Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული არჩევნები და სოციოლოგია - ბარიკადების სხვადასხვა მხარეს


2008 წლის 5 იანვარს - ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს - ჩატარებულმა ორმა განსხვავებული შედეგების მქონე ეგზიტპოლმა საქართველოში სერიოზულად შეარყია ნდობა პოლიტიკური რეიტინგების შემსწავლელი სოციოლოგიური გამოკითხვების მიმართ.

ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სოციოლოგია საქართველოში ხელისუფლების სამსახურშია და არა ჭეშმარიტებისა. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, როგორც კობა ლიკლიკაძემ გამოიკვლია, 21 მაისის არჩევნების დღეს საქართველოში ეგზიტპოლის ჩატარება მაინც იგეგმება და ორგანიზატორებიც დარწმუნებულები არიან, რომ ეგზიტპოლები სწორედ არჩევნების გაყალბების შანსებს ამცირებს.

ამერიკული საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი კომპანია ”გრინბერგ ქუინლერ როსნერი” საქართველოში ოპოზიციური პარტიების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. კვირის დასაწყისში რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გამოაქვეყნა შედეგები სოციოლოგიური კვლევისა, რომელიც კომპანიამ პოლიტიკური პარტიების რეიტინგის დასადგენად ჩაატარა. ”გრინბერგ ქუინლერ როსნერის” გამოკითხვით, 44 პროცენტით ლიდერობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, შემდეგ მოდის ”გაერთიანებული ოპოზიცია” - 11 პროცენტით, იგივე მაჩვენებელი აქვს ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას, ლეიბორისტული პარტიის ნდობის რეიტინგი კი 7 პროცენტს აღწევს. ამერიკული სოციოლოგიური სამსახურის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას ოპოზიციურ სპექტრში უწოდეს ”სააკაშვილის დაკვეთით ჩატარებული გამოკვლევა” - მათ შორის, ახლად დაარსებულმა ქრისტიანულ-დემოკრატიულმა მოძრობამ, რომლის რეიტინგიც, აღნიშნული გამოკვლევის თანახმად, გაერთიანებული ეროვნული მოძრაობისას გაუტოლდა.

აი, რა განაცხადა ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ლევან ვეფხვაძემ რადიო ”თავისუფლებასთან ” საუბარში:

[ლევან ვეფხვაძე] ”იცით რა, ამხელა რეიტინგი ”ნაციონალურ მოძრაობას” არ შეიძლება ჰქონდეს ქვეყანაში. ჩვენი გამოკითხვებით, ”გაერთიანებულ ოპოზიციას” და ”ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, ცთომილების ფარგლებში, - ეს არის 2-2.5 პროცენტი,- თანაბარი რეიტინგი.”

ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვას უნდობლობას უცხადებს ”გაერთიანებული ოპოზიციის” ეროვნული საბჭოს საარჩევნო შტაბის უფროსი დავით გამყრელიძე. როგორც რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში დავით გამყრელიძემ განაცხადა, ხელისუფლების დაკვეთებზე მუშაობამ სოციოლოგიას საქართველოში საერთოდ დაუკარგა ფასი:

[დავით გამყრელიძე] ”სამწუხაროდ, იმდენად არის ეს თემა დისკრედიტირებული და ნდობადაკარგული, ეგზიტპოლიც და უკვე სოციოლოგიაც, რომ ჩვენ სხვა რეჟიმი და სხვა გარემო გვინდა, რომ დავუბრუნოთ ნდობა და ერთხელ და სამუდამოდ ამას ქვეყანაში ჰქონდეს რაიმე მნიშვნელობა.”(სტილი დაცულია)

ასეთ სკეპტიციზმს სოციოლოგიური გამოკითხვის მიმართ გაუგებარს უწოდებენ სახელისუფლებო პარტია ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. დეპუტატობის კანდიდატმა ”ნაცონალური მოძრაობიდან” დავით დარჩიაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ სოციოლოგიური სამსახურის სანდოობის დასადგენად აპრობირებული მეთოდი არსებობს:

[დავით დარჩიაშვილი] ”ხო, ძალიან მარტივია, თუ სოციოლოგიური ფირმა თავის სახელს ამბობს, მერე ძალიან მარტივია გადამოწმება. სოციოლოგებს, როგორც ბიზნესმენებს, თავიანთი პრინციპები და წესები აქვთ. სანდო ფირმა თავს არ გაიფუჭებს საქართველოს გამო, რაც არ უნდა ჰონორარი მისცენ, იმიტომ რომ მერე ბაზარზე დაიკარგება.”(სტილი დაცულია)

იმის დასადგენად, თუ რამდენად სარგებლობს ნდობით ”გრინბერგ ქუინლერ როსნერი”, რადიო ”თავისუფლება” ცნობილი ქართული სოციოლოგიური სამსახურის, ”გორბი-გელაპის”, საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელს მერაბ ფაჩულიას დაუკავშირდა.

[მერაბ ფაჩულია] ”ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკაში არის საკმაოდ სოლიდური ფირმა და ბევრ სენატორთან აქვთ ნამუშევარი და კონგრესმენთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოშიც იგივე შეიძლება ითქვას მაგ ხალხის რეპუტაციაზე. მე არ ვამბობ, ცუდები ან კარგები არიან. უბრალოდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკის შედეგი. გამოიყენეს პოლიტიკის ინსტრუმენტად როგორც მედია, ისე სოციოლოგიური კვლევები და ეს დაიწყო 1999 წლიდან.”(სტილი დაცულია)

ამ უნდობლობამ პიკს მიაღწია 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც, სამი ქართული ტელეკომპანიის დაკვეთით, რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთიანი ეგზიტპოლი ჩაატარა. 5 იანვრის ღამეს, ეგზიტპოლის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბმა თავისი ფავორიტი გამარჯვებულად გამოაცხადა. ოპოზიცია კი დღესაც დარწმუნებულია, რომ ეგზიტპოლები გაყალბდა. გაერთიანებული ეროვნული საბჭოს საარჩევნო შტაბის უფროსმა დავით გამყრელიძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ხელისუფლება ამჯერადაც ემზადება ეგზიტპოლის გასაყალბებლად, რასაც ოპოზიცია არ დაუშვებს:

[დავით გამყრელიძე] ”ჩვენ აქტიურ ბოიკოტს დავუპირისპირებთ მაგას! და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციას, რომ გაემიჯნონ.”

თუმცა რადიო ”თავისუფლებამ” მოიპოვა ინფორმაცია, რომ 21 მაისის არჩევნების დღეს იგეგმება ეგზიტპოლის ჩატარება. ერთ-ერთი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც ეგზიტპოლის ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობას მიიღებს, უკრაინული ”დემოკრატიული ინიციატივების ფონდია”. მისმა ხელმძღვანელმა ილიკო კუჩერევმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბარში დაადასტურა და განაცხადა, რომ მისი პარტნიორები ისევ ის ორგანიზაციები იქნებიან, რომლებმაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს სადავოდ ქცეული ”ეგზიტპოლი 2008” ჩაატარეს. ოპოზიციურ პარტიებში ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ალტერნატიული ეგზიტპოლების ჩატარების შესახებ. თუმცა საბოლოო აზრი ჯერ ცნობილი არ არის.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG