Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი ხდება


რუსეთის სახელმწიფო დუმამ დღეს ხმების აბსოლუტური უმრავლესობით - 392-ით 56-ის წინააღმდეგ - დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვლადიმირ პუტინი,

რომელსაც სულ რაღაც ერთი დღის წინ შეუწყდა ქვეყნის პრეზიდენტობის ვადა.

კანონმდებელთა საგანგებოდ მოწვეულ სხდომაზე რუსეთის ახალმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, რომელმაც ორშაბათს დადო პრეზიდენტობის ფიცი, დეპუტატებს მოუწოდა, მხარი დაეჭირათ პუტინის კანდიდატურისთვის.

[მედვედევის ხმა] "ჩვენ ვიცით, რამდენი გააკეთა პრეზიდენტმა პუტინმა რუსეთის სახელმწიფოებრიობის გასაძლიერებლად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ასევე ვიცით, როგორ კარდინალურად შეიცვალა რუსეთის საერთაშორისო მდგომარეობა. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთს კვლავ სცემენ პატივს."

მხოლოდ კომუნისტურმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი პუტინის კანდიდატურას. პუტინს ხმა მისცეს ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ, სამართლიანმა რუსეთმა და "ერთიანმა რუსეთმა". მაგრამ კენჭისყრას, ფაქტობრივად, ტექნიკური მნიშვნელობა უფრო ჰქონდა, ვინაიდან პუტინის მხარდამჭერი პარტია ერთიანი რუსეთი პარლამენტში ხმების ორ მესამედს ფლობს.

ამგვარად, რუსეთის ისტორიაში იწყება უპრეცედენტო პერიოდი ძალაუფლების ორი ცენტრით. პუტინი კვლავაც ძალზე პოპულარულია რუსეთის მოსახლეობაში, რომელიც პრეზიდენტად მის მესამე ვადით არჩევას ითხოვდა.

როგორც ვარაუდობენ, მედვედევი, რომელიც პუტინის დიდი ხნის მეგობარი და მოკავშირეა, თავის ახალ პრემიერ-მინისტრთან მრავალ საკითხს შეათანხმებს. მედვედევმა სამშაბათს ყოველგვარი ეჭვი გაუფანტა ყველას რუსეთში ძალაუფლების დანაწილების თაობაზე.

[მედვედევის ხმა] "მთელი ამ გასული წლების მანძილზე მე და ის ვთანამშრომლობდით და ახლაც განვაგრძობთ თანამშრომლობას. ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება, რომ ჩვენი ტანდემი, თანამშრომლობა, მხოლოდ გაძლიერდება."

კომუნისტები ჩივიან, რომ პრემიერ-მინისტრისთვის კენჭისყრა უჩვეულოდ სწრაფად ჩატარდა და პარლამენტს არ ჰქონდა გადაწყვეტილების ნორმალურად მიღების საშუალება. ჩვეულებრივ პრემიერ-მინისტრის დანიშვნა ხანგრძლივი პროცესია და ზოგჯერ სამ კვირამდე გრძელდება ხოლმე. მაგრამ მედვედევმა განაცხადა, რომ პროცედურა შემოკლებულ იქნა იმის გამო, რომ დეპუტატებს ხელი არ შეშლოდათ გამარჯვების დღის გამო.

პარლამენტის წინაშე გამოსულმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც 2000 წლიდან იყო რუსეთის პრეზიდენტი, პირობა დადო, რომ შეებრძოლება ინფლაციას, ააგებს ახალ სახლებს, დახმარებას გაუზრდის ოჯახებს და შეიარაღებული ძალების მდგომარებას გააუმჯობესებს.

[პუტინის ხმა] "სწორედ ადამიანის კეთილდღეობა, ხალხისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა იქნება მთავრობოს მთავარი, განმსაზღვრელი ამოცანა. ამის გარშემო ავაგებთ ჩვენს ყველა პროექტს და პროგრამას."

უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ვლადიმირ პუტინმა მთელი რიგი ზომები მიიღო პრემიერ-მინისტრის როლის გასაძლიერებლად. მან ხელი მოაწერა დეკრეტებს, რომელთა ძალით რეგიონების გუბერნატორები ანგარიშვალდებული გახდნენ არა იმდენად პრეზიდენტის, რამდენადაც პრემიერ-მინისტრის მიმართ. ასევე მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მთელი რიგი მნიშვნელოვანი წევრები პრემიერ-მინისტრის ოფისში გადაიყვანა.

ამგვარად მან, ფაქტობრივად, თავისთვის შეიმზადა პოზიციები ახალ თანამდებობაზე მოსვლამდე.

სამშაბათის სხდომაზე სახელმწიფო დუმის დეპუტატებმა ფეხზე ამდგარებმა მოუწყვეს ოვაციები ვლადიმირ პუტინს, რომელმაც, მართალია, დატოვა პრეზიდენტის თანამდებობა, მაგრამ სულაც არ წასულა დიდი პოლიტიკური არენიდან.
XS
SM
MD
LG