Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გივი ბერიკაშვილი - მსახიობი


2017 წლის 10 აპრილს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი, გივი ბერიკაშვილი. ეს დღიური გივი ბერიკაშვილმა 2008 წლის გაზაფხულზე დაწერა რადიო თავისუფლების ყოველკვირეული პროგრამის, „თავისუფლების დღიურებისთვის".

27 აპრილი, კვირა
დღეს აღდგომაა. აღდგომა ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ბავშვი რომ ვიყავი, წითელი კვერცხი მიყვარდა და გორაობა წითელი კვერცხის... კიდევ იმიტომ მიყვარდა ეს დღე, რომ აღდგომას დასვენება იყო და არც სკოლაში წასვლა მიწევდა, და არც არანაირი საქმის კეთება.
მერე იყო და, როცა გავიგე, რას ნიშნავს აღდგომა, მივხვდი, რატომ დავყავდი დედას ეკლესიაში.
მერე უკვე სულ სხვანაირად ველოდი ამ დღეს.
მოკლედ, დღეს აღდგომაა, 27 აპრილი. ჩემთვის ეს თარიღი კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ლეილა ამ დღეს არის დაბადებული. როცა ცოლად შევირთე, იმ წელიწადსაც 27 აპრილს დაემთხვა აღდგომა.
მოკლედ, აღდგომა და ლეილას დაბადების დღე ერთად აღვნიშნეთ.
წელსაც ასე გამოვიდა...
მერე კიდევ ის მოხდა, რომ 27 აპრილს დაიბადა ჩემი უფროსი შვილი, ჩემი მანანა.
მერე ისეც მოხდა, რომ ორივეს დაბადების დღე კიდევ ერთხელ დაემთხვა აღდგომას - 27 აპრილს...
და აი, წელს... კვლავ 27 აპრილია, აღდგომა, და ჩემი ლეილასა და მანანას დაბადების დღეები...
დილიდან რომ დაიწყო სტუმრების მოსვლა, მეორე დილამდე კარი არ მიხურულა!
კიდევ ერთი უცნაური ამბავი მოხდა დღეს. არასოდეს წითელი კვერცხი შეუჭმელი არ დაგვრჩენია. არ ვიცი, წელს რა მოხდა, კვერცხი იყო უგემური, თუ რა არის... მოკლედ სააღდგომო კვერცხები არ შეიჭამა და დაგვრჩა.
აღდგომაა! მე კი ერთი შევცოდე და ამ აღდგომა დღეს, როცა ჩემს სახლში ქეიფია, ვმუშაობ - რეპეტიცია მაქვს.
იმიტომ, რომ ეს საქმე არ მოიცდის: ზეგ პრემიერა მაქვს მარჯანიშვილის თეატრში...
მთელი საღამო რეპეტიციაზე გავატარე. გენერალური რეპეტიცია იყო და ღამის 12 საათამდე გაგრძელდა.

28 აპრილი, ორშაბათი
აღდგომის მეორე ორშაბათი ყოველთვის ძალიან დაკავებული დღე მქონდა და რაც ასაკში შევედი, ეს მოუცლელობა კიდევ უფრო გაიზარდა.
დილაუთენია გავდიოდი ხოლმე ჯერ ჩემი მშობლების სასაფლაოზე, მერე ახლობლების, წასულების საფლავების მოსანახულებლად მივდიოდი და სახლში შუადღისას ვბრუნდებოდი.
დღეს კი უკვე ერთი დღე აღარ მყოფნის, იმდენად გაიზარდა წასულების რიცხვი...
დილით ავდექი, სანთელი ავანთე, ჯერ ჩემს მშობლებს მოვუხადე ბოდიში და შემდეგ დანარჩენ ახლობლებს - ვინც იქ არიან...
ვერ გავედი სასაფლაოზე და... წავედი თეატრში.
დღეს პრემიერის წინა დღეა. საბოლოოდ შევთანხმდით, რა უნდა გავაკეთოთ საპრემიეროდ...

29 აპრილი, სამშაბათი
დილიდანვე ღელვა... ნერვიულობა... წესითა და რიგით, არ უნდა მქონოდა - 50 წელია, სცენაზე ვარ, მაგრამ მაინც გამორჩეულად ვღელავ. 12 წლის შესვენების შემდეგ პირველად გავდივარ ჩემი მშობლიური თეატრის სცენაზე.
ყველა მეკითხება, რატომ არ იყავი ეს 12 წელი სცენაზეო?
პასუხი ყოველთვის ერთი მაქვს: "იმიტომ, რომ ეს ხდება თეატრში... აეწყობა რეპერტუარი ისე, რომ შეიძლება, საჭირო არ იყო."
არადა, კვირაში 7 დღე ვყოფილვარ დაკავებული. კვირაში 8-9 სპექტაკლიც მითამაშია.
მერე იმიტომაც ვღელავდი, რომ სპექტაკლში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ. ვიფიქრე, ჯანმრთელობამ არ მიმტყუნოს, არ შევრცხვე-მეთქი.
რა ვიცი... თუ არ მატყუებენ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, საოცრად კმაყოფილი დარჩა მაყურებელი.
"პიგმალიონის" ქართული ვარიანტი დავდგით, აკა მორჩილაძისა და ლევან წულაძის პიესა. და, ჩემი აზრით, მოახერხეს რეჟისორმაც, მხატვარმაც, კომპოზიტორმაც - პატარა დღესასწაული გამართეს თეატრში.
ამ ქართული ვარიანტის მიხედვით, მე ჰიგინსის მამას ვთამაშობ - გრიგოლს...
პრემიერა გვიან დამთავრდა, მოლოცვები, ამბები...
სახლში დავბრუნდი, დაღლილი ვიყავი, აბა რა იქნებოდა... მაგრამ ვეღარ დავიძინე.
მთელი ღამე არ მიძინია - ყოველთვის ასეა პრემიერის მერე.
ოჯახის წევრები მეუბნებიან, წადი, დაისვენე, ხვალ სპექტაკლი გაქვსო.
ჩემი შვილიშვილები მაისის თვეში არიან დაბადებულები. ბიჭი 7 მაისს ხდება 15 წლის, გოგო - 9 მაისს თექვსმეტის. ორივე ტიროდა პრემიერაზე, ბიჭს ცრემლით ჰქონდა სავსე თვალები, გოგო კი მოთქმით ტიროდა.
არ გამკვირვებია - მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე პირველად მნახეს...

30 აპრილი, ოთხშაბათი
დღეს მსუბუქი დღეა.
ისე შევშინდი გადაღლილობით, რომ არ ვიცოდი საღამოს ფეხზე დგომას შევძლებდი თუ არა და მთელი დღე არავის ველაპარაკებოდი. განმარტოებით ვიყავი - თავს ვუფრთხილდებოდი.
პრემიერის მეორე დღე ყოველთვის მძიმეა.
საბედნიეროდ, ამ დღემაც კარგად ჩაიარა.
დარბაზი დღეს სხვანაირი იყო. ახლობლები შემოემატა - თეატრის გულშემატკივრები, თეატრის მოყვარული ხალხი.
აპლოდისმენტიც მეტი იყო, თაიგულებმაც იმატა.
პირველ დღეს ცოტა რატომ იყო ყვავილებიო? - ერთმა მკითხა. ვუთხარი, ალბათ არ ელოდნენ ჩემგან, ასეთი კარგი თუ გამოვიდოდა სპექტაკლი-მეთქი.
მართლა წარმატებული და კარგი გამოვიდა...
ღამე ისევ ვერ დავიძინე, იმიტომ, რომ წინ იყო ხუთშაბათი, და თეატრში ჩემი მეგობრის, კოლეგის, დათო დვალიშვილის 60 წლის იუბილე იმართებოდა.
არავითარი სურვილი არ მქონდა, უჩემოდ ჩატარებულიყო ეს საღამო!

1 მაისი, ხუთშაბათი
რადგან ჩათვალეს, რომ პრემიერა ჩავლილია, ოჯახი დილიდანვე შეტევაზე გადმოვიდა. ეს არა გვაქვს, ის არა გვაქვს, იქ ის ფულია გადასახდელი, აქ - ეს: ათასი წვრილმანი...
გავიხსენე ქართული ანდაზა - მიუჩვეველს ნუ დააჩვევ და დაჩვეულს ნუ გადააჩვევო - და ცოტა საოჯახო საქმეებით დავიტვირთე: "ათასი წვრილმანი" და ბაზარი.
მნიშვნელოვანი ერთი რამ მოხდა: ბაზარში ათასი მილოცვა მივიღე საპრემიეროდ. გამიკვირდა, რომ ამდენ ხალხს მოესწრო სპექტაკლის ნახვა.
რაც შეეხება "ათას წვრილმანს", მაღაზიას გარედან ცარცით მივაწერე: "990 წვრილმანი" - ათი რაღაც მოვითხოვე და არც ერთი არ ჰქონდათ!
საღამოს დათო დვალიშვილის საიუბილეო საღამოზე წავედი. მივესალმე, მოვეფერე და მერე... ბოდიში მოვუხადე: ბანკეტზე ვეღარ წამოვალ, ხვალ პრემიერა მაქვს-მეთქი.

2 მაისი, პარასკევი
სპექტაკლში ჩემთან ერთად თამაშობენ კოტე თოლორაია და თამარ სხირტლაძე. ეს ერთი ოჯახია, ჩვენ ვართ ამ სპექტაკლში მონაწილე უფროსი თაობა. კოტეს და გარდაეცვალა და დღესღა გაგვიმხილა...
თურმე, ეს დღეები ეს ამბავი მომხდარი იყო, მათ კი გულისტკივილი აიტანეს და არავის უთხრეს ამ საპრემიერო დღეებში.
ხდება ასე მსახიობის ცხოვრებაში: სახლში მიცვალებული რომ გყავდეს, თუ სპექტაკლის ბილეთები გაყიდულია, არავითარ შემთხვევეაში არ იხსნება სპექტაკლი. ჩემს დროს ასე იყო...
დღეს მნიშვნელოვანი სხვა არაფერი მომხდარა.
სპექტაკლის დაწყებამდე საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი და ტელეოპერატორი მესტუმრენ. მითხრეს, 15-წუთიანი ფილმის გადაღებას ვაპირებთო, ამ პრემიერით გვინდა დავიწყოთ და დავამთავროთო - 15 მაისს.
რატომ მაინცადამაინც 15 მაისს-მეთქი?
იმიტომ, რომ 75 წლის ხდებით 15 მაისსო.
გავიკვირვე - ვითომ არ მახსოვდა.
დაიწყო სპექტაკლი და იმათაც დაიწყეს ფილმის გადაღება. ასე გაერთიანდა ჩემთვის უსაყვარლესი კინო და თეატრი. კულისებში კამერა და დარბაზში - მაყურებელი.
ბევრჯერ უკითხავთ და ახლაც მკითხეს, კინო უფრო გიყვართ თუ თეატრიო?
როცა მეკითხებოდნენ თეატრი უფრო გიყვართ თუ კინოო, მე ვპასუხობდი - "ღვინო!"
ახლა რომ მკითხეს, კინო თუ თეატრიო, მე ვუთხარი: "თეატრი!" იმიტომ, რომ ცოცხალი შესრულებაა-მეთქი. კინო ფონოგრამას მაგონებს - მომღერალს, რომელიც ფონოგრამით მღერის. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
სპექტაკლი დამთავრდა. ტაში, ყვავილები...
გამოვედი საგრიმიოროში და ჩემი შვილიშვილები რომ ოთახში დამხვდნენ, მივხვდი, მესამედ ენახათ სპექტაკლი.
მერე წამოვედით სახლში - პაპა და შვილიშვილები.

3 მაისი, შაბათი
აღდგომის მომდევნო კვირა შაბათამდე ისე გავატარე, სასაფლაოზე ვერ გავედი. დღეს კი ძალიან ახლობელი გავისტუმრეთ...
ბევრი ჩემი ახლობელი იყო ჩამოსული რაიონებიდან. ვნახე ბევრი აქაურიც, რომელთაც ხშირად ვეღარა ვხვდები. მწუხარების დღე იყო და ბევრი სასიამოვნო სიტყვა მოვისმინე სპექტაკლთან დაკავშირებით. ბევრს ძალიან გაეხარდა, რომ თურმე კიდევ შემძლებია სცენაზე დგომა. სურვილები ერთი იყო: კიდევ დიდხანს გვაყურებინე შენს თავს - შენ შემოგევლეთო...
დღევანდელი დღე მძიმე იყო ჩემთვის, იმიტომ რომ კოტე თოლორაიას დაც დღეს დავკრძალეთ. იქაც მოვასწარი გაქცევა.
კიდევ სამძიმარზე ვიყავი - ჩვენი სახელოვანი მეგობარი კაცი, შესანიშნავი ქართველი, კაკო დვალიშვილი გარდაიცვალა.
მოვინახულე ყველა ახლობელი, ვინც იმ სასაფლაოებზეა დაკრძალული.
ახლა რადიო "თავისუფლებაში" მივდივარ...

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG