Accessibility links

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 745-ე გამოშვება

02 05 08
ბიძინა რამიშვილი:

ძვირფასო რადიომსმენელებო. ვიწყებთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, როგორ მიმდინარეობს რეფორმა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში; მოგითხრობთ ორი წლის წინანდელ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის გარშემო დღემდე არ ცხრება ემოციები; ვნახავთ, როგორ იცვება საქართველოში ინვალიდთა უფლებები.
ამ და სხვა თემებზე გვექნება დღეს საუბარი მეათე სტუდიაში, რომელსაც პრაღაში ბიძინა რამიშვილი უძღვება.

კახა
როგორ მიმდინარეობს რეფორმა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში

ბიძინა რამიშვილი:
საქართველოში მომხდარი ბევრი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილება საზოგადოებაში აქტიური დისკუსიისა და ცხარე კამათის საგანს წარმოადგენს, მაგრამ რეფორმა რომელიც საზოგადოების თითოეულ წევრს შეეხება საჯარო მსჯელობის საგნად თითქმის არ ქცეულა. ლაპარაკია ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ ერთ ცვლილებაზე - ჯანმრთელობის დაზღვევაზე, რომელიც თავად სისტემის რეფორმის ერთერთ მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. კახა მჭედლიძე შეეცადა იმის გარკვევას თუ რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობის დაზღვევის სფეროში მომხდარი ცვლილებები, თითოეულ მოქალაქეზე და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის განვითარებაზე.

კახა მჭედლიძე:
დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ სოციალური დახმარებების პროგრამის რეფორმირება დაიწყო და ეს ჯანდაცვის სისტემასაც დაუკავშირა, კერძოდ კი ჯანდაცვის დაზღვევის სფეროს. პილოტური პროექტის სახით მთავრობამ იმერეთის რეგიონისა და თბილისის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას პირდაპირი ფულადი დახმარებისა, თუ უფასო სამედიცინო მკურნალობის ნაცვლად სამედიცინო ვაუჩერები დაურიგა. მიზნობრივი ვაუჩერით მოსახლეობას მისთვის სასურველი სადაზღვევო პოლისი უნდა შეეძინა. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი ამბობს, რომ ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება.

[გიგი წერეთლის ხმა] ”ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს იყო ჩვენი შეთანხმება, ამ ადამიანებისთვის ავტომატურად უამრავი სერვისი ხელმისაწვდომი გახდა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება იმის შესახებ თუ რა სისტემას ვირჩევთ ჩვენ ჯანდაცვის კუთხით.”

ჯერჯერობით ეს ცვლილება იმერეთისა და თბილისის სოციალურად დაცველ მოსახლეობას, დააახლოებით 185 ათას კაცს და კიდევ მთელს საქართველოში 130 ათასამდე მოქალაქეს, მასწავლებელს, პოლიციელსა და პატიმარს შეეხო. როგორც ყველა სიახლეს მასაც თან სდევს სხვადასხვა პრობლემები. ერთერთი მათგანის შესახებ რადიო ”თავისუფლების” რესპონდენტი იმერელი ქალბატონი საუბრობს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.

[იმერელი ქალბატონის ხმა] ”მოვითხოვე თბილისში წასვლა სამკურნალოდ, ვთხოვე მიმართვა მოეცათ, მაგრამ უარი მითხრეს, ამ თვის, აპრილის ლიმიტი ამოწურულიაო. წამოვედი მიმართვის გარეშე, ჩაფიძის კლინიკაში მითხრეს თუ სადაზღვევო კომპანიის მიმართვა არ გაქვს ისე ვერ გამოიყენებ პოლისსო, აღარ გამომიყენებია.”

ამ ქალბატონისგან განსხვავებით, სადაზღვევო პოლისის უპრობლემოდ გამოყენება შეძლო თბილისელმა ქალბატონმა იათამზე სამნიაძემ, რომელიც მე ქუჩაში შემთხვევით აღმოვაჩინე.

[იათამზე სამნიაძის ხმა] ”მაქვს ჯანდაცვის სახელმწიფო დაზღვავა. სოციალურად დაუცველი ხალხი რომ შეარჩიეს ჩვენი ოჯახი მაშინ ჩართეს ამ პროგრამაში და ძალიან გამოგვადგა. ჩემს მეუღლეს ინსულტი ჰქონდა და პოლისი რომ არა მკურნალობას ვერ შევძლებდით ვერანაირად.”

რეფორმამდე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტს, მაგალითად ჯანდაცვის დაფინანსების მისაღებად უამრავი ბიუროკრატიული თუ კორუფციული ბარიერი უნდა დაეძლია. ახლა მოქალაქე თავდ ირჩევს რომელი სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით ისარგებლოს და საბიუჯეტო სახსრების განკარგვასთან შეხება აღარც სახელმწიფო მოხელეს აქვს.

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ამბობს, რომ მთავრობა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებით ორი კურდღლის მონადირებას ცდილობს.

[დევი ხეჩინაშვილის ხმა] ”სახელმწიფოს იმედი აქვს რომ ერთი გასროლით ორ კურდღელს მოინადირებს. ანუ ერთის მხრივ თავისი ბენეფიციარები, რომელშიც ის ფულს იხდის, მომსახურებული იქნებიან და მეორე, ის რომ სადაზღვევო ბაზარზე ამ ფულის შესვლით და ბაზრის ზრდით არასახელმწიფო ბენეფიციარებისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჯანმრთელობის დაზღვევა. აი დღეს უკვე ამის ნიშნები არსებობს.”

დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, მაგალითად ერთი წლის წინ ინდივიდუალურად კერძო დაზღვევის მიღება თითქმის შეუძლებელი იყო, ახლა კი სადაზღვევო კომპანიები კერძო პირებს - რიგით მოქალაქეებს უამრავ სერვისს სთავაზობენ, რომ აღარაფერი ვთქვათ კორპორაციულ ბენეფიციარებზე.

გატარებულმა რეფორმამ რომ ბიძგი მისცა სამედიცინო დაზღვევის ბიზნესის გაფართოებას, ამას სადაზღვევო კომპანია ”ჯი-პი-აი ჰოლდინგის” წარმომადგენელი თინათინ სტამბოლიშვილიც ადასტურებს. სახელმწიფო პროგრამის დაწყების შემდეგ, მხოლოდ მისი კომპანიის კლიენტთა რაოდენობა 70 ათასით გაიზარდა. მაშინ როდესაც მანამდე ყველა სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო დაზღვევის მომხმარებელთა საერთო რიცხვი 100 ათასს არ აღემატებოდა. პილოტური პროექტის დაწყების შემდეგ შეიქმნა რეგიონული ოფისების ქსელი და უმეტეს სამედიცინო დაწესებულებასთან თანამშრომლობა ჩამოყალიბდა.

[თინათინ სტამბოლიშვილის ხმა] ”ამგვარი სახელმწიფო პროგრამები რა თქმა უნდა ბიძგს აძლევს და სტიმულს აძლევს სადაზღვევო ბაზარს. შეიძლება ვისაუბროთ სახელმწოფო პროგრამების ფასის და ოპტიმალურობის შესახებ მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს რომ ის პრობლემები რაც შეიძლება იყოს საწყის ეტაპზე სამომავლოდ ერთობლივი მუშაობით გამოსწორდეს.”

თინათინ სტამბოლიშვილის განცხადებით ”ჯი-პი-აი ჰოლდინგის” ოფისები ყოველდღიურად დაახლოებით 100 მოქალაქეს ემსახურებიან. ამ კომპანიას სახელმწიფო პროგრამის დაწყებიდან დღემდე კი დაფინანსებული აქვს 8 ათასამდე მოქალაქის რთული მკურნალობის კურსი. მიუხედავად ამისა მოქალაქეების არც თუ უმნიშვნელო ნაწილი, მათ შორის სოციალურად გაჭირვებულებიც, ამბობენ რომ ჯანმრთელობის დაზღვევაზე არ უფიქრიათ ან არაფერი იციან ამის შესახებ. მე მათ თბილისის ქუჩებში გავესაუბრე.

[მოქალაქეთა ხმა] ” ჯანდაცვის დაზღვევა ჯერჯერობით არ მაქვს ისე სამსახურში მპირდებიან რომ გვექნება.”

”არა არ მაქვს იმიტომ რომ ჯერ ახალგაზრდა მაქვს”

”ტყუილი წვალება მგონია, მე არავის იმედი არ მაქვს. მე მეუღლე დამეღუპა და ექიმთანაც ვერ მივიყვანე იმიტომ რომ ძალიან ძვირი დაჯდებოდა.”

”არცერთნაირი დაზღვევა არ მაქვს იმიტომ რომ ჯერ ჯანმრთელი ვარ.”

რიგით მოქალაქეთა ასეთი პოზიციის მიუხედავად 2008 წლის ბოლომე სახელმწიფო ვაუჩერებით დაზღვეულთა რაოდენობა დაახლოებით 500 ათასით გაიზრდება. მოიმატებს ინდივიდუალური დაზღვევის რაოდენობაც. ამ სფეროს ექსპერტი დევი ხეჩინაშვილი იმედოვნებს, რომ საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი პრობლემები, რესურსების უკმარისობა და არაინფორმირებულობა, თანდათან დაიძლევა და უახლოეს 2-3 წელიწადში საქართველოში ჯანდაცვის დაზრვევის გამართული სისტემა იმუშავებს.


თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე სტრასბურგის სასამართლო მსჯელობს

ბიძინა რამიშვილი:
ე.წ. კორტების სპეცოპერაციიდან დღეს ზუსტად ორი წელი შესრულდა. 2006 წლის ორ მაისს თბილისში პოლიციის მიერ დამნაშავეთა დაკავების მოტივით ჩატარებული ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა. რამდენიმე მიზეზის გამო, ეს ფაქტი, სანდრო გირგვლიანისა და ამირან რობაქიძის მკვლელობებთან ერთად, დღემდე ყველაზე რეზონანსულ საქმედ რჩება. მინდა მოგითხროთ ზოგიერთ გარემოებაზე, რომლის გამოც ამ საქმეს საბოლოო პასუხი სტრასბურგის სასამართლომ უნდა გასცეს.


2006 წლის ზამთარში, როდესაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო პარლამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი დაიბარა, ვანო მერაბიშვილს შეკითხვა დაუსვეს სპეცოპერაციაზეც, რომელიც პოლიციის მიერ დამნაშავედ მიჩნეული ადამიანის ლიკვიდაციით დასრულდა. პასუხად, მაშინ მინისტრმა განაცხადა:

[მერაბიშვილის ხმა] ,,დიახ, ჩვენ ზოგჯერ ოპერაციების განხორციელების დროს გვიწევს დამნაშავეების ადგილზე ლიკვიდაცია. ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური ინსტრუქცია, რომ თუ პოლიციელს ემუქრება საფრთხე, პოლიციელს არათუ უფლება აქვს, ვალდებულია გამოიყენოს იარაღი. რა თქმა უნდა, პოლიციელმა უნდა დაიცვას კანონი და თქვენ თუ გექნებათ თუნდაც ერთი ფაქტი პოლიციელის მხრიდან ვინმეს ლიკვიდაციის დროს უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ და ნებისმიერ შემთხვევაში ეს ადამიანი დაისჯება.” (სტილი დაცულია)

ვანო მერაბიშვილის ამ დაპირებიდან ზუსტად ორ თვეში მსხვერპლით პოლიციის კიდევ ერთი სპეცოპერაცია დასრულდა. სახალხო დამცველის მოხსენებაში ვკითხულობთ: ,,2006 წლის ორ მაისს, თბილისის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, ჩატარდა შსს-ს სპეცოპერაცია, რომლის დროსაც, პოლიციის მხრიდან ძალის არაადეკვატური გამოყენების შედეგად, დაიღუპნენ ალექსანდრე ხუბულოვი და ზურაბ ვაზაგაშვილი, ხოლო მძიმედ დაიჭრა ბონდო ფუთურიძე. ამ ფაქტის გამოძიება თბილისის პროკურატურამ დაიწყო, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პირების მიმართ დღემდე არ დაწყებულა.” ამავე მოხსენებაში ომბუდსმენი გამოძიებას ტენდენციურს უწოდებს. თავად პროკურატურამ პოლიციელების მოქმედება ძალის გადამეტებად არ შეაფასა და საქმე დახურა. ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელიც დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ინტერესებს დღემდე იცავს, აცხადებს, რომ გამოძიებამ მხოლოდ პოლიციელებისთვის ალიბის შექმნაზე იზრუნა და ორი უშუალო თვითმხილველის ჩვენებაც კი არ გაითვალისწინა:

[ჭკადუას ხმა] ,,ხელს ადებდნენ კონკრეტულ პოლიციელებს და ამბობდნენ, რომ მათ არანაირ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია. რომ პირდაპირ ალყა შემოარტყეს და დაიწყო სროლა. ამ ქალბატონების ჩვენებას არანაირი სამართლებრივი შეფასება არ მისცემია. პირიქით, თქვეს, რომ მათი ჩვენება არ არის გასაზიარებელი და საქმე შეწყვიტეს.” (სტილი დაცულია)

თავად სამართალდამცავების ვერსიით, სპეცოპერაცია მიზნად ისახავდა დაკავებას ჯგუფისა, რომელიც ადრეც ყაჩაღობდა და ორ მაისსაც მსგავსი მიზანი ჰქონდა. თუმცა, როგორც ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, პოლიციის პატაკი ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას შეიცავს:

[ჭკადუას ხმა] ,,პატაკი დაწერილი არის ორ მაისს და გეგმა შედგენილია, ამ პატაკის საფუძველზე, პირველ მაისს. წარმოუდგენელია, რომ დღეს შედგეს რაღაც გეგმა, ვიღაცის დაკავებისთვის მაშინ, როდესაც ინფორმაცია ამ ადამიანზე შემოგივიდეს ხვალ. საინტერესო აქ ის არის, რომ ამ გეგმაში ზურაბ ვაზაგაშვილის მისამართი თავიდან ბოლომდე წერია. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია ბატონი ქადაგიძის გამოსვლა, რომ ეს ჯგუფი შემჩნეულია სხვადასხვა ყაჩაღობებში და აპრილის ბოლო რიცხვებში ლომბარდი დააყაჩაღა. ცალკე თემაა, რომ გაბათილდა და ეს ადამიანები ნამდვილად არ იყვნენ დამყაჩაღებლები, მაგრამ აქ მთავარი სხვა არის - ქადაგიძე კრიმინალური სამმართველოს უფროსი გახლდათ მაშინ და თუკი მან იცოდა, რომ ადამიანებმა 29-ში თუ 30-ში ჩაიდინეს ყაჩაღობა, რაც არის ყველაზე მძიმე დანაშაული და იცი ამ ადამიანების საცხოვრებელი ადგილი, რატომ არ დააკავეს?!” (სტილი დაცულია)


გამოძიება რომ მხოლოდ იმიტაცია იყო, ეს ეჭვი ადვოკატებს სპეცოპერაციიდან საკმაოდ მცირე ხანში გაუჩნდათ. იმ პერიოდის ერთ-ერთ ინტერვიუში, საქმის სამართლებრივი დეტალების გარდა, ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი რადიო ,,თავისულებას” ფორმალურად კანონიერ, თუმცა მორალურად საკმაოდ მძიმე გარემოებაზეც უამბობდა:

[ჯანგირაშვილის ხმა] ,,შვილდახვრეტილი დედა თავისი ხელით იწერს ექსპერტის დასკვნას, თან ამ დროს ჩამოსდის ცრემლები და იწერს დასკვნას, სადაც აღწერილია, თუ რა დაზიანებები ჰქონდა მის შვილს მიყენებული. ინფორმაციისთვის უნდა გითხრათ, რომ იმდენი ჭრილობა ჰქონდა ზურაბ ვაზაგაშვილს მიყენებული, რომ ვერ მოხერხდა ამ ჭრილობების დათვლა.” (სტილი დაცულია)


მალხაზ ჯანგირაშვილი თავიდანვე საზოგადოების აქტიურობის აუცილებლობაზე საუბრობდა. ორი მასისის სპეცოპერაციას განგაშის საფუძვლად მიიჩნევდა სახალხო დამცველი სოზარ სუბარიც:


[სუბარის ხმა] ,, უკვე განგაშის ზარებია ასატეხი, როდესაც ხდება, ჩემის აზრით, ყოვლად გაუმართლებელი ოპერაცია თბილისში, ქალაქის ცენტრში, ორ მაისს, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა და მესამე მძიმედ დაიჭრა.” (სტილი დაცულია)


ომბუდსმენის და ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დამსახურებად მიიჩნევენ ადვოკატები იმას, რომ გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის დედა დაზარალებულად ცნეს. თუმცა, უშუალოდ პოლიციელების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე, ეს სტატუსიც გაუქმდა:


[ჭკადუას ხმა] ,,მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო გააკეთეს, რომ ქალბატონ ციალა შანავას არ ჰქონოდა შეწყვეტის შესახებ დადგენილების გასაჩივრების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიბრძოლეთ სამართლებრივად და დაახლოებით ორი თვის შემდეგ მივაღწიეთ, რომ აღნიშნული დადგენილება მივიღეთ. დადგენილება ჩვენს მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში და დღემდე სასამართლოდან არანაირი პასუხი ამაზე არ მოგვსვლია.” (სტილი დაცულია)


,,კორტების სპეცოპერაციად” წოდებული საქმის ყველა მასალა სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა - მათ შორის, ის ფაქტიც, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მამას, ადვოკატთა განმარტებით, სრულიად უკანონოდ ჯერ ავტომანქანა ჩამოართვეს, შემდეგ კი ბიზნესი შეუზღუდეს. თავად იური ვაზაგაშვილი კი უკვე ორი წელია მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს:



[ვაზაგაშვილის ხმა] ,,ხალხო, გვითხარით რისთვის მოგვიკალით 22 წლის შვილი? რა დააშავა? რომ აცხადებ წარსულში კრიმინალი იყოო, ერთი მაინც წარმოგვიდგინე, ერთი დამამტკიცებელი რამე მისი წარსულის.” (სტილი დაცულია)

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი ირმა ჭკადუა ორი წლის წინანდელი ორი მაისის სპეცოპერაციას განზრახ მკვლელობის კლასიკურ მაგალითად აფასებს:

[ჭკადუას ხმა] ,,რაც შსს-მ 2006 წლის ორ მაისს გააკეთა, ეს არის კრიმინალური დაჯგუფების მიერ ჩადენილი მკვლელობა. ძალიან მკვეთრად არის ,,საერთაშორისო ამნისტიის” ანგარიშში აღნიშნული საქმე მოხსენიებული, როდესაც ის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინაშე წარდგა და რეკომენდაცია გამოუგზავნა საქართველოს მხარეს, სადაც ციხის ბუნტთან ერთად, მეორე საქმედ ვაზაგაშვილის საქმეა მოხსენიებული.” (სტილი დაცულია)

კორტების სპეცოპერაციად წოდებული და კიდევ რამდენიმე საქმის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით, სულ ახლახან, ერთი თვის განმავლობაში, ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი შიმშილობდა. პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა იური ვაზაგაშვილმაც, რომელმაც ობიექტური გამოძიების თხოვნით პირადად პრეზიდენტსაც მიმართა. ამჟამად ობიექტურ განაჩენს დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახი და ადვოკატები სტრასბურგის სასამართლოდან ელიან. საქმე, სახელწოდებით ,,ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ”, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში გასული წლის ბოლოს მიიღო.




ინვალიდთა უფლებები საქართველოში

ბიძინა რამიშვილი:
5 მაისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოში, ინვალიდთა უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება. 2006 წლის დეკემბერში გაეროს მიერ მიღებულ კონვენციას ინვალიდთა უფლებების შესახებ, თავისი მნიშვნელობით, ადამიანის უფლებების კონვენციას ადარებენ. კონვენცია მიღებულია, ინვალიდთა უფლებების დღესაც აღნიშნავენ, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანთა უფლებები მაინც ირღვევა. გიორგი გვახარია გვეტყვის ახლა, კონკრეტულად რომელ სფეროში იგრძნობა ჩვენში ინვალიდების დისკრიმინაცია.

გიორგი გვახარია:
ის ხალხი, ვისაც ჩვენ ”ინვალიდს” ვუწოდებთ, თავად ამ სიტყვას მიიჩნევს ადამიანის უფლებების დარღვევად...თუმცა არც ”შეზღუდული შესაძლებლობების პირი” მოსწონთ მაინცდამაინც...საერთოდ, არ მოსწონთ ეს დიფერენციაცია: იღბალმა ეს ადამიანები უმცირესობად აქცია, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც თანასწორობის იდეა კონსტიტუციითაა დაკანონებული, სიტყვა ”ინვალიდი” არ უნდა იქცეს სტიგმად - დარწმუნებულები არიან ინვალიდები და მათი უფლებების დამცველები.

[ლია ასანიშვილის ხმა]: ”შარშან სოფო მეკითხება: ლიკა, რა არის დაუნი? ერთმა გალანძღა მეორე, შე დაუნო, შენაო, და მე რომ დაუნი ვარ, რას ნიშნავსო. მე ვუთხარი, როგორც ვიცი, დაუნი ყველაზე განსაკუთრებული ადამიანია, რომელიც ყველასგან გამოირჩევა - პატარა ცხვირით, ლამაზი თვალებით, საოცარი ღიმილით. სოფო ამაყად დადიოდა მერე.”

ფსიქოლოგმა ლია ასანიშვილმა სოციალური თერაპიის სახლის ერთი მესვეურის ამბავი ჩვენთან საუბარში 4 წლის წინ გაიხსენა. ამ გოგონას, სოფოს, ლია ასანიშვილი არა ”პაციენტს”, არამედ ”თანამშრომელს” ეძახის. თუმცა მას შემდეგ საქართველოში სიტუაცია არ შეცვლილა. ინვალიდთა უფლებები სიტყვითაც კი ირღვევა: სიტყვები ”დაუნი”, ”გიჟი”, ”კოჭლი”, ”განუვითარებელი” კვლავაც დამკვიდრებულია ჩვენს საზოგადოებაში და მედიაშიც... თუმცა ინვალიდთა უფლებების დამცველებს ტერმინოლოგია იმდენად არ აღელვებთ, რამდენადაც დისკრიმინაცია, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან. ძირითადად, სამ სფეროს გამოყოფენ:
1.
განათლება. უამრავი ინვალიდი ვერ იღებს განათლებას ან კიდევ ადგილი აქვს სეგრეგაციას - შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების გამოყოფას მათი თანატოლებისგან.
2.
შრომითი მოწყობა. ინვალიდების უმრავლესობას სხვადასხვა მიზეზით უარს ეუბნებიან სამსახურში მოწყობაზე.
3.
ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი. საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც ინვალიდების მდგომარეობა იქნებოდა გათვალისწინებული...

აღარაფერს ვამბობთ მიზერულ პენსიაზე, რომელსაც სხვადასხვა ჯგუფის ინვალიდები იღებენ საქართველოში. თუმცა ინვალიდთა უფლებების დამცველები ბოლო დროს მატერიალურ პრობლემებზე ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას. მათ უფრო შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების მიმართ საზოგადოების და ხელისუფლების დამოკიდებულება აღელვებთ და, პირველ რიგში, ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ იგი ვალდებულია საზოგადოების ყველა წევრზე იზრუნოს.

ასოციაცია ”დეას” წარმომადგენელი მადონა ხარებავა დარწმუნებულია, რომ ინვალიდების მიმართ დამოკიდებულება ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდია, იმის მანიშნებელი, თუ რამდენად ჰუმანურია საზოგადოება და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სამოქალაქო ღირებულებები:

[მადონა ხარებავას ხმა]: ”ნორმალურ ქვეყანაში ბავშვებსაც ასწავლიან სამოქალაქო უფლებებს. უნდა იცოდე ეტლიანთან როგორ უნდა ილაპარაკო, როგორ ილაპარაკო უსინათლოსთან, უხერხულად რომ არ იგრძნოს თავი. თუ არ ვასწავლეთ, საიდან უნდა იცოდეს?”

აღსანიშნავია, რომ გაერო ინვალიდების დღეს წელიწადში ორჯერ - მაისსა და დეკემბერში - აღნიშნავს. მაისში - ინვალიდების უფლებების დღეა, დეკემბერში - ზოგადად, ინვალიდების დღე. არ იქნებოდა მართებული ამ დღეებისთვის ”საზეიმო” გვეწოდებინა, თუმცა საქართველოში მედიას, როგორც წესი, მხოლოდ ამ დღეებში ახსენდება ხოლმე შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები. ინვალიდები ამითაც კმაყოფილები არიან: 5 მაისს მათ კვლავ ექნებათ საშუალება თავიანთ პრობლემებზე ილაპარაკონ.


უჩვეულოდ ფართო სოლიდარობა რადიო “თავისუფლების” ვებსაიტზე კიბერშეტევის საპასუხოდ

ბიძინა რამიშვილი:
ორიოდე დღის წინ გიამბეთ მასშტაბურ კიბერშეტევაზე, რომელიც ჩვენი რადიოს ვებსაიტების წინააღმდეგ განხორციელდა. შეტევამ მწყობრიდან გამოიყვანა რადიო თავისუფალი ევროპა- რადიო თავისუფლების ჯერ ბელორუსული, შემდეგ კიდევ 8 სამსახურის ვებგვერდები. მაგრამ თუ უპრეცედენტო იყო კიბერიერიშის მასშტაბი, ასევე უპრეცედენტო აღმოჩნდა სოლიდარობა, რომელიც ინტერნეტ ჟურნალისტებმა გამოიჩინეს ჩვენი რადიოს ბელორუსული ვებსაიტის ამუშავების ხელშესაწყობად.

დავით კაკაბაძე:
მართალია, ჯერაც ვერ მოხერხდა დადგენა, ვინ განახორციელა კიბერიერიში, მაგრამ რამდენიმე გარემოება იმაზე მიანიშნებს, რომ პასუხისმგებლობა ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს უნდა დაეკისროს, და აი, რატომ:
კიბერიერიში, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი რადიოს ბელორუსული ვებსაიტის წინაღამდეგ იყო მიმართული, თან დაიწყო 26 აპრილს დილით, ანუ იმ დროს, როცა ჩვენი ბელორუსი კოლეგები ჩერნობილის ატომური კატასტროფის მორიგ წლისთავთან დაკავშირებული მოვლენების გასაშუქებლად ემზადებოდნენ: იმ დღეს მინსკში საპროტესტო აქციები გაიმართა. და კიდევ: რადიო "თავისუფლების" ბელორუსული ვებსაიტის გარდა, კიბერშეტევა განხორციელდა ბელორუსი ოპოზიციონერების ისეთ ვებსაიტებზე, როგორიცაა "ქარტია 97", და "ევროპის რადიო ბელორუსიისთვის".
გასათვალისწინებელია კიბერიერიშის პოლიტიკური ფონიც, კერძოდ, დაძაბულობის გამწვავება ვაშინგტონსა და მინსკს შორის. ბოლო ხანს ბელორუსიაში ოპოზიციონერებს კიდევ უფრო აქტიურად დევნიან, ამას გარდა, მმართველმა რეჟიმმა შეერთებულ შტატებს მოსთხოვა, მინსკში თავისი საელჩოს თანამშრომლების რიცხვი ხუთ კაცამდე შეამციროს.
[როდინას ხმა] “იერიშის ხასიათი აჩვენებს, რომ ბელორუსიის ხელისუფლება განაგრძობს ინტერნეტში ინფორმაციის დაბლოკვას. ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე საპროტესტო აქციებისა და საარჩევნო კამპანიების დროს. განსაკუთრებული ამ შემთხვევაში არის ის, რომ საიტი უბრალოდ ბელტელეკომმა კი არ დაბლოკა, არამედ განხორციელდა დი-ოუ-ეს შეტევა - რაც საინტერნეტო მომსახურებაზე ურს ნიშნავს. ეს არის სამხილი, რომ ბელორუსიის ხელისუფლება დანაშაულებრივ ზომებს მიმართავს ოპოზიციური ვებსაიტების წინააღმდეგ.”
ამ შეფასებას გამოთქვამს ბელორუსი ოპოზიციონერების ზემოხსენებული ორგანიზაციის "ქარტია 97"-ის ვებსაიტის რედაქტორი ნატალია რადინა. ბელორუსიის ხელისუფლებას მარტო ის როდი ადანაშაულებს: საინტერნეტო გამოკითხვამ, რომელიც ჩვენი რადიოს ბელორუსული სამსახურის ძალისხმევით ჩატარდა, აჩვენა, რომ გამოკითხულთა 87 პროცენტი კიბერიერიშისთვის პასუხისმგებლობას ლუკაშენკოს რეჟიმს აკისრებს.
კიბერიერიშმა ორ დღეზე მეტ ხანს გასტანა.
“დავბრუნდით!” ეს წარწერა იყო გამოსახული ბელორუსული სამსახურის ვებსაიტზე, როცა მან, 28 აპრილს, საღამოს, განაახლა ინფორმაციის გავრცელება. ვებსაიტზე გამოქვეყნდა ტექსტიც, რომლითაც რადიო "თავისუფლება" მადლობას უხდის 22 ბელორუსულ ვებსაიტს - მათ, ვინც, სოლიდარობის ნიშნად, აქვეყნებდა ჩვენი რადიოს ბელორუსი ჟურნალისტების რეპორტაჟებს, ვიდრე მათი ვებსაიტი მწყობრიდან გამოსული იყო.
რადიო "თავისუფლების" ბელორუსული სამსახურის დირექტორის, ალექსანდრ ლუკაშუკის ვარაუდით, კიბერიერიშზე ეს რეაქცია, შესაძლოა, იქცეს პრეცედენტად დემოკრატიულად მოაზროვნე ჟურნალისტებისთვის; ანუ, მათ ეცოდინებათ, რა უნდა მოიმოქმედონ მომავალში კიბეშიერიშების გაერთიანებული ძალებით მოსაგერიებლად.
[ლუკაშუკის ხმა] “ბელორუსიის საინტერეტო ჟურნალისტიკაში მოწმენი ვართ პირველი მცდელობისა, სოლიდარულად უპასუხოს პრესის თავისუფლებაზე თავდასხმას. და ეს, შესაძლოა, ამ იერიშის ყველაზე უფრო ფასეული, ყველაზე მოულოდნელი შედეგი იყოს.”
პრესის თავისუფლებას კი ნამდვილად სჭირდება დაცვა ქვეყანაში, რომელსაც რეგულარულად ასახელებენ პრესის ყველაზე უფრო მკაცრად შემზღუდველი რეჟიმების რიცხვში. ასეა ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” საანგარიშო მოხსენებაშიც, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, და რომელზეც გუშინვე დაწვრილებით გაიმბეთ: ამ ანგარიშში ბელორუსია, თურქმენეთთან და უზბეკეთთან ერთად, მოხსენიებულია პრესის თავისუფლების ყველაზე უხეშად დამრღვევი ქვეყნების რიგში.
თუ ისევ ჩვენი რადიოს წინააღმდეგ განხორციელებულ საინტერნეტო იერიშს დავუბრუნდებით, აღსანიშნავია, რომ ის იმდენად მძლავრი, იმდენად მასშტაბური იყო, რომ - ბელორუსულის გარდა - გაარღვია კიდევ 8 სამსახურის ვებსაიტების დამცავი მექანიზმი. მათ შორის, ჩვენდა საბედნიეროდ, ქართული არ ყოფილა, მაგრამ იყო, მაგალითად, რუსული, აზერბაიჯანული ვებსაიტები.
დაბოლოს აღსანიშნავია ფართო გამოხმაურება, რომელიც მოჰყვა კიბერთავდასხმას რადიო "თავისუფალ ევროპა"-რადიო "თავისუფლებაზე". აი, რა უთხრა ჩვენს რადიოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯესიკა საიმონმა:
[ჯესიკა საიმონის ხმა] "იერიშს რადიო "თავისუფალი ევროპის" წინააღმდეგ განვიხილავთ მორიგ თავდასხმად ბელორუსიაში თავისუფალსა და დამოუკიდებელ მედიაზე. მოვუწოდებთ ბელორუსიის მთავრობას, მიმართოს ყველა საჭირო ზომას, რათა ბოლო მოეღოს ამ შეტევას რადიო "თავისუფალი ევროპის" წინააღმდეგ, რომელიც კვლავაც რჩება ახალი ამბებისა და ინფორმაციის გაწონასწორებულ და სანდო წყაროდ ყოფილი საბჭოთა კავშირის მილიონობით მსმენელისთვის."
გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" შეფასებით, მომხდარმა დაგვანახა, სად გადის 21-ე საუკუნის საინფორმაციო ომის ფრონტის ხაზი. ამ ავტორიტეტიან გაზეთში დაბეჭდილი სტატიის ავტორი მკითხველს შეახსენებს საბჭოთა პერიოდს, როცა კომუნისტური რეჟიმები ახშობდნენ რადიო "თავისუფლების" გადაცემებს, და იქვე მოჰყავს ჩვენი რადიოს პრეზიდენტის ჯეფრი გედმინის სიტყვები, რომ “მიზანს ვერც მაშინ აღწევდნენ, და ვერც ახლა მიაღწევენ”. კიბერშეტევა, დაასკვნის "უოლ სტრიტ ჯორნალში" დაბეჭდილი სტატიის ავტორი, ახალი საფრთხეა, რომელიც რადიო "თავისუფალ ევროპა"-რადიო "თავისუფლებას", და ზოგადად, პრესის თავისუფლებას ემუქრება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG