Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა, 11 მაისი


მომავალი სეზონიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის

სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდოთ - ოპერის გენერალურმა დირექტორმა დავით საყვარელიძემ, პირველად ჩვენთან საუბარში, განაცხადა, რომ აპირებს დატოვოს თავისი პოსტი, რადგან მიზანს უკვე მიაღწია: რეფორმის პირველი ეტაპი დასრულდა. საყვარელიძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან კონფლიქტი არ ჰქონია; ეს გადაწყვეტილება იმიტომაც მიიღო, რომ საზღვარგარეთ აპირებს მუშაობას როგორც თეატრის რეჟისორი:

[დავით საყვარელიძის ხმა] ”ძალიან დიდი ხელშეწყობა მქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით... ყველა პრობლემა ჩვეულებრივი ცხოვრებისეულია. უბრალოდ, სამწლიანი რეფორმა თითქმის დასრულდა. ახლა იწყება ინფრასტრუქტურის შექმნა - ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი.”


სამი წლის განმავლობაში ოპერის თეატრის რეპერტუარი, მართლაც, მნიშვნელოვნად განახლდა: შესაძლებელი გახდა უცხოელი რეჟისორების თბილისში ჩამოყვანა და შედარებით ნაკლებად ცნობილი ოპერების დადგმა. თუმცა, დავით საყვარელიძის თქმით, ოპერის თეატრს ახლა ტექნიკური, საორგანიზაციო პრობლემები უფრო აქვს გადასაწყვეტი - ამ საქმეს კი უმჯობესია მენეჯერმა და არა ხელოვანმა უხელმძღვანელოს:

[დავით საყვარელიძის ხმა] ”უბრალოდ, პრეცედენტი იმისა, რომ ასეთი პოსტებიდან რეჟისორები მიდიან, არის ძალიან კარგი. საზღვარგარეთ არის როტაცია. თეატრში რამდენიმე წლის შემდეგ უკვე აუცილებელია მმართველობის შეცვლა, რადგან ახალი სისხლი, ახალი ენერგია... ყველა ცვლილება ყოველთვის კარგია.”

”მემკვიდრეს იპოვიანო”, - ამბობს ჩვენთან საუბარში დავით საყვარელიძე. ოპერის თეატრის გენერალური დირექტორი არ უარყოფს, რომ სამი წლის განმავლობაში თეატრმა შედარებით ნაკლები ყურადღება დაუთმო ეროვნულ საოპერო ხელოვნებას, თუმცა იმასაც ამბობს, რომ მთლად არ იზიარებს სახელმწიფო პოლიტიკას კულტურის დარგში - ფოლკლორის, ხალხური ხელოვნების პრიორიტეტს.

[დავით საყვარელიძის ხმა] ”ბოლო ხანებში სამინისტრომ აქცენტი გადაიტანა ხალხურ მუსიკაზე. მე კი ვფიქრობ, რომ აქცენტი არა ჩოხებზე, არამედ ფრაკებზე უნდა გაკეთდეს, თუკი ევროპეიზაცია გვინდა.”

”ფრაკებზე” ყურადღების გადატანა აქამდე უცხოელი რეჟისორების ჩამოყვანით გახდა შესაძლებელი. მათი მოწვევა საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, თუმცა ყოველთვის არ ამართლებდა. ქართველმა სპეციალისტებმა, მაგალითად, წარუმატებლობად შეაფასეს რეჟისორ ვერნონ მაუნდის ექსპერიმენტი ვერდის ოპერაში ”ტრუბადური”, სერიოზული შენიშვნები გამოითქვა ”ბალ-მასკარადის” მიმართაც. სამაგიეროდ, საგასტროლოდ ჩამოსული მუსიკოსების გამოსვლებზე სრული ანშლაგი იყო.

ოპერის თეატრში ანშლაგს უნდა ველოდოთ 14 მაისს - ჯუზეპე ვერდის ”რეკვიემზე”. თბილისში ჩამოდის ისრაელის სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური დირექტორი და მთავარი დირიჟორი დენ ეტინგერი, რომელიც პარალელურად დირიჟორობს საოპერო ორკესტრებს ბერლინში, ტოკიოში, ვენაში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში.

[“ჯადოსნური ფლეიტა”]

”ჯადოსნური ფლეიტა” ისრაელის საოპერო თეატრში ეტინგერის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად ითვლება. თუმცა დირიჟორის პოპულარობა მოცარტის სხვა ოპერის - ”კოზი ფან ტუტეს” - დადგმამ უფრო განაპირობა. ეტინგერი ამბობდა, რომ წინააღმდეგია მოცარტის ეპოქის ინსტრუმენტების გამოყენებაზე და, საერთოდ, არ მოსწონს, როცა დირიჟორი კლასიკური მუსიკის ”რესტავრატორის” როლს ასრულებს. ოპერა გასაგები უნდა გახდეს თანამედროვე მსმენელისთვისო ,- წერდა ისრაელელი დირიჟორი...

[ბეთჰოვენი ”ჰეროიკული”]

ბევრმა არ იცის, რომ დენ ეტინგერს დირიჟორის განათლება არც აქვს მიღებული. წლების მანძილზე იგი ისრაელის საოპერო თეატრის გუნდს ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით გაემგზავრა ბერლინში და დენიელ ბარენბოიმის ასისტენტი გახდა. პარალელურად აგრძელებდა მოღვაწეობას როგორც პიანისტი, კონცერტმეისტერი - სწავლობდა და თავადაც ასწავლიდა. ამჟამად ეტინგერი ბერლინის საოპერო თეატრის ”უნტერ დენ ლინდენის” კაპელმეისტერიცაა... საერთოდ, ვოკალურ მუსიკას ანიჭებს უპირატესობას და, როგორც წესი, ორკესტრს დირიჟორობს მაშინ, როცა სიმფონიურ ნაწარმოებში ვოკალიცაა ჩართული

[ბრამსი]

14 მაისს თბილისის ოპერის თეატრში ვერდის ”რეკვიემს” მიშელინა ქობალიანი, ელენე პუტილოვა, გია მახარაძე, ლეგი იმედაშვილი, თბილისის ოპერის თეატრის გუნდთან ერთად იმღერებენ. მუსიკის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეტინგერის გასტროლები მნიშვნელოვანი იქნება, პირველ რიგში, ჩვენი თეატრის ორკესტრისთვის...რადგან სწორედ ოპერის თეატრის ორკესტრის მიმართ გაისმის ხოლმე ბოლო დროს სერიოზული კრიტიკა. თუმცა ეტინგერის გასტროლები მასტერკლასებს არ მოიცავს: ”რეკვიემის” შესრულებისთანავე თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დირიჟორს ახალი ტურნე ელის - ვენაში, სადაც ”სიყვარულის ნექტარს” უნდა უდირიჟოროს, და ვაშინგტონში, სადაც ”ტრავიატას” ახალი დადგმისთვის ემზადებიან.


  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG