Accessibility links

რა შედეგით დასრულდა ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესი


დღეს, 8 მაისს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამომრჩეველთა სიების გადამოწმების ვადა ამოიწურა. წინა ეტაპზე სიებში აღმოჩენილი დარღვევების გამო გადამოწმების ვადა სამი დღით გაიზარდა.

საარჩევნო სუბიექტების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა ხელოვნურადაა გაზრდილი საარჩევნო სიების მონაცემების დუბლირებით, ეგრეთ წოდებული მკვდარი სულების გამოყენებითა და სხვა საშუალებებით. მართლაც, მოხერხდა თუ არა ამგვარი ტიპის დარღვევების აღმოჩენა გადამოწმების ვადის ამოწურვამდე და რა რეაგირება მოახდინა მათზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ?

ამომრჩეველთა სიები თითქმის ყველა არჩევნების წინ ხელისუფლებისა და სააარჩევნო ადმინისტრაციის კრიტიკის მიზეზად იქცევა ხოლმე. ასეა ახლაც, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ირწმუნებიან, რომ ამომრჩეველთა სიებში უამრავი ცდომილებაა, რაც არჩევნების გაყალბების საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ეს მიზეზი გახდა ხმაურისა და ცხარე კამათის მიზეზი ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე.

[ხმაური]

ამ ხმაურიან სხდომაზე გადაწყდა, რომ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების ვადა სამი დღით გახანგრძლივდა. გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლის, ნინო გოგუაძის, კომენტარი:

[ნინო გოგუაძის ხმა] ”ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა და, მით უმეტეს, ლევან თარხნიშვილმა ყველაზე კარგად იცის რამდენი ხარვეზი და რამდენი უზუსტობაა სიაში. ამდენი მასალის დადების შემდეგ მას სხვა რა გზა ჰქონდა, უნდა გაეგრძელებინა ვადა, რათა ცოტა პერიოდი მაინც მივცეთ საარჩევნო სუბიექტებს იმისთვის, რომ ეს ხარვეზები, რომლებიც ასე უამრავია სიაში, ცოტათი მაინც გამოასწორონ ამ პერიოდში.”(სტილი დაცულია)

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ზურაბ კაჭკაჭიშვილი ამბობს, სატელეფონო შემოწმების სერვისით 10 ათასამდე ამომრჩეველმა ისარგებლა, ხოლო საარჩევნო კომისიებს 30 ათასამდე მოქალაქემ მიმართა სხვადასხვა მონაცემის დაზუსტების მოთხოვნით.

[ზურაბ კაჭკაჭიშვილის ხმა] ”სიიდან ამოღებულია 8 ათასი გარდაცვლილი მოქალაქის და ათასი არასრულწლოვანის მონაცემი. ასევე ამოღებულია 27 ათასი დუბლირებული ჩანაწერი, ანუ სადაც მეორდებოდა ამომრჩეველი, მაგრამ განსხვავება იყო მისამართში.”

ამასთანავე, უკვე შესწორებულია 42 ათასამდე მონაცემი და კიდევ სიას დაემატა 60 ათასი ამომრჩეველი, რომლებმაც ბოლო არჩევნების შემდეგ აიღეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

საბოლოო შედეგების თავმოყრას ელოდება არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნები”. მას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გაფორმებული მემორანდუმით, ამომრჩეველთა სიების სრულყოფილი ვერსიის მიღების ექსკლუზიური უფლება აქვს. სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის ეკა სირაძე-დელონეს განცხადებით, ამ მომენტისთვის აღმოჩენილ ცდომილებაზე რეაგირება უკვე მოახდინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ:

[ეკა სირაძე-დელონეს ხმა] ”ელექტრონული გადამოწმების საფუძველზე აღმოვაჩინეთ 53 ათასი გაორება, რომლის შესახებაც ინფორმაცია მივაწოდეთ საარჩევნო კომისიას, რომელიც მონაცემთა ბაზაში უკვე აღარ ფიქსირდება.”(სტილი დაცულია)

საარჩევნო სიები საბოლოოდ დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ დაზუსტდება, როცა სასამართლოში გასაჩივრების ვადაც ამოიწურება.
XS
SM
MD
LG