Accessibility links

logo-print

საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანიის დამრღვევები და დარღვევები


საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საარჩევნო კამპანიას გამოაკლდა სახელისუფლებო უმრავლესობის გუნდის კანდიდატი ცაგერის რაიონიდან,






რომელიც რაიონულ მოხელეებს თანამდებობიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა, თუკი მმართველი პარტია 21 მაისის არჩევნებზე ხმების 80 %-ს არ მოაგროვებდა.
ამ ფაქტით აღშფოთებული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანაპარტიელებს პასუხისგებით დაემუქრა, თუკი ისინი თავისუფალი არჩევნების ”ხელის შეშლას” შემდგომშიც შეეცდებიან. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ამ მუქარას შეასრულებს, მაშინ ბევრ მოხელეს მოუწევს თანამდებობის დატოვება.

ვალერი გიორგობიანი, ცაგერის რაიონში მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, წინასაარჩევნო ბრძოლას გამოეთიშა. ამის მიზეზი გახდა მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალა, რომელიც ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრმა, პარლამენტარმა კახა კუკავამ სამშაბათს გაავრცელა. ჩანაწერი გაკეთებულია ცაგერის რაიონის ადმინისტრაციის თათბირზე, სადაც სახელისუფლებო პარტიის წევრი თანამშრომლებს გათავისუფლებით ემუქრება, თუკი მისი პარტია არჩევნებზე დიდი უპირატესობით არ გაიმარჯვებს. ამ კადრების გავრცელების შემდეგ ვალერი გიორგობიანმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 6 მაისს ბათუმში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა თანაპარტიელები მკაცრად გააფრთხილა, რომ ”არ მოახდინონ ზეწოლა თანამშრომლებზე და მისცენ მათ თავისუფალი არჩევანის უფლება.” სახელისუფლებო პარტია ”ნაციონალური მოძრაობა- გამარჯვებული საქართველოს” დეპუტატობის კანდიდატმა გოკა გაბაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას კონკრეტული ზომები მოჰყვება ზედმეტად გულმოდგინე ნებისმიერი მოხელის მიმართ:

[გოკა გაბაშვილი] ”კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ არმიღებული წესებით თამაშისა, მით უმეტეს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მთლიანად ქვეყნისთვის, იმ საერთაშორისო ვითარების ფონზე, საერთაშორისო კონტექსტში, რომ არანაირი კითხვის ნიშნებიც კი არ იქნას დასმული ამ არჩევნებთან დაკავშირებით.”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტის გაფრთხილებას და პათოსს მნიშვნელოვნად მიიჩნევენ არჩევნების დამკვირვებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლება რამდენიმე მეისრის საჩვენებელი დასჯით შემოიფარგლება. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ მათ მიერ წინასააარჩევნო პროცესში მრავალი შემთხვევა იქნა აღმოჩენილი ადმინისტრაციული რესურსის სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენებისა, მაგრამ მათ სამართლებრივი შეფასება არ მისცემიათ:

[გიროგი ჩხეიძე] ”ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის მატერიალური ფასეულობების დარიგება მოსახლეობაში, რაც კიდევ გრძელდება. ჩვენ ასეთ ფაქტზე სარჩელიც შევიტანეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სასამართლომ ეს არ დააკმაყოფილა. კიდევ გრძელდება, მაგალითად, რეგიონებში. გუშინ იყო ასეთი შემთხვევა, როცა გარკვეული საჩუქრები გადასცეს ამომრჩეველს და ამ ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირება უნდა მოხდეს.”(სტილი დაცულია)

ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება ფუჭ სიტყვებად დარჩება და ცალკეული მოხელეები კვლავაც გააგრძელებენ ამომრჩეველთა მოსყიდვას და დაშინებას. გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრის კახა კუკავას თქმით, იმდენი მოხელეა ჩართული ”ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიაში, რომ მიხეილ სააკაშვილმა ყველას პასუხი რომ მოსთხოვოს, ხელისუფლებაში დაუსჯელი აღარავინ დარჩება:

[კახა კუკავა] ”ყველამ კარგად იცის, რომ ასეთი თათბირები ტარდება ყველა ოლქში და არა მარტო ცაგერში. ეს ხომ დიდი საიდუმლო არ არის. ხალხი მუშაობს პოლიკლინიკებში, სკოლებში და სამინისტროებში და იცის, რომ ასეთი თათბირები ყველას უტარდება. და მეორე მხარეც არის: თუ ეს არ გააკეთა ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, მაშინ რა უნდა ქნას? სხვა კამპანია არა აქვს!”

კახა კუკავამ, გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოდან, დღეს კიდევ ერთი სახელისუფლებო კანდიდატის, ხობის დეპუტატობის კანდიდატ გოდერძი ბუკიას, მაკომპრომეტირებელი ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ატარებს კანდიდატი საარჩევნო კამპანიას პრეზიდენტის რწმუნებულის, ზაზა გოროზიას, თანხლებით. ოპოზიცია გოდერძი ბუკიას არჩევნებიდან მოხსნას, ხოლო პრეზიდენტის რწმუნებულის 2000 ლარით დაჯარიმებას მოითხოვს. ოპოზიციონერი კახა კუკავა ირწმუნება, რომ სხვა მაკომპრომეტირებელი მასალებიც მოეპოვება იმის დასადასტურებლად, თუ როგორ მონაწილეობენ სხვადასხვა რანგის მოხელეები ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატების წინასაარჩევნო აგიტაციაში.


XS
SM
MD
LG