Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმების პარალელური დათვლა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე


არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე

ხმების პარალელურ დათვლას განახორციელებს. ორგანიზაციის 1400 დამკვირვებელი ხმებს ეგრეთ წოდებული "პივიტი" მეთოდით დაითვლის. დაითვლება მხოლოდ პროპორციული პარტიული სიის მიხედვით მიღებული შედეგები. რას ნიშნავს "პივიტი" მეთოდი და რა მიზანს ისახავენ არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლით?

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ხმათა პარალელურ დათვლას არჩევნებზე უკვე მეექვსედ განახორციელებს. გასული ხუთი არჩევნების გამოცდილებით, არჩევნების ოფიციალურ შედეგებთან მიმართებით ხმათა პარალელური დათვლისას სტატისტიკური ცდომილება 1 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი 2 პროცენტს არ აღემატებოდა. გამონაკლისი იყო 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომლის პროპორციული შედეგები გაუქმდა კიდეც.

[ეკა სირაძე–დელონეს ხმა] “როგორც წესი, ჩვენს სტატისტიკურ ცდომილებაში არის ხოლმე ოფიციალური შედეგებიც, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ახლაც ასე იქნება. მე, უბრალოდ, არ ვიცი. მე ვიცი, რომ ჩვენი მეთოდოლოგია ნამდვილად სწორია, აპრობირებულია და ნამდვილად კარგად განხორციელდება. შემდეგ უკვე სხვა საკითხია, საარჩევნო ადმინისტრაცია როგორ და რა შედეგებს დადებს.“ (სტილი დაცულია)

იმ სკეპსისის მიუხედავად, რომელიც, ზემოთქმულიდან გამომდინარე, არა მარტო საარჩევნო ადმინისტრაციების კეთილსინდისიერების, არამედ ეგზიტპოლების შედეგების სანდოობის მიმართაც არსებობს, ეკა სირაძე–დელონე გამოთქვამს იმედს, რომ ხმათა პარალელური დათვლის შედეგები საზოგადოებაში ეჭვს არ გამოიწვევს:

[ეკა სირაძე–დელონეს ხმა] “ეს არ არის ეგზიტპოლი ან სხვა რაიმე ტიპის კვლევა. მნიშვნელოვანია, რომ განვასხვაოთ: პივიტი არის გაცილებით უფრო ზუსტი მეთოდი, რომლის დროსაც ურთიერთობა ჩვენ არ გვაქვს რესპონდენტთან, არ ვეხებით ამომრჩეველს, ჩვენ ვაკვირდებით ხმის დათვლის პროცესებს; არა მარტო ხმის დათვლის, უბანში ვაკვირდებით როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი, შემდეგ უკვე ხმის დათვლის პროცესი. ჩვენ არ ვითვლით, მაგრამ ჩვენ ვითვლით პარალელურად, ანუ ვაკვირდებით, რამდენად ადეკვატურად ითვლის საარჩევნო ადმინისტრაცია ხმებს. ამის შემდეგ ინფორმაცია მოდის პივიტი ცენტრში, რომელიც სპეციალურად შემუშავებულ ბაზაში მუშავდება და შემდეგ ხდება მისი გაჟღერება.“ (სტილი დაცულია)

ეკა სირაძე-დელონე არ აზუსტებს, რამდენ უბანს მოიცავს ხმის პარალელური დათვლის პროცესი, თუმცა განმარტავს, რომ ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” მიერ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული კენჭისყრის პარალელური დათვლის შედეგები არაუგვიანეს 22 მაისის 13 საათისთვის გახდება ცნობილი.

კიდევ უფრო სწრაფად ინფორმირებას გვპირდება არჩევნების დამკვირვებელი სხვა ორგანიზაცია, კერძოდ, „ახალი თაობა, ახალი ინიციატივა“.

[კოკი იონათამიშვილის ხმა] “გარდა მთლიანი საქართველოს შედეგებისა, ჩვენ ცალკეულად გამოვყოფთ - და იქ ოპერატიულობა იქნება ოდნავ უფრო მეტი - ხუთ საარჩევნო ოლქს, რომლის შედეგები, ალბათ, არჩევნების დასრულებიდან სულ რამდენიმე საათში იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი საშუალებით საზოგადოებისთვის. ეს არის: ვაკის, სამგორის, ზუგდიდის, გორის და ბათუმის საარჩევნო ოლქები, ანუ აქ ჩვენ დავთვლით ხმებს, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, პირდაპირი მეთოდით, ანუ ამ ოლქის ყველა უბანში ჩვენ გვეყოლება დამკვირვებელი და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციით.“

„ახალი თაობა, ახალი ინიციატივის“ ლიდერის კოკი იონათამიშვილის განმარტებით, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს ორგანიზაციის 1300-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება. „ახალი თაობა, ახალი ინიციატივა“ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის გეგმებზე 15 მაისს საგანგებო პრესკონფერენციაზე იმსჯელებს, 14 მაისს კი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ „გამჭვირვალე არჩევნებისათვის“ 11–12 მაისს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. სოციოლოგიური კვლევა გაზეთ „ახალი თაობის“, რადიო „უცნობის“, სააგენტო „პირველისა“ და „ალია–ჰოლდინგის” დაკვეთით განხორციელდა. აღნიშნული კვლევის შედეგების თანახმად, ამომრჩევლის 34 პროცენტი მხარს „გაერთიანებულ ოპოზიციას“ უჭერს, 32 პროცენტი - ნაციონალურ მოძრაობას, მესამე ადგილზე კი, 12 პროცენტით, „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობაა“.
XS
SM
MD
LG