Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ლეგიონის ორდენის ერთადერთი ქართველი კავალერი და მისი საოცარი ამბავი


გასულ კვირაში საქართველოში 9 მაისის დღესასწაული

აღინიშნა და აღინიშნა, შეიძლება ითქვას, ტრადიციული სცენარით: ვეტერანები ორგანიზებულად მიიყვანეს გამარჯვების პარკში, შემდეგ დაასწრეს კონცერტს, დააჯილდოეს ერთჯერადი ფულადი საჩუქრებით და მოუწყვეს წვეულება. რაიონებში ეს დღესასწაული კიდევ უფრო მოკრძალებით ჩატარდა, მათ შორის - თელავშიც, სადაც დღემდე ცხოვრობს საფრანგეთის განმათავისუფლებელი პარტიზანული მოძრაობის ბოლო ქართველი მოჰიკანი, რომელიც საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს - საპატიო ლეგიონის ორდენის - ერთადერთი ქართველი კავალერია. მე მომეცა შემთხვევა, ცოცხლად დარჩენილ ბოლო ქართველ ”მაკიზარს”[ფარნგ ” maquisard], 86 წლის ვახტანგ სეხნიაშვილს, შევხვედროდი.


ისევე როგორც მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანისათვის, 9 მაისის დღესასწაული თელაველი ვახტანგ სეხნიაშვილისთვისაც გამარჯვების დღესასწაულია. თუმცა 86 წელს მიტანებულ ვეტერანს გული სწყდება იმაზე, რომ მისი თანამებრძოლებიდან ამჟამად აღარავინ არის ცოცხალი:


[ვახტანგ სეხნიაშვილი] ”აღარავინ აღარ არის, რა - არც პოლკის მეთაური, არც შტაბის უფროსი. მე ვარ პირველი ბატალიონის მეთაური და ჩემი მოადგილე იყო ალექსანდრე კალანდაძე, მწერალი, აი, ”მაკიზარებთან” რომ დაწერა. ასე ჰქვია ალექსანდრე კალანდაძის რომანს. რიგით კიდევ 14 ჩემი ბატალიონის მებრძოლი იყო. არც ერთი აღარ არის ცოცხალი.”(სტილი დაცულია)

ვახტანგ სეხნიაშვილი ლაპარაკობს ბატალიონზე, რომელიც 1944 წლის გაზაფხულზე გერმანელი ფაშისტების ტყვეობიდან გაქცეულმა ქართველმა მეომრებმა ჩამოაყალიბეს საფრანგეთის ტერიტორიაზე და რომელიც ”მაკიზარებთან” - საფრანგეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებთან - ერთად იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე.

[ვახტანგ სეხნიაშვილი] ”იქ, რა თქმა უნდა, მარტო ფრანგები არ იყვნენ. პოლონელები იყვნენ, ესპანელები იყვნენ, მით უმეტეს, ფრანგები იყვნენ. და ვიბრძოდით. პირველად სამხრეთ საფრანგეთში განთავისუფლდა ქალაქი კარმო. კარმოდან მერე ალბი, კასტრეცი, მანამდე კიდევ ჟუკოვეცში მოგვიწია ბრძოლა. რო აჯანყება მოვაწყეთ, მეორე დღეს თუ მესამე დღეს დამსჯელი ექსპედიცია ამოვიდა მთაში, გერმანელებისა. კვირა დღე იყო. სასტიკი ბრძოლები გადავიტანეთ, მაგრამ გადავრჩით.”(სტილი დაცულია)

ვახტანგ სეხნიაშვილი, რომელსაც ფრანგები ”კომენდანტ ვანიას” სახელით იცნობდნენ, თავის თანამებრძოლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დასრულებას ტულუზაში შეხვდა. მოგვიანებით ქალაქ ტულუზაშივე ჩატარდა აღლუმი, რომელიც გენერალმა დე გოლმა ჩაიბარა.

[ვახტანგ სეხნიაშვილი] ”ინგლისელებმა გაიარეს, ფრანგებმა გაიარეს და, ბოლოს, ჩვენმა ასეულმაც გაიარა. ეს დე გოლი დაინტერესდა - ტრიბუნაზე იდგა, ჩვენ დაბლა ვიყავით: პოლკის მეთაური, შტაბის უფროსი, მე - და იკითხა, ესენი ვინ არიანო? ესენი ”სოვეტიკები” არიან, აქ დგანანო. მაგათი ხელმძღვანელები სად არიანო? აი, დაბლაო. აგვიყვანეს მაღლა. აგვიყვანეს ტრიბუნაზე. ხელი ჩამოგვართვა და მადლობა გადაგვიხადა.”

საფრანგეთში მებრძოლი ქართველი პარტიზანები დე გოლის მთავრობამ სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა. პატივდებული ქართველი პარტიზანები საბჭოთა კავშირში 1945 წლის ნოემბერში დაბრუნდნენ. ისინი თავდაპირველად გმირებივით მიიღეს, მაგრამ სულ მალე ვახტანგ სეხნიაშვილსა და მის თანამებრძოლებს საბჭოთა ხელისუფლებამ ტყვეობაში ყოფნა გაუხსენა და, როგორც მოღალატეები, ციხეში გამოამწყვდია.

[ვახტანგ სეხნიაშვილი] ”ჩვენს პოლკს დაარქვეს ”ლჟე პარტიზანების” პოლკი. რომ ვითომ ყველაფერი ეს ხელოვნურად იყო გაკეთებული, რომ ჩვენ იქ დამსახურება მიგვეღო. დაგვაპატიმრეს სუყველანი. მოგვისაჯეს 20 -25 წლები.”(სტილი დაცულია)


უშიშროების კომიტეტმა მხედველობაში არ მიიღო არც საფრანგეთში გამოჩენილი გმირობა და არც საბრძოლო ჭრილობა, ტანკისტ ვახტანგ სეხნიაშვილის მიერ მიღებული უშუალოდ დატყვევების წინ ხარკოვის მისადგომებთან ბრძოლაში.

[ვახტანგ სეხნიაშვილი] ”ვიბრძოდით თითქმის წელიწადი ფრონტებზე ხარკოვის მისადგომებთან. გერმანია მაშინ ლენინგრადისკენ მიილტვოდა და ჩვენებმა ხარკოვთან წამოიწყეს ბრძოლები, რომ შეეფერხებინათ ისინი. და, ფაქტიურად, ისე გამოვიდა, რომ გაგვწირეს. ხარკოვის მისადგომებთან ჩავვარდით ტყვედ. ცეცხლმოკიდებული ტანკიდან ამოვხტი და ”ჰენდე ხოხო” დამადგნენ თავზე. ” (სტილი დაცულია)

საფრანგეთის განთავისუფლებაში მონაწილე ქართველ პარტიზანებს ტყვეობაში მეორედ მოუწიათ ყოფნა და ამჯერად უფრო ხანგძლივად. ვახტანგ სეხნიაშვილი და მისი თანამებრძოლები რუსთავის საპატიმროდან 6 წლის შემდეგ გაათავისუფლეს. 1960 წელს კი მოხდა მათი რეაბილიტაცია. თუმცა ვახტანგ სეხნიაშვილსა და მის თანამებრძოლებს უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა ჩამორთმეული ფრანგული ორდენები და მედლები აღარ დაუბრუნა.

[ვახტანგ სეხნიაშვილი] ”მე მქონდა დაჯილდოების დოკუმენტები, 1945 წელში რომ დამაჯილდოვეს. სამხედრო ჯვარია, მერე მებრძოლის ჯვარი, ”კუა და კომბატანტ”, მედალი - ”სევრისე მილიტერ ვოლონტეერ”. გენერალ კენიგის ხელმოწერით იყო ეს სამხედრო ჯვარი და ისინი.”(სტილი დაცულია)

ციხიდან გამოსულმა ვახტანგ სეხნიაშვილმა აკადემიკოს ვიქტორ კუპრავას დახმარებით შეძლო უნივერსიტეტში აღდგენა. ერთ-ერთი თანამებძოლის ფრანგი მეუღლე კი დაეხმარა იმაში, რომ საფრანგეთის მთავრობა დაინტერესებულიყო ქართველი პარტიზანების ვინაობით.
მოგვიანებით კი, ფრანგულ ”ლე მონდში” გამოქვეყნებულმა სტატიამ ვახტანგ სეხნიაშვილზე მთელი ფრანგული საზოგადოება აალაპარაკა.

[ვახტანგ სეხნიაშვილი] ”საფრანგეთი არ ივიწყებს თავის პარტიზანს, ”კომენდანტ ვანიას”. ხოდა, მერე საფრანგეთის გაზეთებში იყო და იმის გარეშე კიდევ. და მერე საფრანგეთმა დამინიშნა კიდეც პენსია.”

პენსიის გარდა, ”კომენდანტი ვანია”, იგივე ვახტანგ სეხნიაშვილი, საფრანგეთის მთავრობამ 2005 წელს ყველაზე საპატიო ჯილდოთი - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენით - დააჯილდოვა. ამასთანავე, ვახტანგ სეხნიაშვილი ერთბაშად ოთხი ფრანგული ქალაქის საპატიო მოქალაქეცაა. მაგრამ ყველა ქალაქს მას მაინც თავისი მშობლიური თელავი ურჩევნია. საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის ერთადერთ ქართველ კავალერს, 86 წელს მიტანებულ ვახტანგ სეხნიაშვილს, ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულება აქვს. მას დღემდე მიაჩნია, რომ გმირებს გარემოება ქმნის და რომ გამარჯვება მხოლოდ მოთმინებით მიიღწევა.

[ვახტანგ სეხნიაშვილი] ”ეპოქაა ისეთი, რომ ძალაუნებურად ეს გაჭირვებაც უნდა ავიტანოთ. მეტი გზა არ არის. და მე ძალიან იმედი მაქვს, რომ საქართველო ნამდვილად უნდა აყვავდეს. აშენდება ისეთი სახელმწიფო, აი, როგორიც შვეიცარიას აქვს. ესეთი იმედი მაქვს.”(სტილი დაცულია)



  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG