Accessibility links

logo-print

სკოლა და ცხოვრება ზემო აფხაზეთში


მიუხედავად მუდმივი საფრთხეებისა, ზემო აფხაზეთში მცხოვრები მცირერიცხოვანი ქართული მოსახლეობა ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს.

ფუნქციონირებს ყველა სახელმწიფო დაწესებულება, საავადმყოფო, ბანკი და სკოლები. 15 მაისს ხალხმრავლობა იყო სოფელ აჟარის საშუალო სკოლაში, რომელიც საქართველოს განათლების მინისტრმა გია ნოდიამ მოინახულა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ფრონტისპირა ხეობაში მოღვაწე პედაგოგებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პრობლემები განათლების მინისტრისთვის გაეზიარებინათ.

ზემო აფხაზეთის მკვიდრი ეთერ ვიბლიანი ქართულ ენასა და ლიტერატურას 20 წელზე მეტია ასწავლის აჟარის საშულო სკოლაში.
ბევრი თავისი კოლეგის მსგავსად, ქალბატონ ეთერს სახლიდან სკოლამდე ყოველდღიურად 5 კილომეტრის ფეხით გავლა უწევს, მაგრამ, სასწავლო კლასში შესული, დაღლილობას ვეღარ გრძნობს. მას უყვარს საკუთარი საქმე და მოსწავლეები, რომელთა უმრავლესობა ან მისი ნათესავია, ან ახლო მეზობლის შვილი. ეთერ ვიბლიანი ამბობს, რომ ბოლო წლებში ზემო აფხაზეთში სიტუაციამ მკვეთრად დაიწყო გაუმჯობესება და ხეობიდან გასულმა მოსახლეობამაც მამაპაპისეული ფუძისკენ დაბრუნება დაიწყო:

[ეთერ ვიბლიანი] ”როგორ არა, ბევრი ოჯახი დაბრუნდა, ბევრი ოჯახი. ამიტომაა, შობადობა იზრდება და დაწყებით კლასებში უკვე არა უშავს - 16,15, 14 ბავშვი სწავლობს. მოსახლეობაც კარგად დასაქმდა, გამონაკლისია ოჯახები, რომლებიც არ არიან დასაქმებული.”(სტილი დაცულია)

თუმცა, თავისი კოლეგების მსგავსად, ეთერ ვიბლიანმა განათლების მინისტრს რამდენიმე პრობლემის მოგვარება სთხოვა. მისი თქმით, იმ ინვესტიციების ფონზე, რაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ და აფხაზეთის მთავრობამ ზემო აფხაზეთის სკოლების რეაბილიტაციაში ჩადეს, დარჩენილი პრობლემების მოგვარება არცთუ ისე ძნელია:

[ეთერ ვიბლიანი] ”რომ ჩამოყალიბდეს მოსწავლეთა კლუბები. ანდა ბავშვები ქალაქს არ იცნობენ, პირველად რომ გადიან თბილისში, პირველად ხედავენ ქალაქს. ინტეგრაცია რომ მოახდინოთ ბავშვების, რომ საქართველოს ღირსშესანიშნაობები ვაჩვენოთ და ასე შემდეგ.”(სტილი დაცულია)

ზემო აფხაზეთის აჟარის სკოლაში 100-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, ამაზე ორჯერ ნაკლებია ჩხალთის სკოლაში, რომელიც აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტით შარშან გარემონტდა. თუმცა, უგზოობის გამო, ერთბაშად ვერ მოხერხდა სკოლების აუცილებელი ავეჯით მომარაგება, პრობლემად რჩება ცენტრალური გათბობა და სახელმძღვანელოების მიწოდება, პედაგოგები აჟარაში ასევე ფიქრობენ, რომ არასწორი იყო ზოგიერთი საბუნებისმეტყველო საგნის გაერთიანება, რაზეც განათლების მინისტრ გია ნოდიას ასევე მოუწია განმარტების მიცემა:

[გია ნოდია] ”ამაზე ძალიან ბევრია კამათი. არიან, მართალია, უმცირესობა მასწავლებლების, რომლებიც ფიქრობენ, რომ კარგია; უმრავლესობა ფიქრობს, რომ ცუდია. და, როგორც ჩანს, თქვენ უმრავლესობას ეკუთვნით. და, უბრალოდ, ვაპირებთ, რომ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ და ვითათბიროთ ამ საკითხზე.”(სტილი დაცულია)

საქართველოს განათლების მინისტრი გია ნოდია ასევე დაჰპირდა ზემო აფხაზეთში მცხოვრებ მასწავლებლებს, რომ სამინისტრო წლის ბოლომდე უზრუნველყოფს სკოლებს აუცილებელი სასკოლო ინვენტარით და მიაწვდის სახელმძღვანელოებს. განათლების სამინისტრო აპირებს კოდორის ხეობაში მცხოვრებთა ხელფასების გადახედვას. ამჟამად, როგორც აღმოჩნდა, გაუქმებულია მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისათვის ადრე დადგენილი სახელფასო დანამატები. თანაც, სახელმწიფოსთვის ეს არც ისე დიდი თანხაა, რადგან ფრონტისპირა ზემო აფხაზეთში სულ 70 პედაგოგი მუშაობს, რთულ კლიმატურ და ფსიქოლოგიურ ვითარებაში.

[ეთერ ვიბლიანი] ” იმიტომ რომ 9 -ში აიღებენ ამ ხეობას, 8 -ში აიღებენ... სულ ასეთ დღეში ვართ - ყოველ გაზაფხულზე და ყოველ შემოდგომას. აი, ახლა, აი, ახლა, აი, ახლა დაიწყება ომი. იყვნენ პატარა ბავშვების მშობლები, რომლებმაც 3 დღით არ გამოუშვეს შვილები სკოლაში.”(სტილი დაცულია)

იმის შესახებ, თუ რა საფრთხეების წინაშე დგას ყოველ გაზაფხულზე ზემო აფხაზეთი და როგორ არის თავდაცვა უზრუნველყოფილი სტრატეგიული მნიშვნელობის კოდორის ხეობაში, ამის შესახებ კვირის სამხედრო პროგრამაში ვისაუბრებთ.



XS
SM
MD
LG