Accessibility links

logo-print

ინვალიდთა უფლებები: დამსაქმებელი საჯარო რეესტრი და ხელმოსაწერი მემორანდუმი


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების მეორე ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა.

ინვალიდთა დასაქმების სპეციალური პროექტის განხორციელება სააგენტომ თებერვლიდან დაიწყო. პროექტი სამ ეტაპად იყოფა. სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ საქმიანობას უკვე შეუდგა 13 ადამიანი. პროექტის მიხედვით, წლის ბოლომდე სულ 20 პირის დასაქმებაა დაგეგმილი.

[ნიკოლოზ ბარნაბიშვილის ხმა] „მე შესყიდვების სამსახურში უნდა ვიმუშაო. დავეხმარო საჯარო რეესტრს. ძაან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ეს არის ერთ–ერთი საშუალება, რომ უნარშეზღუდული ადამიანები იყვნენ დასაქმებულები, ადაპტირებულები საზოგადოებაში და ცხოვრების იმედი ჰქონდეთ.“(სტილი დაცულია)

გვითხრა 26 წლის ფსიქოლოგმა ნიკოლოზ ბარნაბიშვილმა, რომელიც ერთ–ერთია იმ 7 ადამიანიდან, რომელთაც 8 მაისს საჯარო რეესტრში საქმიანობის დაწყების დამადასტურებელი სიგელები გადაეცათ. მათ უკვე ჩაუტარდათ სასწავლო კურსი, ბინაზე გადაეცათ კომპიუტერული საოფისე ტექნიკა და საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურ–ტექნიკური ბაზა. როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ჯაბა ებანოიძემ განგვიმარტა, უნარშეზღუდული ადამიანების დასაქმების იდეა სამსახურში მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქმისწარმოების ელექტრონულმა მოდელმა შესაძლებელი გახადა სარეგისტრაციო პროცესის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით, განხორციელება.

[ჯაბა ებანოიძის ხმა]“ ხელფასი აქვთ, დაახლოებით, 730 ლარი. მინდა ვთქვა, რომ არავითარი სხვაობა არ არის ამ თანამშრომლებსა და ჩვენს თანამშრომლებს შორის. ხელფასი ყველასთვის თანაბარია. ისევე როგორც ჩვენი დანარჩენი თანამშრომლები, ეს თანამშრომლებიც მიიღებენ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს. სააგენტომ შეიძინა და სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფს მათი ჯანმრთელობის დაცვას.“

პირველ ეტაპზე დასაქმებული ინვალიდები მოქალაქეებს კვალიფიციურ სატელეფონო კონსულტაციას უწევენ, მეორე ეტაპზე დასაქმებულები კი იურიდიული კონსულტაციის ოპერატორებად, რეგისტრაციისა და კადასტრის უზრუნველყოფის სამსახურის სტატისტიკის სპეციალისტებად, თარჯიმნებად და ასე შემდეგ იმუშავებენ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ უახლოეს ხანში, საჯარო რეესტრის დარად, ინვალიდობის გამო გადაადგილების უნარს მოკლებული ადამიანების დასაქმებაზე სხვა სახელმწიფო უწყებებიც იზრუნებენ. რაც შეეხება უშუალოდ იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურებს:

[ნიკა გვარამიას ხმა]“ჩვენ ვგეგმავთ სამოქალაქო რეესტრშიც ასეთი გამოცდილების გაზიარებას, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ისიც, დაახლოებით, ანალოგიური ტიპის მომსახურეობას ეწევა, პირველი ნაბიჯი ეს იქნება და ვნახოთ. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს სახელმწიფო არქივში, შეიძლება შესვლა ცენტრალურ აპარატშიც. მთავარი არის, რომ ამ ადამიანებს აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და ისინი არ უნდა იყვნენ შეზღუდულები, ჩვენი მხრიდან არ უნდა შევზღუდოთ იმის გამო, რომ არიან ინვალიდები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი კვალიფიკაცია და არა გადაადგილების უნარები.“(სტილი დაცულია)

შენიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია. თუმცა ფაქტია, რომ გადაადგილების უნარებს მოკლებული ადამიანების სოციალური ინტეგრაცია საზოგადოებაში ერთ–ერთი მწვავე პრობლემაა. „ამ პრობლემის პოლიტიზირება არ შეიძლება და ინვალიდობასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განიხილებოდეს, პირველ რიგში, ადამიანების უფლებების დაცვის, დისკრიმინაციის აღმოფხვრის, სოციალური ჩართულობისა და შესაძლებლობების გათანაბრების კუთხით, რაზეც ერთნაირად უნდა ზრუნავდეს ნებისმიერი იდეოლოგიისა და ინტერესების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაცია”, - გვითხრა გიორგი ძნელაძემ, კოალიციის - ”დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის ” - გამგეობის თავმჯდომარემ. კოალიცია 12 მაისს, 14 საათზე, სპეციალურ მემორანდუმზე ხელმოწერისათვის იწვევს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასა თუ კერძო პირს, რომელთა ერთ–ერთი მთავარი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნაა. ხომ არ უკავშირდება მემორანდუმზე ხელმოწერა წინასაარჩევნო პროცესებს? ამ შეკითხვით გიორგი ძნელაძეს მივმართეთ.

[გიორგი ძნელაძის ხმა]“რა თქმა უნდა, უკავშირდება. უკავშირდება იმას, რომ ჩვენ ვეუბნებით, ვინც არ უნდა მოვიდეს პარლამენტში, ინვალიდთა უფლებები რჩება უცვლელად. დღევანდელი სიტუაცია არის დისკრიმინაციული. ეს პირველი ნაბიჯი დასაქმებისა, მართლაც, მისასალმებელია და ყველა დიდ მადლობას ვეუბნებით საჯარო რეესტრის სამსახურს, რომ ეს ხალხი დაასაქმა. მაგრამ ეს ხალხი არ უნდა იყოს სახლში, უნდა იყოს დასაქმებული უწყებაში და, ალბათ, მაქამდეც მივალთ. მაგრამ ამას ყველაფერს უნდა მხარდაჭერა.“ (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG