აზრი საბოლოოდ დაკარგა:

[ბათუ ქუთელია] ”ეს სისტემა რეალურად უკვე მუშაობს, ტექნიკურად უკვე დამუშავებული არის. ახლა რაღაც ტექნიკური დეტალების დახვეწა კი მიმდინარეობს, მაგრამ ის უკვე, რაც არის ჩვენს რადარებზე, იგივე მასას ჩვენ საჰაერო სივრცეში მოძრაობისას ხედავს ნატოს ქვეყნების ერთობლივი სარადარო სისტემა და ამისი კომბინირება ხდება იგივე თურქეთის რადართან, ბულგარეთთან, ანუ მთელი ჩვენი აკვატორიისთვის.” (სტილი დაცულია)


ამავე დროს, ნატოს საჰაერო მონაცემთა გაცვლის სისტემაში ინტეგრაციით მიღწეულ იქნა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი. თუმცა დამოუკიდებელი სამხედრო ექპსერტები და პოლიტოლოგები ცდილობენ განჭვრიტონ უარყოფითი შედეგი, რაც, შესაძლოა, მოჰყვეს საქართველოს დსთ-ის ერთიანი საჰაერო თავდაცვის ხელშეკრულებიდან გამოსვლას. უსაფრთხოების ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ ამ ფონზე ფარატინა ხელშეკრულებიდან საქართველოს გამოსვლა რუსეთთან დაძაბულ ურთიერთობას კიდევ უფრო გაართულებს:

[ირაკლი სესიაშვილი] ”ვთვლი, რომ იმდენად, რამდენადაც ამ ხელშეკრულებას დიდ არაფერი მნიშვნელობა არ ჰქონდა როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსათვის, მისი ამ პერიოდში გაჟღერება, ცოტა არ იყოს კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი იქნებოდა დაძაბულობისათვის. ვთვლი, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა ჩუმად, რბილად და სხვა პერიოდშიც გაკეთებულიყო, რაც არანაირად არ შეცვლიდა რეალურად სიტუაციას.” (სტილი დაცულია)


ექსპერტთა მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საჰაერო თავდაცვის ერთიან სისტემაზე უარის თქმით საქართველოს ხელისუფლება, შესაძლოა, ამზადებდეს ნიადაგს თანამეგობრობიდან გამოსასვლელად. მათ მხედველობაში აქვთ ის გარემეობა, რომ საქართველომ უფრო ადრე შეწყვიტა მოლაპარაკება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. საქართველო პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ დატოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რიგები, ოღონდ მაშინ, როდესაც ამის ყველა წინაპირობა იარსებებს:

[კოტე გაბაშვილი] ”სრულიად ცხადია, რომ ეს საკითხი[დსთ-იდან გამოსვლა] შეიძლება დადგეს და არც არავინ დავობს იმაზე, რომ ეს მოხდება. მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როცა ეს იქნება საჭირო, სწორედ მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.”

როგორც ამბობენ, სწორედ დიპლომატიური მიზანშეწონილობა აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით არ მოითხოვოს აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსი მშვიდობისდამცველების გაყვანა. ეს სამშვიდობო ფორმატიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით წარმოებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში, თუმცა მთელი სამხედრო ძალა, ტექნიკა და მმართველობა ერთი ქვეყნის - რუსეთის - შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG