Accessibility links

logo-print

რა მოთხოვნებს აყენებს სოხუმი მოლაპარაკებათა განახლებისთვის - ინტერვიუ სერგეი შამბასთან


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა საქართველოში აშშ-ის საელჩოს დელეგაციასთან ერთად ამ დღეებში აფხაზეთს ესტუმრა.

იქ გამართული შეხვედრების შესახებ სატელეფონო ინტერვიუ ჩამოვართვი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას... ცნობილი გახდა , რომ სოხუმში მეთიუ ბრაიზას ახლდა საქართველოს ელჩი გაეროში ირაკლი ალასანიაც, რომელიც სწორედ სერგეი შამბას შეხვდა. რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში დე ფაქტო მინისტრი ამ შეხვედრასაც ახსენებს.

- ბატონო შამბა, სოხუმში თქვენ გქონდათ შეხვედრა მეთიუ ბრაიზასთან. რა საკითხები წამოსწიეთ ამ შეხვედრაზე ?

სერგეი შამბა: განვიხილეთ კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული თითქმის ყველა საკითხი, განვიხილეთ არსებული სიტუაცია.. უპირველეს ყოვლისა, საუბარი გვქონდა უსაფრთხოების საკითხებზე და, რაღა თქმა უნდა, შევეხეთ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების პერსპექტივას. ჩვენის მხრივ, ვილაპარაკეთ ჩვენს ძველ მოთხოვნებზე, აღვნიშნეთ, რომ მოლაპარაკებები შესაძლებელია, დაინტერესებულნიც ვართ მოლაპარაკებების განახლებით, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს ადრე ხელმოწერილი შეთანხმებების პირობებს.

- და რა წინადადებები ჰქონდა თავად ბატონ ბრაიზას?

სერგეი შამბა : მასთან მოლაპარაკება არ ყოფილა.. ამერიკელები აქ იყვნენ იმისთვის, რომ გაეცნოთ ჩვენი პოზიცია მოლაპარაკებათა განახლების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მან 2 ხედვის არსებობას გაუსვა ხაზი. არსებობს აფხაზების ”მომავლის გასაღები”, რომელიც 2 წლის წინ წარმოვადგინეთ, და საქართველოს ხედვა - პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივები. ბრაიზამ თქვა, რომ საჭიროა გადაწყვეტილების მოძებნა ამ 2 ხედვის არსებობის გათვალისწინებით.

- გასაგებია. თუ მოიძებნა შეხების წერტილები, თუ მიაღწიეთ ურთიერთგაგებას? ამერიკელების რა წინადადებები იყო მისაღები თქვენთვის?

სერგეი შამბა: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამერიკელებთან მოლაპარაკება არ გვქონია. აქედან გამომდინარე, ვიტყვი, რომ ჩვენ მათთან არც უთანხმოება გვქონია და არც ურთიერთგაგება. ამერიკელებმაც და ჩვენც დავადასტურეთ, რომ მოლაპარაკებათა პროცესის განახლება შესაძლებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამისთვის საქართველომ უნდა შეასრულოს ადრე მიღწეული შეთანხმება - გაიყვანოს კოდორის ხეობიდან სამხედროები და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები.

- ბატონო შამბა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს მდივნის მოადგილის თანაშემწემ სოხუმში ვიზიტით დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს ხელი შეუწყოს მხარეებს მოლაპარაკებების განახლებაში? როგორ უყურებთ ამერიკის შეერთებული შტატების როლს მოლაპარაკებათა განახლების პროცესში?

სერგეი შამბა: ამერიკის შეერთებული შტატების როლი ამ პროცესში განსაზღვრულია. ის არის გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრი. ჯგუფის წევრები კი მოლაპარაკებათა პროცესში დამკვირვებლის როლს ასრულებენ..

- ცნობილია, რომ სოხუმში თქვენ გქონდათ შეხვედრა ირაკლი ალასანიასთანაც. რისი თქმა შეგიძლიათ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით?

სერგეი შამბა: მასთან შეხვედრაზე ჩვენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განვიხილეთ.

- მოლაპარაკებების განახლებისთვის თქვენ ითხოვთ ძველი სტატუს კვოს აღდგენას კოდორის ხეობაში, თუმცა ეს მოთხოვნა თბილისისთვის კატეგორიულად მიუღებელია .. არის თუ არა შესაძლებელი ურთიერთკომპრომისი?

სერგეი შამბა: კომპრომისი აქ არ შეიძლება.. ჩვენ შორის ხელმოწერილია დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, უნდა მოხდეს კოდორის ხეობის დემილიტარიზაცია.

- კიდევ ერთი შეკითხვა... ერთ-ერთი ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში შექმნილი ვითარება მოითხოვს ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანების შეხვედრას .. ვის გულისხმობთ ასეთებში?

სერგეი შამბა: მე ვარ ასეთი.

- ქართველებს შორის?

სერგეი შამბა: ალასანიას შევხვდი.. იმიტომ რომ ის მიმაჩნია ასეთად..

- ამავე ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ მზად ხართ ჩახვიდეთ თბილისში და ჩაერთოთ მოლაპარაკებათა პროცესში მაშინვე, როცა გაჩნდება თემა მოლაპარაკებისთვის...

სერგეი შამბა: ჟურნალისტის შეკითხვას, ვაპირებ თუ არა თბილისში ჩასვლას, ვუპასუხე, რომ ასეთი გეგმა არ მაქვს. შეხვედრისა და მოლაპარაკებისთვის უნდა მომზადდეს შესაბამისი დღის წესრიგი. ჯერჯერობით კი ასეთი რამ არ არსებობს, არ არის ჩამოყალიბებული განსახილველი საკითხები. როცა იქნება, კი ბატონო ... თბილისშიც ვყოფილვარ შეხვედრისთვის, ჟენევაშიც, თურქეთშიც, ათენშიც ...

- მაგრამ კოდორის ხეობაში სტატუს კვოს აღდგენაზე მოლაპარაკებებს თბილისი გამორიცხავს. ხართ თუ არა მზად კომპრომისისთვის?

სერგეი შამბა: ამიტომაც არ არის მოლაპარაკება. რა აზრი აქვს მოლაპარაკებას, როცა ერთ-ერთი მხარე მუდმივად არღვევს ადრე მიღწეულ შეთანხმებას. მით უფრო, ლაპარაკი არ არის უბრალო ქაღალდზე. მას ხელს აწერენ არა მარტო ქართველები და აფხაზები, არამედ გაეროც.
XS
SM
MD
LG