Accessibility links

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, არჩევნებზე უკეთ დაკვირვების მიზნით, მედიაცენტრი დააფუძნეს


11 მაისს დასრულდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა აკრედიტაციის ვადა.

სულ, ოფიციალური ინფორმაციით, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში რეგისტრირებული 31 არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება. ტრადიციულად, აკრედიტებულ ორგანიზაციათა შორისაა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, რომელთა ლიდერები 12 მაისს წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში კოორდინაციის აუცილებლობაზე შეთანხმდენენ და, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე უკეთ დაკვირვების მიზნით, მედიაცენტრი დააარსეს. მინდა ახალი ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესახებ მოგითხროთ.

მედიაცენტრში გაერთიანებული ორგანიზაციები არჩევნების პროცესს 5 იანვარსაც აკვირდებოდნენ. ”სამართლიანი არჩევნების” საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე-დელონე, მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამბობს, რომ, ერთობლივი ძალისხმევით, მონიტორინგის შესახებ დროული და სანდო ინფორმაციის გავრცელება იქნება შესაძლებელი:

[ეკა სირაძე-დელონეს ხმა] „რადგან კარგი გამოცდილება იყო ეს მედიაცენტრი, ამიტომ ავტომატურ რეჟიმში გადმოვიდა ამ საპარლამენტო არჩევნებზეც. აქ არ ხდება ფუნქციების დუბლირება. ფუნქციები გვაქვს მკაფიოდ გაყოფილი, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც კომპონენტები არის კოორდინაციით გაკეთებული, არის სხვა კომპონენტები, რომელიც კოორდინაციით არ გაკეთდება. მაგალითად ხმათა პარალელურ დათვლას თუ ავიღებთ, ჩვენი ორგანიზაცია ჩვენი მეთოდიკით ახორციელებს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ „ახალი თაობა - ახალი ინიციატივაც“ იგივენაირად გააკეთებს.” (სტილი დაცულია)

„ახალი თაობა - ახალი ინიციატივა“, რომლის შესახებაც ეკა სირაძე-დელონე ლაპარაკობდა, 21 მაისის არჩევნებზე ათას სამასამდე დამკვირვებლით იქნება წარმოდგენილი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის კოკი იონათამიშვილის თქმით, ორგანიზაცია ასევე აპირებს ხმების პარალელურ დათვლას:

[კოკი იონათამიშვილის ხმა] „არჩევნების დღეს გვეყოლება დამკვირვებლები ყველა ოლქში, მათ შორის, ზემო აფხაზეთსა და ლიახვის ხეობაში. ასევე განვახორციელებთ ხმების პარალელურ დათვლას. გარდა მთლიანი საქართველოს შედეგებისა, ცალკე გამოვყოფთ ხუთ საარჩევნო ოლქს, რომელთა შედეგები იმავე დღესვე გამოქვეყნდება. ლაპარაკია ვაკის, სამგორის, ზუგდიდის, გორისა და ბათუმის ოლქებზე.“

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე აკვირდებიან წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის თამარ ქაროსანიძის თქმით, მონიტორინგი ტარდება ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენებისა და მედიაში პოლიტიკურ პარტიათა არათანაბარი გაშუქების ფაქტების გამოსავლენად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დამკვირვებლები არ იაქტიურებენ უშუალოდ 21 მაისს:

[თამარ ქაროსანიძის ხმა] „არჩევნების დღეს გვექნება ორი ტიპის მონიტორინგი: ერთი, წინა არჩევნების მსგავსად, ვაპირებთ წინასწარი დაკავების იზოლატორებში კენჭისყრის პროცესის დაკვირვებას და შედეგების იმავე დღესვე გამოქვეყნებას. და, მეორე: გადავწყვიტეთ განვახორციელოთ მონიტორინგი ქვემო ქართლში, სადაც, ტრადიციულად, ბევრი დარღვევა ფიქსირდება.“

არჩევნების დღეს ასევე იაქტიურებენ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრები. თუმცა, როგორც ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძე ამბობს, იურისტების აქტიურობა ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგაც არ შენელდება:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] „განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ კენჭისყრის დღის შემდგომ პროცედურებს, საოლქო კომისიებში საჩივრების განხილვას და ხმის დათვლის პროცედურებს. დაახლოებით, 40 ოლქში მოხდება დაკვირვება.“

არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ მედიაცენტრის საშუალებით საგრძნოლად გაიზრდება მათი მარგიქმედების კოეფიციენტი და, ერთობლივი ძალისხმევით, ყველა მეტ-ნაკლები მნიშვნელობის მქონე დარღვევაზე დროული რეაგირება მოხდება. გიორგი ჩხეიძის თქმით, მედიაცენტრი იმუშავებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე.
XS
SM
MD
LG