Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დარღვევებზეა საუბარი სხვადასხვა ორგანიზაციის წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებში


21 მაისის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს.

მათ დიდ ნაწილში, ძირითადად, ასახულია ამომრჩეველთა დაშინებისა თუ მოსყიდვის მცდელობის ერთეული შემთხვევები. ასევე, მონიტორინგის შედეგების მნიშვნელოვანი ნაწილი მედიის საქმიანობას ეთმობა. როგორ აფასებენ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდს?

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 31 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან. ნაწილი უკვე ახორციელებს წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს. მათ შორისაა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”. ამ ორგანიზაციის ლიდერის თამარ ქაროსანიძის განცხადებით, ბოლო დროს ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებმა სულ უფრო იმატა:

[თამარ ქაროსანიძის ხმა] ”ძირითადად, ეს ეხება მასწავლებლებზე ზეწოლის მოხდენას დირექტორების მხრიდან და დირექტორებზე ზეწოლას განათლების რესურსცენტრების მხრიდან, რომ მათ, ერთი, შეაგროვონ იმ მასწავლებლების სია, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი და, მეორე, პირდაპირი მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მათ მხარი უნდა დაუჭირონ მმართველ პარტიას.”(სტილი დაცულია)

თითქმის იმავე დარღვევებზეა საუბარი ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მიერ 15 მაისს გამოქვეყნებულ მეორე, შუალედურ, მოხსენებაში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამომრჩეველთა დაშინების თაობაზე ბევრი განცხადება კეთდება. მათგან რამდენიმე ეუთოს მისიამ, მართლაც, დაადასტურა. მაგალითად, ”მასწავლებელი კახეთში, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის შემდეგ მხარი რესპუბლიკურ პარტიას დაუჭირა, გააფრთხილა სკოლის დირექტორმა, რომ მას სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ, თუ ის ნაციონალურ მოძრაობაში არ დარჩებოდა.”

ეუთოს მოხსენებაში ასევე საუბარია სახელმწიფო რესურსებისა და სხვადასხვა სამთავრობო ღონისძიების მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ. ამავე სახის დარღვევებზე საუბრობს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძე:

[გიორგი ჩხეიძის ხმა] ”საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მაგალითად, გუბერნატორების მხრიდან გასულ არჩევნებში მონაწილეობა იყო სიმბოლური, ახლა კი აქტიურად მონაწილეობდნენ კანდიდატების წარდგენაში. ამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევა დავინახეთ მატერიალური ფასეულობების დარიგების სახით.”(სტილი დაცულია)


გიორგი ჩხეიძე დასძენს, რომ ამგვარ დარღვევებზე სასამართლოსაც მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. სწორედ ესაა აღნიშნული ეუთოს საანგარიშო მოხსენებაშიც: ”სასამართლოებმა სათანადოდ არ განიხილეს საჩივრები და პრეტენზიები, კერძოდ, ისინი, რომლებიც ნაციონალური მოძრაობისა და საჯარო მოხელეების წინააღმდეგ იყო მიმართული.” ეუთოს მეორე, შუალედურ, ანგარიშში ის დარღვევებიცაა აღნიშნული, რომლებიც თან ახლავს ოპოზიციური ძალების წინასაარჩევნო კამპანიას. კერძოდ კი, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის კამპანია ძალიან ნეგატიური ტონით მიმდინარეობს და საარჩევნო პროცესის სამართლიანობისადმი უნდობლობა ცხადდება.

რაც შეეხება მედიას, ძირითადად, ტელევიზიას, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტად ბალანსის დაცვას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახერხებს. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ლიდერის თამარ ქაროსანიძის კომენტარი:

[თამარ ქაროსანიძის ხმა] ”ტელევიზიებში უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე იყო წინა არჩევნების დროს. განსაკუთრებით საზოგადოებრივ ტელევიზიაში უფრო ობიექტურად მიმდინარეობს გაშუქება და თანაბრად ნაწილდება დრო, მაგრამ სიტუაცია უფრო ცუდი არის სხვა ტელევიზიებში, რომლებშიც დიდი დრო ეთმობა მმართველ პარტიას.”(სტილიდაცულია)

საზოგადოებრივი მაუწყებლის ობიექტურობის ხარისხის ზრდაზეა ლაპარაკი ეუთოს მეორე, შუალედურ, მოხსენებაშიც. ანგარიშის თანახმად, მთლიანი საარჩევნო კამპანია რუსეთთან არსებულმა დაძაბულობამ დაჩრდილა.
XS
SM
MD
LG