Accessibility links

logo-print

სერბია: პროდასავლური კოალიცია არჩევნებში იმარჯვებს - ნაციონალისტები დამარცხებას არ აღიარებენ


სერბიაში კვირას, 11 მაისს, გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა პროდასავლური პარტიების კოალიციამ მოიპოვა.

თუმცა არჩევნების შედეგი მათ ცალსახა გამარჯვებას ჯერ კიდევ არ ნიშნავს. ქვეყნის ნაციონალისტური პარტიები აცხადებენ, რომ ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მათაც საკმარისი ხმები მოაგროვეს.

სერბიის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულმა ალიანსმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. ეს მოულოდნელი შედეგია - ბევრი ვარაუდობდა, რომ არჩევნებში გამარჯვებას ევროკავშირის მოწინააღმდეგე ნაციონალისტები მოიპოვებდნენ.

წინასწარი შედეგებით, კოალიციამ, რომელსაც სათავეში პრეზიდენტ ბორის ტადიჩის დემოკრატიული პარტია უდგას, ხმათა 39 პროცენტი მოიპოვა. ეს კი ტომისლავ ნიკოლიჩის რადიკალურ პარტიაზე 10 პროცენტით მეტია.

არჩევნების საბოლოო შედეგები ხუთშაბათს, 15 მაისს, უნდა გამოქვეყნდეს. თუმცა დემოკრატთა მხარდამჭერები ამას არ დაელოდნენ და ბელგრადის ქუჩებში უკვე წუხელ გამართეს ზეიმი.

მხარდამჭერებს პრეზიდენტი ტადიჩიც მიესალმა:

[ტადიჩი]
”ძალიან დიდი მადლობა. ეს უდიდესი გამარჯვებაა სერბიისთვის. უდიდესი გამარჯვებაა სერბიის დემოკრატიისთვის. უდიდესი გამარჯვებაა ევროპული მომავლისთვის.”

საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნები დადებითად შეაფასეს. მათი განცხადებით, არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული და ხალხი არჩევანს თავისუფლად აკეთებდა.
ევროკავშირმა, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის დემოკრატიულ სერბიასთან გაწევრიანების წინა შეთანხმება გააფორმოს, არჩევნების შედეგებს დადებითად გამოეხმაურა და გამარჯვებულებს მოუწოდა, მალე ჩამოაყალიბონ მთავრობა, რომელსაც ”მკაფიო ევროპული მიმართულება” ექნება.

არჩევნებამდე დაახლოებით სამი თვით ადრე კოსოვომ, სადაც უმრავლესობას ეთნიკური ალბანელები წარმოადგენენ, სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რამაც ნაციონალისტი პრეზიდენტის - ვოისლავ კოშტუნიცას - მთავრობის რღვევა მოიტანა.

პოლიტოლოგები ფიქრობდნენ, რომ კოსოვოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერით გაღიზიანებული ელექტორატი ამ არჩევნებში მხარს ნაციონალისტებს დაუჭერდა.

ულტრანაციონალისტი ტომისლავ ნიკოლიჩი აცხადებს, რომ დემოკრატები ნაადრევად ზეიმობენ გამარჯვებას:

[ნიკოლიჩი]
”დიდია იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოყალიბდეს კოალიცია, რომელშიც არ შევა დემოკრატიული პარტია. მე მინდა მივმართო სერბიის მოქალაქეებს, რომლებიც დღეს მართებულად ზეიმობენ, რადგანაც მათმა სიამ ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მაგრამ ბორის ტადიჩს არ აქვს უფლება ეს ზეიმის საბაბად წარუდგინოს მათ, ვინც ახალ მთავრობას შეავსებს. მთავრობა როგორც უნდათ, ისე შეუძლიათ დააკომპლექტონ, მაგრამ იმისათვის, რომ ის დამტკიცდეს, 126 დელეგატის ხმა არის საჭირო!”

სერბიის სამი ნაციონალისტური პარტია მხარდამჭერთა ნაკლებობას არ უჩივის. ნიკოლიჩის რადიკალურ პარტიასთან ერთად, ესენია კოშტუნიცას კონსერვატორული ბლოკი და სერბიის ყოფილი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის, სოციალისტური პარტია.

ნიკოლიჩის თქმით, ამ პარტიათა ლიდერები მთავრობის ფორმირების შესახებ შეხვედრის გამართვას გეგმავენ. წინასწარი შედეგების თანახმად, სამ ნაციონალისტურ პარტიას ერთად პარლამენტში 127-ხმიანი უმრავლესობა ექნება.

დემოკრატები კოალიციის შექმნას შედარებით მომცრო პარტიებთან - მათ შორის, ლიბერალ-დემოკრატებთან - შეძლებენ, თუკი ეს პარტიები 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას მოახერხებენ.

კვირას გაკეთებულ განცხადებაში ვოისლავ კოშტუნიცამ დემოკრატებთან ალიანსის შესაძლებლობა გამორიცხა:

[კოშტუნიცა]
”პრეზიდენტ ტადიჩის პარტიას და ჩვენ შორის არსებული განსხვავებების გადალახვა შეუძლებელია. ჩვენი პოლიტიკა გათვლებს არ ექვემდებარება. ის არ შეიცვლება. სახელმწიფო და ეროვნული პოლიტიკის ირგვლივ ჩვენი პრინციპები მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული და ამას ვერასოდეს შეველევით.”

პარლამენტი მუშაობას ივნისის შუა რიცხვებიდან უნდა შეუდგეს. მთავრობა კი სექტემბრის შუა რიცხვებიდან უნდა ამოქმედდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG