Accessibility links

logo-print

რა მსგავსება და განსხვავებაა რესპუბლიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკ ”მემარჯვენე ალიანსის” ეკონომიკურ პროგრამებს შორის


21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტებიდან ამჯერად საქართველოს რესპუბლიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკ "მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე–მრეწველების”



ეკონომიკური პროგრამების მიმოხილვა გადავწყვიტეთ. ეს ორი პოლიტიკური ორგანიზაცია მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულებისაა, მაგრამ მათ ეკონომიკურ შეხედულებებს შორის მსგავსებასთან ერთად უამრავი სხვაობაცაა. მაგალითად, თუ რესპუბლიკელები ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მასწავლებლებს ხელფასების გაორმაგებას ჰპირდებიან, მრეწველები ამ დაპირების გაცემას ერიდებიან.

ისევე როგორც რესპუბლიკური პარტია,საარჩევნო ბლოკი ”მემარჯვენე ალიანსი, თოფაძე–მრეწველები”, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება ”ერთობა” და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც შედის, თავიანთ ადგილს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში მემარჯვენე ცენტრისტულ ფლანგზე ხედავენ. შესაბამისად, მათ ეკონომიკურ შეხედულებებს შორის ბევრი მსგავსებაა. ისევე როგორც რესპუბლიკელთა წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი, ”მრეწველთა” ლიდერიც, ზურაბ ტყემალაძე, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მომხრეა. ჯერ ზურაბ ტყემალაძეს მოვუსმინოთ.

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”პროიმპორტულ პოლიტიკას აწარმოებს ჩვენი მთავრობა...
... აგრარული სფეროს აღორძინება პრიორიტეტული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში.”

ამ მიზნების მისაღწევად ზურაბ ტყემალაძე სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმის ამუშავების მომხრეა და მაგალითად ამერიკისა და ევროპის განვითარებული სახელმწიფოების პრაქტიკას ასახელებს. ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის სახელმწიფო ხელშეწყობის როლზე საუბრობს დავით ზურაბიშვილიც, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”დასაქმება სხვანაირად არ ხდება...
...სახელმწიფომ უნდა იცოდეს რა სჭირდება, რა არ სჭირდება, რას შეუწყოს ხელი და რას არა. ჩვენ რაღაცნაირად შევეცდებით ამას მივხედოთ.”

რესპუბლიკელები ასევე აპირებენ განათლების სისტემის რეფორმირებაც დაიწყონ და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამომრჩევლებს მასწავლებელთა ხელფასების გაორმაგებას ჰპირდებიან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის, განცხადებით, ის და მისი პარტია ამ დაპირების რეალიზებას საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციის გზით აპირებს:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] ”ჩვენ ვაპირებთ, რომ სამჯერ გავზარდოთ განათლების დაფინანსება...”

ასეთი დაპირებების გაცემას ერიდება მემარჯვენე ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”გამოდიან ზოგიერთი პოლიტიკოსები და იძახიან გავზრდით ხელფასებს...”

ტყემალაძე სხვა სოციალური დაპირებებისგანაც - მაგალითად, პენსიების გაზრდა, უმუშევრების დახმარება და სხვ. - თავს იკავებს. იგი პრიორიტეტად ინფლაციის სტაბილიზაციას და ამ გზით ფასების ბუნებრივად დარეგულირებას მიიჩნევს. მრეწველების აზრით, ეს და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის პოლიტიკა ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს, რაც სოციალური პრობლემების მოგვარების საფუძველსაც შექმნის.

სხვაგვარი წარმოდგენა აქვთ რესპუბლიკელებს სოციალური დაპირებებისა - ხელფასების, პენსიების და სხვა დახმარებების ზრდის - და ინფლაციის ურთერთკავშირზე. მათ მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის პრიორიტეტების შეცვლით, თავდაცვის სფეროს დაფინანსების, შადრევნებისა თუ სხვა ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირებით სოციალური ხარჯების გაზრდას შეძლებენ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელშიც ამ ორი პოლიტიკური ძალის ეკონომიკური შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა, ბიზნესის თავისუფლების ხარისხის ამაღლების საკითხია.
XS
SM
MD
LG