Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


თაკო ჩხეიძე ამჯერად დღიურებს თაკო ჩხეიძე წერდა -

მოდელი და სამოდელო სააგენტო "გეომოდელის" ხელმძღვანელი.



20 აპრილი, კვირა
დღეს ბზობაა... დროებიდან გაზაფხული ყველაზე ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც ხეები ჰყვავიან, როდესაც ბუნება იღვიძებს. გაზაფხულზე ხომ სუნიც სხვანაირი ტრიალებს. აპრილიც ჩემი საყვარელი თვეა...
ბავშვობიდან მიყვარს დღიურის წერა. პერიოდულად მომინდება ხოლმე წერა, ვიღებ დღიურს და ათას სისულელეს ვჯღაბნი...
დროის უქონლობის გამო, ყოველდღე, ყოველ კვირას ვერ ვახერხებ, ამიტომ რამდენიმე თვის ამბებს ერთად მოვუყრი ხოლმე თავს.
გადავშალე ჩემი დღიური და აღმოვაჩინე, რომ ბოლო ჩანაწერი შარშან, 2007 წლის 23 აპრილს გამიკეთებია.
უცნაური შემოთავაზება მივიღე: ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე დღიური უნდა ვწერო და შემდეგ რადიოში უნდა ჩავწერო. საჯაროდ პირველად ვწერ, არ ვიცი, ვინმეს თუ დააინტერესებს...
დღე ოჯახურად გავატარე - სერგი ვამეცადინე, გამრავლების ტაბულა ვისწავლეთ. შემდეგ ოჯახთან ერთად ეკლესიაში წავედი, სანთლები დავანთე, ბზა ვიყიდე და მამაჩემს ვესტუმრე. გუშინ შევპირდი, ხვალ მოვალ-მეთქი.
სერგის ჩემი ძმის, ლევანიკოს ნახვა უნდოდა და მერე დედაჩემთან ავედით. დედას ხათუნა ჰქვია. ბებიასთან ბევრი ვისაუბრე. მიყვარს, ძველ ამბებს რომ მიყვება ხოლმე. ჩვენთან შვილიშვილებისა და ბებია-ბაბუის ურთიერთობა განსაკუთრებულია, ჩემთვის ბებიას და ბაბუას განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. ბებიის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებ. ბაბუა, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა, მუდამ ჩემს გვერდითაა...
დღეს რადიო "უცნობიდან" დამირეკეს, გადაცემისათვის პატარა ინტერვიუ ტელეფონით ჩავწერეთ, მანქანებს ეხებოდა და ისეთ კითხვებს მისვამდნენ, რომ ბოლომდე მეგონა, სახუმარო გადაცემისთვის იყო. ამიტომ მეც ცოტა არასერიოზული ვიყავი. მაგალითად: შენი მანქანა ქალია თუ კაციო, სახელად რა ჰქვიაო, რომელ ცხოველს შეადარებდიო და ა.შ.
სახლში მოსვლამდე მე და სერგიმ სუპერმარკეტში გავიარეთ, პროდუქტები ვიყიდეთ. გზაში დამირეკეს, საპატრიარქოს დავალებით ანტინარკოტიკულ კლიპს იღებენ და გადაღება დავგეგმეთ.
სერგი სკოლისათვის მოვამზადე და დავაწვინე, მე კი ტელევიზორს მივუჯექი. კვირა საღამოს შეძლებისდაგვარად "'იმედის' ტალღას" და შემდეგ "დროებას" ვუყურებდი ხოლმე... უკმაყოფილების გრძნობით გამოვრთე, რადგან არაფერი საინტერესო არ იყო და დღიურის წერას შევუდექი...
21 აპრილი, ორშაბათი
საქმიანი კვირა დაიწყო. დილიდან სააგენტოში ვიყავი, უცხოეთიდან მეილებს ვუპასუხე, შეხვედრები მქონდა. ზარები არ წყდებოდა: "თაკოს ნახვა როდის შეიძლება?" მოდიან მსურველები, რომ სააგენტოში მივიღო, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად მიწევს ახსნა, რომ, როგორც ყველა ვერ გახდება მსახიობი, მომღერალი ან მოცეკვავე, ისე ყველა მოდელი ვერ გამოვა. მსურველი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს მოდელის პარამეტრებს. ბოლო წლებში მოდელობა ძალიან მოდური გახდა. თითქმის ყველა გოგოს მოდელობა სურს. ნამდვილად მომხიბვლელია ლამაზი ტანსაცმლის ჩვენება, მოდის ჟურნალებისთვის პოზირება, წამყვანი კომპანიების რეკლამირება, თავბრუდამხვევი წინადადებები, პოპულარობა, დიდი ჰონორარი... მაგრამ ამ ყველაფერს რომ მიაღწიო, დიდი შრომისუნარიანობით უნდა გამოირჩეოდე და მოდის რომელიმე ქალაქში უნდა მოღვაწეობდე. ცოტა ბედიც უნდა გწყალობდეს.
ფოტოგრაფმა ბადრი ვადაჭკორიამ დისკი გადმომცა სამახსოვრო ფოტოებით. ქრისტიან-დემოკრატების წინასაარჩევნო შოუს დროს გადაუღია. შუალედში სამსახურიდან გამოვედი, სერგის გავუარე და კბილის ექიმთან წავიყვანე. შემდეგ ცეკვაზე დავტოვე - ქართულ ცეკვაზე დამყავს "სუხიშვილებში". მინდა, ქართული ცეკვა შეისწავლოს. შუალედში შევუარე ლიკას, რომელმაც მესამე შვილი გააჩინა. პატარა დათუნა ჰყავს. ძალიან საყვარელია, ჩემი მეშვიდე ნათლული იქნება. რამდენიმე დღე რომ ვერ ვნახო, უკვე ძალიან მენატრება.
სერგის გავუარე და სახლში მოვედით. მე და რუსლანს კონცერტი მოგვიწყო, სასაცილოდ ცეკვავს. მგონი გამოსდის...

22 აპრილი, სამშაბათი
ჩემი დღე დღესაც ადრე დაიწყო. სერგი სკოლაში გავუშვი, რუსლანი -სამსახურში. მე სალონში წავედი, მოვწესრიგდი და სამსახურში მივედი. მოვკალათდი კომპიუტერთან, ყავა დავიდგი, პრესას გადავხედე, ბევრი საინტერესო რამ წავიკითხე, ძირითადად - პოლიტიკაზე. შემდეგ ისევ მეილები, ზარები..: ჰო, 2-ში მე და რუსლანი ლიტვაში მივდივართ: ერთ-ერთ იქაურ ჟურნალს ჩემთან ინტერვიუ უნდა, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ მოდელთან და ფოტოების გაგზავნა მთხოვეს. შემდეგ სიარულის ორი გაკვეთილი ჩავატარე.
ლანჩზე მეგობარს შევხვდი. სოფო ბანკში მუშაობს, ჩემს გვერდით გადმოვიდა და შუადღეს ერთად გავდივართ ხოლმე. გუშინდელ კასტინგზე მარი აირჩიეს. დამირეკეს, დეტალებზე შევთანხმდით. ოდრის ამსგავსებენ ძალიან და ფოტოსესიაც ამ სტილში იქნება.
საღამოს ჩემი ოფისისთვის ინტერიერის დიზაინერთან მქონდა შეხვედრა, ერთად გავიარეთ რაღაც-რაღაცები, მერე მეგობრებთან ერთად მაღაზიის პრეზენტაციაზე წავედი.
სერგი დედაჩემთან მყავდა, ცოტა ხნით ავედი...
23 აპრილი, ოთხშაბათი
დილით სააგენტოში მივედი, ინტერვიუ მქონდა ერთ-ერთი ინტერნეტ-ჟურნალის კორესპონდენტთან. ძირითადად ვილაპარაკეთ შვეიცარიაში ჩემი ვოიაჟის შესახებ, საიდანაც ორი კვირის წინ ჩამოვედი. ბაზელში ვიმუშავე სამკაულების გამოფენაზე, ამჯერად ჰარი ვინსტონს წარმოვადგენდი. მანამდე კი კრისტიან დიორთან, პიაჟესთან, როჟე დუბუისთან და სხვა ცნობილ ბრენდებთან ვთანამშროლობდი.
ამ გამოფენაზე თავიდან ბოლომდე ბრილიანტებში ვიყავი ასხმული; მეკეთა ბეჭედი, რომლის ბრილიანტიც 20 კარატს იწონიდა და, სულ ცოტა, ხუთი მილიონი ფრანკი ღირდა. გარდა ამისა, მეკეთა ლამაზი კოლიე, საათი და საყურე. საერთოდ, შვეიცარიაში ხშირად მიწევდა სამკაულების ახალი კოლექციების ჩვენება და იმდენნაირი ბრილიანტი მკეთებია, რომ უკვე რეაქცია აღარ მაქვს. სულ სხვა სამყაროა, სხვა მოთხოვნილებებით...
მოკლედ, დავბრუნდი ჩემს საყვარელ თბილისში და ვცდილობ, მუშაობა განვაგრძო. გული მწყდება, რომ ქართულმა მოდამ პროგრესის ნაცვლად რეგრესი განიცადა. არ ვიცი, მაგრამ დაინტერესება მაინც დიდია, უცხოელი ნაცნობ-მეგობრები მეკითხებიან, რატომ არ ჩანან ქართველი მოდელები უცხოეთშიო. ჰოდა, მეც სააგენტო ამისათვის გავხსენი. მინდა, რომ ქართული სილამაზე უფრო დიდ ასპარეზზე მოხვდეს და მეტად გაიცნონ უცხოელებმა. ვნახოთ... მე მაქსიმალურად ვაკეთებ და გავაკეთებ ყველაფერს. დიდი გეგმები მაქვს. გეგმებზე წინასწარ არ მიყვარს ლაპარაკი...
სამსახურის შემდეგ სერგის გავუარე და ისევ კბილზე წავიყვანე, კაცურად იქცევა. მე ბავშვობაში საშინლად მძულდა სტომატოლოგთან მისვლა. იყო ხოლმე ერთი ამბავი!..
საღამოს ანტინარკოტიკული კლიპის გადაღებაზე გავიქეცი. სხვადასხვა თაობის ცნობილი ქალები მონაწილეობენ და თითო ფრაზას ამბობენ. იქიდან სტუმრად წავედი და გვიან დავბრუნდი.
24 აპრილი, ხუთშაბათი
დღეს დიდი ხუთშაბათია. საერთოდ, მძიმე კვირაა და ჩემი უმეტესი საქმეები შემდეგი კვირისთვის გადავდე. სააგენტოში მივედი, გოგოების გადაღებას დავესწარი, პარიზში ფოტოები მაქვს გასაგზავნი. გაკვეთილი ჩავატარე და ადრე წამოვედი. თამუნა ინგოროყვასთან ტანსაცმლის მოზომება მქონდა, მერე რაღაც პატარ-პატარა საქმეები მქონდა. სერგის გავუარე და სახლში მოვედით, რუსლანს სტუმრები ჰყავს და ვახშამზეა. ალბათ დააგვიანდება.
მოგვიანებით მეგობარმა დამირეკა: სადმე გავიდეთო. მოკლედ, სერგი ბებია-ბაბუასთან დავაბინავე. ნინომ და დათომ გამომიარეს და წავედით "პიპელსში", სადაც მშვენიერი საღამო გავატარეთ. რუსლანი იქ მოვიდა და გვიანობამდე ვიყავით...
25 აპრილი, პარასკევი
დღეს წითელი პარასკევია. ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარს აღდგომის დღესასწაული, სააღდგომო მზადება. ბებია ღებავდა ხოლმე კვერცხებს, ჩემს სახელს მაწერინებდა და სხვადასხვა ფიგურებს მახატვინებდა.
თვითონ მე კვერცხები პირველად ჟენევაში შევღებე. მასწავლეს, ხახვის ფურცლები უნდა შეაგროვო და მასში შეღებოო. კარგად გამომივიდა. აღდგომას რუსულ ეკლესიაში ვხვდებოდით ხოლმე. ეს ეკლესია ძალიან მიყვარს, რუს ემიგრანტებს აუშენებიათ. ძალიან მყუდროა და თავს მშვიდად ვგრძნობდი. აღდგომაზე ქართველები, უკრაინელები, რუსები და სერბები ვიკრიბებოდით. 12 საათზე იწყებოდა ზარების რეკვა და ერთმანეთისთვის მილოცვა, კვერცხების ჭახა-ჭუხი. იქაური მოსახლეობა აივნებზე იყო გადმომდგარი და ამ სანახაობას უყურებდა.
საერთოდ, ძალიან მიყვარს აპრილი - ჩემი დაბადების დღე. ბავშვობაში მამიდაჩემმა ეკამ ტიციანის ლექსი მასწავლა, ახლაც კარგად მახსოვს:
მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში,
მოდის ცრემლები ჩემს თვალებიდან.
მოკლედ, ხვალ ჩემი დაბადების დღეა.
გადავწყვიტე, დიდი დაბადების დღე არ გადავიხადო, რადგან მძიმე დღეა და ვცდილობ, ზედმეტი გართობისაგან თავი შევიკავო. ჯერ არ გადამიწყვეტია, რას ვიზამ...
მთელი დღე სერგისთან ერთად გავატარე. ვიყიდეთ პასკა, ელა ბებომ (ასე ეძახის სერგი ჩემს დედამთილს) კვერცხები შეგვიღება.
მერე გოგოები ნინოსთან გავედით ბავშვებთან ერთად, ბევრი ითამაშეს. კვირას ჩვენი სამეგობრო ტამუსიასთან და შაკოსთან აგარაკზე მივდივართ დღესასწაულის აღსანიშნად.
26 აპრილი, შაბათი
დილიდან მოლოცვის ზარები არ წყდება. მოლიცვები მივიღე კიევიდანაც, ჟენევიდანაც. ძალიან მიყვარს ეს დღე! ბავშვობიდან ყოველთვის განსაკუთრებულ და დიდ დაბადების დღეს ვიხდიდი. მეორე კლასში მთელი კლასი დავპატიჟე, 50 ბავშვი ვიყავით. ვერ ამოვარჩიე, ვინ უნდა დამეპატიჟა და ვინ - არა. ამიტომ, მთელი კლასი დავპატიჟე. უნდა გენახა, რა ხდებოდა! მამაჩემი იხსენებს, ავტობუსი რომ გაჩერდა და ამდენი ბავშვი გადმოცვივდა, მაშინღა მივხვდი, რომ ცუდად არის ჩემი საქმეო...
6 წლის რომ გავხდი, დედამ თოჯინა მაჩუქა, ბავშვს რომ ჰგავს. მაშინ ასეთი არსად იყიდებოდა, ატენზე აისორებში მიყიდა. ეს თოჯინა დღემდე მაქვს შენახული, ბუთხუზა ჰქვია. მთელი ბავშვობა თან მყავდა, ყველგან დავატარებდი. შემდეგ ჩემს მეგობრებსაც ჩამოუტანეს მშობლებმა და დაბადების დღეს ვუხდიდით ხოლმე თოჯინებს. კარგად მახსოვს: თოჯინებით ხელში მივდიოდით სხვა თოჯინის დაბადების დღეზე.
მე რომ დავიბადე, იმ დღეს აღდგომა ყოფილა. ხათუნამ, წითელ პარასკევს კვერცხები შევღებე და კვირას შენ გაგაჩინეო. აღდგომა 26 აპრილს 11 წელიწადში ერთხელ ემთხვევა... მოკლედ, ძალიან მიყვარს აღდგომის დღესასწაული, დაბადების დღე და აპრილი.
17 წლის რომ გავხდი, საკუთარი დაბადების დღიდან გავიპარე...
ჩემს დაბადების დღეზე ბევრი საინტერესო მოგონება მაქვს. მაგრამ ახლა ძალიან მეჩქარება, რადიოში უნდა გავიქცე, შემდეგ - სალონში. საღამოს გოგოები მივდივართ რესტორანში. არ ვაპირებდი, მაგრამ მეგობრებმა, მაინც მოვალთო...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG