Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი წინასაარჩევნო პოლიტიკური ზეწოლის წინააღმდეგ


საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში წინასაარჩევნო დარღვევებისა და მოქალაქეთა დაშინების ფაქტებზე ყოველდღიურად რამდენიმე განცხადება შედის.

ამ რიგის ერთ–ერთი უკანასკნელი განცხადება სოზარ სუბარს რეაგირებისთვის დღეს დილით გადაეცა. საქმე ეხება ტყიბულის რაიონის სკოლის დარაჯის სამსახურიდან გათავისუფლებას იმის გამო, რომ მან რაიონის მაჟორიტარობის ოპოზიციონერ კანდიდატს ოფისისთვის კუთვნილი ფართი მიაქირავა. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ჯგუფი ამ დღეებში წინასაარჩევნო დარღვევების ფაქტებს სამეგრელოში, ზემო სვანეთსა და იმერეთში სწავლობდა. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მმართველი პარტიის ზეწოლის მთავარი ობიექტები საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, ძირითადად, მასწავლებლები და პოლიციელები არიან.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებაში შიშისა და დაუცველობის შეგრძნება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა - მათ შორისაც კი, ვინც დარღვევების მხილებით სამოქალაქო აქტივობას იჩენს, მაგრამ პარალელურად ანონიმურობის გარანტიებს ითხოვს. რაც შეეხება წინასაარჩევნოდ რიგითი ადამიანებისთვის არჩევანის თავისუფლების შეზღუდვისა და მათზე ამ ნიშნით ზეწოლის ფაქტებს, მათ სოზარ სუბარი პოლიტიკური დევნის კვალიფიკაციას აძლევს და რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაზე საჯარო კომენტარსაც აკეთებს:

[სოზარ სუბარის ხმა] “ძალიან საინტერესო ვითარება აღმოვაჩინეთ სვანეთში, სადაც მიმდინარეობს ზეწოლა პრაქტიკულად ყველა დონეზე, ყველა სოფელში, თუმცა ზოგიერთი ფაქტი საერთოდ გამაოგნებელი იყო. მაგალითად, როდესაც რაიონის პოლიციის უფროსმა, ბატონმა ბესიკ გულედანმა დაიბარა პოლიციელები და ყველა პოლიციელს აიძულებდა, რომ მათ დაეფიცებინათ ხატზე, რომ ისინი ხმას მისცემდნენ ნაციონალურ მოძრაობას და ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატს და რომ ისინი არ გათქვამდნენ თვით ამ ხატზე დაფიცების ფაქტს.“ (სტილი დაცულია)

ამ და სხვა სახის წინასაარჩევნო დარღვევებზე რეაგირებისათვის სახალხო დამცველმა უკვე მიმართა იუსტიციის მინისტრს ნიკა გვარამიას, საქართველოს გენერალურ პროკურატურას და განათლების მინისტრს - ამ უკანასკნელს კი ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლაში მომხდარი ხმაურიანი ინციდენტის გამო. საქმე ეხება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სოფელ სვერის დირექტორის მხრიდან გეზრულის საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებულ ზეწოლას, ოპოზიციის მხარდამჭერი 7 პედაგოგის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით. ამ სოფელში 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი 90 პროცენტის ნაცვლად, ხმების 65 პროცენტი მიიღო.

[სოზარ სუბარის ხმა] “დირექტორს იბარებდა მეზობელი სოფლის, სვერის, სკოლის დირექტორი. ახლა ცოტა სასაცილო მდგომარეობაა. რა უფლება აქვს სკოლის დირექტორს, იბარებს სხვა სკოლის დირექტორებს და რესურსცენტრის დირექტორსაც კი აძლევს მითითებებს, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და მართავს პრაქტიკულად რაიონს, აქ რომ არ იყოს ერთი საინტერესო დეტალი, რომ ეს ადამიანი გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის მამამთილი, ბატონი რეზო ბიწაძე და ეს ადამიანი, რომელიც ჭიათურის რაიონის გარკვეულ სოფლებს პრაქტიკულად მართავს, როგორც მოსახლეობა ამბობს.“ (სტილი დაცულია)

სოფელ გეზრულაში სასწავლო პროცესი პარალიზებულია, სახალხო დამცველი კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156–ე მუხლითა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დარღვევებზე - ერთი მხრივ, ადამიანთა პოლიტიკური ნიშნით დევნისა და, მეორე მხრივ, საჯარო მოხელეების სკოლის საქმეებში ჩარევისა და სკოლის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის შესახებ. ამ დღეებში განათლების მინისტრს ახალციხის რაიონის სოფელ წყრუთის დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტზე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტმა მანანა ღურჭუმელიძემაც მიმართა:

[მანანა ღურჭუმელიძის ხმა] “უნდა გითხრათ, რომ არ ვტოვებ არც ერთ ფაქტს რეაგირების გარეშე. სამწუხაროდ, არ მოუმართავთ ჭიათურიდან. ერთადერთმა მომმართა წყრუთიდან, რომელსაც ვუთხარი, რომ ამას მივყვები ბოლომდე და არ იფიქროთ, რომ მე დავთმო, ეს ადამიანი თუკი უკანონოდ არის გათავისუფლებული და ამის საფუძველს ბრძანებაც გვაძლევს, და, ბოლოს და ბოლოს, სასამართლოთი აღვადგენთ - არც ეს იქნება პრობლემა. იმიტომ რომ ჩვენ არაერთი დირექტორი აღგვიდგენია სამსახურში.“ (სტილი დაცულია)

ამბობს მანანა ღურჭუმელიძე, რომლის ინფორმაციითაც, წყრუთის სკოლის დირექტორი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია და მის შევიწროებას პოლიტიკური სარჩული ნაკლებად უდევს. სახალხო დამცველი კი სკოლის პოლიტიზირების ყოველგვარ გამოვლინებას გმობს და გეზრულის სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს.
XS
SM
MD
LG