Accessibility links

logo-print

ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსის უსაფრთხოების საკვანძო ნაწილად ანტისარაკეტო სისტემა მიაჩნია


ანტისარაკეტო ფარი, რომლის განთავსება ჩეხეთსა და პოლონეთშია დაგეგმილი,ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების

ახალი ევროპა


საკვანძო ნაწილად მოიხსენია. სხეფერმა ილაპარაკა პრაღაში ორშაბათს, როცა ჩეხეთის და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც მსჯელობდნენ, როგორ შეიძლება გააფორმონ ორი ქვეყნის მთავრობებმა რადარის შესახებ გარიგება. შეხვედრის მონაწილეები იმაზე ბაასობდნენ, თუ რამდენად გაართმევს ასეთი სარადარო დანადგარი თავს საშიშროებას, რომელსაც, ვაშინგტონის აზრით, ურჩი ქვეყნები ქმნიან. შეხვედრის შემდეგ იააპ დე ჰოოპ სხეფერმა ასე ილაპარაკა ანტისარაკეტო ფარზე:

(სხეფერის ხმა)
“კონფერენციაზე ვიმსჯელეთ სარაკეტო თავდაცვის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, მე ვიტყოდი, ჩვენი ყველა მოქალაქის უშიშროებაზე. მოდით, ახლა ამ საკითხს შევხედოთ თითოეული მოქალაქის, ნატოს ყველა წევრი ქვეყნის მცხოვრებთა თვალსაზრისით.”

გენერალურმა მდივანმა პრაღაში გამოაცხადა, რომ ალიანსზე სარაკეტო თავდასხმის საფრთხე რეალურია:

(სხეფერის ხმა)
“ჩვენ ვიცით, რომ არის ქვეყნები, რომლებიც რაკეტებს გამოცდიან. ამ თემაზე, მოდით, ნუ გავჩუმდებით. ეს არ არის მხოლოდ ვირტუალური მუქარა. ეს არ არის საკომპიუტერო თამაში. ეს რეალობაა.”

ცნობილია, რომ ასეთ ქვეყნებად, რომლებიც დასავლეთს შეიძლება დაემუქრონ, ირანი და ჩრდილოეთი კორეაა მიჩნეული. ითვლება, რომ მათ ჰქონდათ სარაკეტო პროგრამები. აშშ-ის წარმომადგენლები ასევე ლაპარაკობენ საფრთხეზე, რომელიც შეიძლება შეიქმნას, თუ ბალისტიკური რაკეტები ტერორისტული ჯგუფების ხელში მოხვდა.
მაგრამ ვაშინგტონის ამ სურვილს, განთავსდეს ევროპაში ანტისარაკეტო ფარი, ნატოს წევრ ქვეყნებში - საკუთრივ ჩეხეთშიც - მოწინაამდეგეები ჰყავს. პრაღაში გენერალური მდივნის გუშინდელი განცხადებით, ალიანსს მეტი ძალისხმევა მართებს ევროპელებისთვის ანტისარაკეტო ფარის სტრატეგიული მნიშვნელობის ნათელსაყოფად. პრაღაში გამართული კონფერენციის დროს იყო სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ აშშ და ჩეხეთი ხელს მოაწერდნენ აშშ-ის სარადარო ბაზის განთავსების შეთანხმებას. ეს რადარი იქნება საკვანძო ნაწილი მთლიანი სისტემისა. მაგრამ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი პრაღაში არ ჩამოსულა. მან თავისი მოადგილე ჯონ რუდი მოავლინა ჩეხეთში. უფრო ადრე ჩეხეთის პრემიერმა მირეკ ტოპოლანეკმა განაცხადა, რომ ივნისამდე ამგვარ შეთანხმებაზე ხელმოწერა არ მოხერხდებოდა. ვაშინგტონი და პრაღა გარიგებაზე ბუქარესტში ნატოს სამიტისას შეთანხმდნენ. სარადარო ბაზა პრაღიდან 90 კილომეტრში, სამხრეთ დასავლეთში განთავსდება 2011-12 წლებში. მაგრამ არ არის ცხადი, რა სტატუსი შეიძლება ჰქონდეთ აშშ-ის სამხედროებს, რომლებიც რადარს მოემსახურებიან. დასადგენია, რომელ კანონს დაექვემდებარებიან ისინი, ჩეხურსა თუ ამერიკულს. როცა კანონი შეიქმნება და ხელმოწერილ იქნება, ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. საზოგადოებრივი წინააღმდეგობა რადარის მიმართ ჩეხეთში დიდია და არაერთი პოლიტიკური პარტიაც აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში განხილვისას მას წინ აღუდგება. ჩეხეთში რომ აშშ-ის ანტისარაკეტო ფარის ელემენტის მოწინააღმდეგეები კარგად არიან ორგანიზებული, მოწმობს ორშაბათსვე გამართული დემონსტრაცია, რომელიც პრაღაში ასეთი თავყრილობების ყველაზე პოპულარულ ადგილას - ვაცლავის მოედნის თავში, ვაცლავის ძეგლთან -ჩატარდა. როგორც დემონსტრაციის ორგანიზატორები ამბობენ, მასში მონაწილეობა მიიღო 1500-მა ადამიანმა. ლოზუნგები მიმართული იყო რადარის წინააღმდეგ, მთავარი ლოზუნგი კი იყო “უარი ბაზებს!”. ამ დასახელებით მოქმედებს საინტერნეტო გვერდიც. რაც შეეხება ჩეხეთის მთავრობას, ორშაბათს გავრცელებული ფორმულირებით, პრემიერ-მინისტრმა მირეკ ტოპოლანეკმა თქვა, ეს სისტემა არის აშშ-ის მიერ რუსეთის მიმართ პოლიტიკური განცხადება, რომ ვაშინგტონს ინტერესი აქვს შუა ევროპაშიო.
ბუქარესტის სამიტზე ანტისარაკეტო სისტემას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს ნატოს წევრებმა, როცა კომუნიკეში ეს საკითხი ცალკე შევიდა და შეფასდა როგორც ყველა მოკავშირის დაცვის საქმეში შეტანილი არსებითი წვლილი. იმავე კომუნიკეში იყო მოწოდება, რომ ალიანსის პარალელური სისტემები განთავსდეს ყველგან, სადაც აშშ-ის ამ გეგმით დაცვა ვერ მოხერხდება.
მოსკოვი ამ სისტემის კატეგორიული წინააღმდეგია, რამდენადაც მიაჩნია, რომ მას შეაქვს დესტაბილიზაცია ევროპაში და რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება. ვაშინგტონი ცდილობს რუსეთს ასიამოვნოს და ამის გამო სთავაზობს საშუალებას, რომლითაც ის შეძლებს ამ ანტისარაკეტო ბაზას მეთვალყურეობა გაუწიოს. მაგრამ პასუხად ვლადიმირ პუტინი აცხადებს, “პრობლემა ანტისარაკეტო ბაზის არსშია” და არა მის მეთვალყურეობაშიო.
ჩეხეთში რადარის დადგმა გულისხმობს მის მუშაობას ტანდემში პოლონეთის ბაზასთან, სადაც 10 გზაგადამჭრელი რაკეტა განთავსდება, როგორც აშშ იმედოვნებს. მაგრამ მხოლოდ იმედოვნებს, რამდენადაც პოლონეთში მთავრობის შეცვლას ვარშავის ახალი პოზიციის გამოცხადება მოჰყვა: პოლონეთი აშშ-ისგან სამხედრო სფეროში დახმარებას მოითხოვს იმ რისკის თავიდან ასაცილებლად, რომელსაც მის ტერიტორიაზე ამ ანტირაკეტების განთავსება გულისხმობს. პოლონეთი ასეთ რამესაც ამბობს: ნაკლებად მაშინებს ურჩი ქვეყნების რაკეტა, უფრო მეტად რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება მაფიქრებსო.აშშ არსებითად თანახმაა დაეხმაროს პოლონეთს თავდაცვის სფეროს მოდერნიზებაში, მაგრამ თავდაცვის მეთაურმა ჰენრი ობერინგმა ისიც თქვა, აშშ დაინტერესებულია ჩეხეთში რადარის დადგმით, იმის მიუხედავად, განთავსდება თუ არა პოლონეთში გზაგადამჭრელი რაკეტებიო. მას არ დაუზუსტებია, სად შეიძლება ასეთ შემთხვევაში განთავსდეს ეს რაკეტები.
XS
SM
MD
LG