Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისიის საარჩევნო ჯგუფი თბილისში


„ეროვნული დამკვირვებლების უფლებები და ვალდებულებები–არჩევნების წარმართვა და დაკვირვება“– ამ სათაურით გაიმართა თბილისში ვენეციის კომისიის სამუშაო

შეხვედრა, რომლის ინიციატორები საქართველოს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი იყვნენ. შეხვედრის დღის წესრიგი კი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ევროპული საარჩევნო მემკვიდრეობა დაკვირვების პროცესთან მიმართებით და არჩევნების დაკვირვების პროცესის შედარებითი ანალიზი, საფრთხეებისა და რეკომენდაციების ჩათვლით.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე 30 ადგილობრივი და 11 საერთაშორისო ორგანიზაციაა აკრედიტებული. მათგან უმრავლესობა უკვე შეუდგა წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს. ამ დროისათვის უკვე არსებობს რამდენიმე დამკვირვებელი ორგანიზაციის შუალედური ანგარიში, რომელშიც, ძირითადად, ისეთ დარღვევებზე კეთდება აქცენტი, როგორიცაა: ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების საჯარო მოხელეების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში, ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები და სხვ. ამ რიგის ერთი ანგარიში უკვე გამოაქვეყნა ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც”, რომელიც ვენეციის კომისიის ადგილობრივი პარტნიორი და მის მიერ გამართული სამუშაო შეხვედრის ერთ–ერთი ორგანიზატორია. ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძეს მოუსმინეთ.

[გიორგი ჩხეიძის ხმა]“დღის პირველ ნახევარში იყო უშუალოდ საუბარი არჩევნების ძირითად პრინციპებზე, როგორებიცაა: თანასწორობა, ფარულობა, უშუალობა არჩევნებში მონაწილეობის, დამკვირვებელი ორგანიზაციების მონაწილეობა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის პროცესში; დღის მეორე ნახევარში კი უშუალოდ დაკვირვების დღესთან დაკავშირებით რა პრობლემები შეიძლება არსებობდეს და რა რეაგირება შეიძლება მოახდინოს დამკვირვებელმა ორგანიზაციამ.“(სტილი დაცულია)

საქართველოს საარჩევნო კოდექსით, დამკვირვებელს უფლება აქვს კენჭისყრისას ნებისმიერ დროს იმოფებოდეს კენჭისყრის შენობაში; დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; განცხადებით, საჩივრით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გაასაჩივროს საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები ამ თვალსაზრისით ინერტულობით არ გამოირჩევიან, ვენეციის კომისიის ერთ–ერთი მთავარი რეკომენდაცია არჩევნების დღეს გააქტიურებაა:

[გაელ მარტინ მიკალეფის ხმა] „რეკომენდაციების რამდენიმე სიტყვით შეჯამება, ბუნებრივია, რთულია. ჩვენ საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც ვნახეთ, რომ დამკვირვებლები ხშირად პასიურობენ. ისინი ხშირად კი არ აკვირდებიან, არამედ, უბრალოდ, ადგილზე არიან და ფორმებს ავსებენ. ფორმების შევსება, რა თქმა უნდა, საჭიროა, კოორდინირებული ფორმების შემუშავება არასამთავრობოებს ძალიან ეხმარება, მაგრამ პრაქტიკულობაც საჭიროა. ამავე დროს, აქტიური ჩარევაც არ შეიძლება. აქ აუცილებელია ბალანსის დაცვა, რაც საკმაოდ რთული საქმეა. დამკვირვებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება საარჩევნო ყუთს, კამერებს, საარჩევნო სიებს; ამასთანავე, კითხვები დაუსვას, მაგალითად, საარჩევნო კომისიის წევრს. მაგრამ, ამავე დროს, ხელი არ უნდა შეუშალოს პროცესს, რადგან დამკვირვებელი მხოლოდ დამკვირვებელია. ეს ვიწრო ხაზია, ფაქიზი ბალანსია, რომლის განხილვაც გვინდოდა. მნიშვნელოვანია, ამავე დროს, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაც.”

გვითხრა ვენეციის კომისიის არჩევნების განყოფილების პროექტის მენეჯერმა გაელ მარტინ მიკალეფმა. მისი შეფასებით, საქართველოს სამოქალაქო სექტორს ევროპული სტანდარტების მისაღწევად, საშუალოდ, 10 წელი მაინც დასჭირდება. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კი, თავის მხრივ, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგში ერთგვარ სახელმძღვანელოდ გამოადგება „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის“ საზოგადოებას. მის თავმჯდომარეს ეკა სირაძე–დელონეს მოუსმინეთ.

[ეკა დელონეს ხმა]“ როგორც წესი, რეკომენდაციები არასოდეს არ არის ხოლმე სავალდებულო. უბრალოდ, ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია და ეს მოხდება ჩვენთან ერთობლივად შეჯერებით. ანუ ერთად მივალთ მსჯელობის შედეგად იმ დასკვნამდე, რომ ეს რეკომენდაცია, მართლაც, მნიშვნელოვანია, თავისთავად ცხადია, ორგანიზაციები, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაცია ნამდვილად გაითვალისწინებს.“(სტილი დაცულია)


XS
SM
MD
LG