Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ებრაული სახელმწიფოს შექმნის 60 წლისთავს აღნიშნავს


ებრაული სახელმწიფოს შექმნის მესამოცე წლისთავთან დაკავშირებით იერუსალიმი 13-დან 15 მაისამდე მასპინძლობს პრეზიდენტ შიმონ პერესის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას,

რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ყოფილი და მოქმედი ლიდერები, ბიზნესმენები, სასულიერო პირები და გამოჩენილი მეცნიერები. კონფერენციის მონაწილენი, გარდა იმისა, რომ აჯამებენ განვლილ სამოც წელიწადს, მსჯელობენ იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელი მსოფლიოსა და, მათ შორის, ისრაელის სახელმწიფოს წინაშე დგას. ებრაული სახელმწიფოს შექმნის სამოცი წლისთავი ასევე აღნიშნეს საქართველოში, სადაც, რეპატრიაციის დაწყებამდე, საუკუნეების განმავლობაში ათობით ათასი ებრაელი ცხოვრობდა და სადაც ებრაულ სახელმწიფოს დღესაც არაერთი მხურვალე ქომაგი ჰყავს.

[ისრაელის ჰიმნი]

ეს ისრაელის სახელმწიფო ჰიმნია, რომელსაც საფუძვლად უდევს სიმღერა „ჩვენი იმედი“. პირველად იგი, როგორც სახელმწიფო ჰიმნი, 1948 წლის 14 მაისს შესრულდა. ბრიტანეთის მანდატის ამოწურვის დღეს დავით ბენ-გურიონმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 1947 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, თელ-ავივის მუზეუმში გამართულ სახალხო კრებაზე დამოუკიდებლობის დეკლარაცია წაიკითხა და ებრაული სახელმწიფოს, ანუ ერეც ისრაელის, შექმნა გამოაცხადა.

[ისრაელის ჰიმნი]

თუმცა ებრაელი ხალხის ბრძოლა სანუკვარი მიზნისათვის - ჰქონოდათ საკუთარი სახელმწიფო, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებით არ დასრულებულა. რამდენიმე საათში ისრაელის საზღვარი ეგვიპტის, იორდანიის, სირიის, ლივანისა და ერაყის საჯარისო შენაერთებმა გადაკვეთეს, თუმცა თხუთმეტთვიანი ომი, ექვსი ათასი ებრაელი ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად, ისრაელის გამარჯვებით დასრულდა. საერთაშორისო პოლიტიკის ექსპერტი სოსო ცინცაძე ებრაელი ხალხის წარმატებას ლოგიკურ ახსნას უძებნის:

[სოსო ცინცაძის ხმა] „აქ არის ორი მომენტი: რასაკვირველია, ებრაელი ხალხის რწმენა, ვაჟკაცობა, ჭკუა, უნარი და, ასევე, გარედან დახმარება - მთელი მსოფლიოს დახმარება, რადგანაც მთელი მსოფლიო გრძნობდა დანაშაულს ჰოლოკოსტის გამო.“

ჰოლოკოსტმა, ჯამში, 7 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თუმცა დედამიწის ზურგზე მიმოფანტულ ებრაელებს ეყოთ სულიერი სიმხნევეცა და ფიზიკური ძალაც იმისათვის, რომ სამოცი წლის წინ საფუძველი ჩაეყარათ დემოკრატიული და დინამიურად განვითარებადი სახელმწიფოსათვის, რომლის მოსახლეობა რამდენიმე ასეული ათასიდან 7 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 230 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ებრაული სახელმწიფოს განვითარებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოდან რეპატრირებული ებრაელებიც. სოფიკო ლევინსონი საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესს წარმოადგენს.

[სოფიკო ლევინსონის ხმა] „ქარველი ებრაელები წარმოდგენილი არიან თითქმის ყველა სამთავრობო სტრუქტურაში და, მათ შორის, ისრაელის პარლამენტშიც. ქართველი ებრაელები, მიუხედავად იმისა, გვარი შეცვლილი აქვთ თუ არა, არ მალავენ თავიანთ წარმომავლობას და ყველა სფეროში წარმატებით მოღვაწეობენ.“

სოფიკო ლევინსონი ამბობს, რომ წელს ისრაელის დამოუკიდებლობის მესამოცე წლისთავი განსაკუთრებულად აღინიშნა. გარდა იმისა, რომ გაიხსენეს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირები, მოეწყო სამხედრო აღლუმი, ავიაციის მონაწილეობით, და თიქმის ყველა დასახლებულ პუნქტში გაიმართა საზეიმო ღონისძიება.

[ვიოლინოს ხმა]

უნდა ითქვას, რომ ისრაელის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღინისძიებები თბილისშიც გაიმართა. ისრაელის ელჩისა და მაღალი რანგის სტუმრების მისალმებების შემდეგ გაიმართა გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ქართველმა შემსრულებლებმა მიიღეს. გასაკვირი არ არის, რომ საღამოს ისრაელის სახელმწიფო ჰიმნის გარეშე არ ჩაუვლია.

[ისრაელის ჰიმნი]
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG