Accessibility links

ვაშინგტონი რუსეთს მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატები დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს, გადასინჯოს საქართველოს მისამართით ბოლო ხანს გადადგმული ნაბიჯები

და ხელი შეუწყოს ვითარების განმუხტვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში. გუშინ ვაშინგტონში ორი ბრიფინგი გაიმართა, რომლებზეც საუბარი - სხვა საკითხებთან ერთად - საქართველოსაც შეეხო.

დავიწყოთ ბრიფინგით, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად რეალურია საფრთხე, რუსეთი აფხაზეთში მართლაც ცდილობდეს სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებას, ვაშინგტონის ადმინისტრაციის პრესმდივანმა დანა პერინომ ასე უპასუხა:

[დანა პერინოს ხმა] "ბოლო დღეებსა და კვირებში რუსეთის მთავრობამ განახორციელა ქმედებები, რომლებსაც ჩვენ პროვოკაციულს ვუწოდებდით და რომლებმაც გაამწვავა დაძაბულობა საქართველოსთან ამ უკანასკნელის სეპარატისტული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარშემო. ამ ნაბიჯებმა მნიშვნელოვნად და არასაჭიროდ დაძაბა ვითარება რეგიონში და ისინი ეწინააღმდეგება რუსეთის საშუამავლო სტატუსს აფხაზეთის სამშვიდობო პროცესში."

დანა პერინოს მსგავსად, სიტყვა "პროვოკაცია" იხმარა თავის გუშინდელ გამოსვლაში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა შონ მაკკორმაკმაც.

[შონ მაკკორმაკის ხმა] "რუსეთის მთავრობამ რამდენიმე პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა საქართველოს, კერძოდ კი აფხაზეთის მისამართით. ისინი ნაწილია მექანიზმისა, რომელიც უკავშირდება აფხაზეთის მოსახლეობასა და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ უთანხმოებებს. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე გადადგმული ზოგიერთი ეს ნაბიჯი ხელს არ უწყობს ვითარების მოგვარებას და ჩვენ მათ ვთხოვეთ, იმსჯელონ ამაზე, უკან წაიღონ თავიანთი ზოგიერთი განცხადება და გადასინჯონ ზოგიერთი გადაწყვეტილება."

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა დასძინა, რომ არავის სურს, საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბოს. "მაგრამ თუ ბოლოდროინდელ მოვლენებს გადახედავთ, დაინახავთ რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოსთან მიმართებით, კერძოდ აფხაზეთის საკითხზეო"- განაცხადა მაკკორმაკმა.

ხოლო თეთრ სახლში მოწყობილ ბრიფინგზე პრესმდივანმა დანა პერინომ აღნიშნა, რომ რუსეთისა და საქართველოს მთავრობებთან კავშირი უმაღლეს დონეზე წარმოებს და რომ შეერთებულმა შტატებმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი თავისი ურყევი მხარდაჭერა. პერინოს თქმით, ვაშინგტონმა დაჟინებით მოუწოდა რუსეთს, მიიღოს ზომები ვითარების განმუხტვის მიზნით და გააუქმოს თავისი გადაწყვეტილებები.

[დანა პერინოს ხმა] "კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაადასტუროს თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენობისადმი, შეწყვიტოს ერთპიროვნული ქმედებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და თავის შეიკავოს შემდგომი პროვოკაციებისგან. ამასთანავე, მოვუწოდებთ რუსეთს, აქტიურად დაუჭიროს მხარი აფხაზეთის ხელისუფლებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა უშუალო შეხვედრებს, რათა განიმუხტოს დაძაბულობა და მშვიდობიანი გზით მოგვარდეს კონფლიქტი, რაც აფხაზეთის ხალხს გზას გაუხსნიდა უფრო უსაფრთხო, ნათელი მომავლისკენ ერთიანი და დემოკრატიული საქართველოს შემადგენლობაში."

გუშინვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, რომელიც ვაშინგტონს სტუმრობს, შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს და მასთან ერთად აფხაზეთში შექმნილი ვითარება განიხილა. როგორც ბურჯანაძემ შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს აცნობა, კონდოლიზა რაისმა მას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა საქართველო მაქსიმალურად დაცული იყოს ნებისმიერი არამეგობრული ნაბიჯებისგანო, უთხრა კონდოლიზა რაისმა ნინო ბურჯანაძეს.
XS
SM
MD
LG