Accessibility links

logo-print

პეტერ სემნები: "საქართველო, როგორც წესი, რუსეთთან ჩვენი დიალოგის ნაწილია." ინტერვიუ სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელთან


გუშინ რადიო "თავისუფლების" პრაღის სტუდიაში გვეწვია ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პეტერ სემნები.

შვედი დიპლომატი თბილისიდან დილით ჩამოფრინდა, ნაშუადღევს კი ინტერვიუ მოგვცა.

რადიო "თავისუფლება": თქვენ ეს-ეს არის, ჩამოფრინდით თბილისიდან, სადაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდით. ამავე დროს, საქართველოს დედაქალაქში სტუმრად იყვნენ ევროპის კავშირის ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. ეს ორი ვიზიტი ერთმანეთთან დაკავშირებული იყო? და თუ იყო, რა იყო მათი მიზანი?

პეტერ სემნები: არა, ისინი ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებული არ ყოფილა, მაგრამ ზოგადად ვიტყოდი, რომ ამჟამად საქართველოს მიმართ დიდია ინტერესი და შეშფოთება. და უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე საკმაოდ ბევრი სტუმარი ჩავიდა საქართველოში. შეშფოთებას იწვევს მზარდი დაძაბულობა კონფლიქტურ რეგიონებში, კერძოდ, აფხაზეთში. მე თვითონ გასულ კვირაში ევროპის კავშირის ეგრეთ წოდებული "ტროიკის" ფორმატით გახლდით იქ. ამ ვიზიტების უმრავლესობა მიზნად ისახავდა მხარდაჭერის დემონსტრირებას ძალზე რთულ და საფრთხილო ვითარებაში. ასევე დიდია ინტერესი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მიმართ. მას მერე, რაც საქართველომ პოლიტიკური თვალსაზრისით რთული პერიოდი განვლო გასული წლის ნოემბრის შემდეგ, ამ არჩევნებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის კონსოლიდაციის მხრივ. ამ ვითარებაში ევროპის კავშირი და სხვა უცხოელი პარტნიორები საკმაოდ მნიშვნელოვან, სერიოზულ ნაბიჯებს დგამენ ამ არჩევნების ჩატარებაში დახმარების საქმეში.

რადიო "თავისუფლება": ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობა ერთობ დიდია. როგორც წეღან აღვნიშნეთ, თქვენ და ევროპის კავშირის ქვეყნების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები საქართველოში ბრძანდებოდით ამ დაძაბულობის გასანელებლად, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების გზით. გადაიდგა თუ არა, ან თუ იგეგმება მსგავსი ნაბიჯები რუსეთთან მიმართებაში?

სემნები: ჩვენ რუსეთთან მუდმივი დიალოგი გვაქვს და საქართველო ხშირად - მე ვიტყოდი, როგორც წესი - ამ დიალოგის ნაწილია. მომავალი კვირების მანძილზე რუსეთთანაც გაიმართება რამდენიმე შეხვედრა, რომლებზეც მოსალოდნელია, რომ საუბარი იქნება საქართველოზე და ვითარებაზე კონფლიქტურ რეგიონებში.

რადიო "თავისუფლება": საქართველოში შექმნილი ვითარება ხშირად უმაღლეს დონეზე განიხილება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე. ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა რუსეთის ახალ პრეზიდენტ მედვედევს დაურეკა ინაუგურაციის მისალოცად. ამავე დროს საუბრისას მან შეშეფოთება გამოთქვა საქართველოს გამო. მაგრამ როცა ევროპის მრავალ ქვეყანას ეხება საქმე - განსაკუთრებით ე.წ. "ძველ ევროპას" - ბევრი მიმომხილველი შენიშნავს, რომ ისინი თავს იკავებენ პირდაპირ მოსკოვთან ამ საკითხის წამოჭრისგან.

სემნები: თუ გადახედავთ განცხადებებს, რომლებიც ევროპის კავშირმა გააკეთა ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე, დაინახავთ, რომ ევროკავშირმა დიახაც გამოხატა შეშფოთება რუსეთთან დაკავშირებით. ვერ დაგეთანხმებით შეკითხვის ამგვარად დასმაში. ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავდით, კერძოდ, ზოგიერთი ცალმხრივი ნაბიჯის გამო. მაგალითად, პრეზიდენტის განკარგულების გამო სეპარატისტულ რეგიონებთან კავშირების დამყარებისა და გაძლიერების თაობაზე -საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე. იყო სხვა მსგავსი საკითხებიც, რომლებიც წამოვჭერით სხვადასხვა დროს. გადახედეთ ამ განცხადებებს!

რადიო "თავისუფლება": და მაინც, ევროპის კავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპელებს უსაყვედურა, რომ 1921 წელს, როცა საქართველო საბჭოთა კავშირმა მიიერთა, ევროპამ არაფერი მოიმოქმედა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად ევროპა ამ "შეცდომას არ გაიმეორებს". როგორ ფიქრობთ, შეიძლება, ევროპამ "შეცდომა გაიმეოროს"?

სემნები: არა, ევროპა ხელახლა არ გაივლის ისტორიის ამ მონაკვეთს.

რადიო "თავისუფლება": უკვე რამდენიმე წელია, რუსეთის მთავრობა ატარებს პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენობას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში - ამ რეგიონების მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებით, ეკონომიკური სუბსიდიების გამოყოფით, რუსეთის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიცემით. რატომ დროულად არ რეაგირებდა დასავლეთი მოსკოვის ამ ნაბიჯებზე? და არც მაშინ, როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოაგდო? ახლა გვიან ხომ არ არის?

სემნები: თუ უკან გავიხედავთ, ბევრ შემთხვევას გავიხსენებთ, როცა ასეთი საკითხები წამოგვიჭრია. ასე რომ, შეკითხვის ასე დასმას ვერ დავეთანხმები.

რადიო "თავისუფლება": თავის ბოლოდროინდელ ნაბიჯებს კრემლი "საკუთარ მოქალაქეებზე" ზრუნვით ხსნის. ერთმა დასავლელმა დიპლომატმა ამ მოქალაქეებს "ყალბი დიასპორა" უწოდა, რომელიც მოსკოვმა სწორედ იმით შექმნა, რომ აფხაზებსა და ოსებს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. რატომ დასჭირდა დასავლეთს ამდენი ხანი იმის დასანახად, რომ რუსეთი არ შეიძლება ამ კონფლიქტებში შუამავლად ან მომრიგებლად ჩაითვალოს?

სემნები: აქ საქმე გვაქვს ერთგვარ დილემასთან. იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთი ამ რეგიონში არის და დარჩება ფაქტორად, რომელსაც ანგარიში უნდა გაეწიოს. ის საქართველოს ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი უშუალო მეზობელია. ამის გათვალისწინებით, თუ რეგიონში სტაბილურობის მიღწევა გვსურს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რუსეთთან თანხმობას მივაღწიოთ. ეს კი ნიშნავს, რომ პრობლემების მოსაგვარებლად რუსეთს უნდა ველაპარაკოთ. ნაკლებად მნიშვნელოვანია, რას ვუწოდებთ რუსეთს: შუამავალს, მომრიგებელს, მოლაპარაკების მხარეს თუ რაიმე სხვას. შორეული პერსპექტივით, რეგიონში სტაბილურობის დასამკვიდრებლად აუცილებელია, საქართველოს უდიდეს მეზობელთან, სულ ცოტა, ერთგვარი მოდუს ვივენდი მაინც ვიპოვოთ.

რადიო "თავისუფლება": აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სხვა "გაყინული კონფლიქტებიც" არსებობს - მთიანი ყარაბაღი და დნესტრისპირეთი. მოეპოვება თუ არა ევროპის კავშირს ერთიანი სტრატეგია ამ კონფლიქტების საკითხში?

სემნები: ჯერ ერთი, მოვერიდებოდი ტერმინ "გაყინული კონფლიქტების" ხმარებას. "გაყინული კონფლიქტები" ხომ თითქოს იმას გულისხმობს, რომ ეს კონფლიქტები დიდად სახიფათო არ არის. ეს ტერმინი თითქოს თვითდამშვიდებისკენ გვიბიძგებს, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად უადგილოა. ვფიქრობ, უნდა ვსაუბრობდეთ არა გაყინვის წერტილს ქვემოთ მყოფ კონფლიქტებზე, არამედ კონფლიქტებზე, რომლებიც დუღილის წერტილს უახლოვდება. მე მათ ვუწოდებდი დაბალ ცეცხლზე მდუღარე კონფლიქტებს, სადაც ნებისმიერმა ინციდენტმა შეიძლება გამოიწვიოს ვითარების უაღრესად სახიფათო ესკალაცია. სწორედ ამას ეფუძნება კონფლიქტების ჩვენეული ხედვა. ეს არის კონფლიქტები, რომელთა იმ მდგომარეობაში დატოვება, რომელშიც აგერ უკვე ამდენი ხანია არიან, დაუშვებელია. რადგან ადრე თუ გვიან მოხდება რაღაც ისეთი, რასაც ვეღარ გავაკონტროლებთ. ამიტომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ სიტუაციის შესაცვლელად, პრობლემების დასაძლევად, კონფლიქტებში არსებული სტატუს კვოს ადგილიდან დასაძრავად.

რადიო "თავისუფლება": ხომ არ გგონიათ, რომ აფხაზეთში ახლა სწორედ ასეთ კრიტიკულ მომენტს ვუახლოვდებით?

სემნები: ბოლო ხანს მართლაც რამდენიმე უაღრესად მძიმე სიტუაცია გამოვიარეთ და ჩვენთვის ეს ერთგვარ გამაფრთხილებელ ნიშნად უნდა იქცეს. ვფიქრობ, დაფიქსირებულმა პოზიციებმა და გაკეთებულმა განცხადებებმა აშკარად დაგვანახა, რომ ევროპის კავშირისა და სხვების მხრიდან კიდევ უფრო გაიზარდა ამ კონფლიქტების მიმართ ინტერესი და მათს მოგვარებაში მონაწილეობის მზადყოფნა. ჩვენ უწინაც დაინტერესებული ვიყავით ამ საკითხებით, მაგრამ ბოლო რამდენიმე კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ - და ალბათ უწინდელზე უფრო მკაფიოდ - დაგვანახა ხიფათიც და მოქმედების აუცილებლობაც.

რადიო "თავისუფლება": ჩემი ბოლო შეკითხვა ეხება ევროპის კავშირის სამეზობლო პოლიტიკას, რომელშიც საქართველოც მონაწილეობს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროგრამა თავად ევროპის კავშირისთვის და რა წარმატებებზე შეიძლება საუბარი საქართველოსთან მიმართებით? და კიდევ ერთი: ევროპელი ლიდერები, როგორც წესი, ხაზს უსვამენ, რომ ამ პროგრამას არაფერი აქვს საერთო ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანებასთან. მაგრამ დასამალი არ არის - საქართველოში ბევრი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან ეს ქვეყანა კავშირის წევრი გახდება. იქნებ, ამ კუთხითაც შეაფასოთ ვითარება?

სემნები: სამეზობლო პოლიტიკა სხვადასხვა კუთხით შეიძლება განვიხილოთ. ერთი მხრივ, ეს არის ევროპისთვის სტაბილური სამეზობლო გარემოს შექმნა - ჩვენს მეზობლად მდებარე ქვეყნებში რეფორმების, გარდაქმნის, ცვლილებების მხარდაჭერით. ეს ქვეყნები უფრო უსაფრთხო გახდება, უფრო მეტად განვითარდება და, ამდენად, ევროპის კავშირსაც ბუნებრივ პარტნიორობას გაუწევს. ეს პროგრამა ემყარება ინდივიდუალურ მიღწევებს და ინდივიდუალურ წინსვლას. იმის მიხედვით, როგორ ასრულებს პროგრამის წევრი ესა თუ ის სახელმწიფო სამეზობლო პოლიტიკის მოთხოვნებს, ის უფრო ახლო ურთიერთობას ამყარებს ევროკავშირთან და ზოგ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ მასთან ინტეგრაციის ელემენტებზეც. სამეზობლო პოლიტიკის მიზანი არ არის ევროპის კავშირში გაწევრიანება. ამავე დროს, ის წევრობას არ გამორიცხავს. ხოლო თუ მომავალში ოდესმე დადგა ევროკავშირში ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანების საკითხი, მაშინ - სამეზობლო პოლიტიკის პროგრამის მონაწილე ქვეყანა, მიწვევის მიღების შემთხვევაში, სხვებზე უფრო ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა დიდწილად ეფუძნება გარდაქმნებისა და რეფორმების პროგრამას, რომლებიც თავის დროზე შემუშავებულ იქნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. ეს ქვეყნები ახლა უკვე კავშირის წევრები არიან. ასე რომ, ვფიქრობ, ეს ფაქტორები - თუნდაც ისინი არავითარ გარანტიებს არ შეიცავდეს - ხელს შეუწყობს საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების მხრიდან ევროპის სამეზობლო პოლიტიკისადმი ინტერესსა და ერთგულებას.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG