Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო–რუსეთი გაეროს რეზოლუციის მიღებიდან ერთი დღის შემდეგ


დღეს მოსკოვში დაიწყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის ორდღიანი ვიზიტი,

რომლის ფარგლებში შეხვედრები რუსეთის მთავრობასა და სახელმწიფო სათათბიროში იმართება. მოლაპარაკებათა საკითხებს შორისაა საქართველო–რუსეთის გამწვავებული ურთიერთობა, მოსკოვის საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან თანამშრომლობის ფონზე. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რუსეთის ოფიციალურ პირებს სთავაზობს ამ საკითხებზე მსჯელობა საერთაშორისო კონფერენციაზეც გააგრძელონ. კონფერენციის ადგილად კი, პირობითად, მოსკოვს ვარაუდობს.

ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური კონფლიქტების მოგვარების თემაზე დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის სწორედ რუსეთის დედაქალაქში გამართვის ინიციატივა კონკრეტულ მიზანს ემსახურება.“ მოსკოვს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, გამოვიდეს მშვიდობისმყოფელის როლში“, აღნიშნავენ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, სადაც არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვი თბილისის შეთავაზებას არ მიიღებს. “აფხაზეთი არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი და ამისათვის რუსეთი წინააღმდეგობის გაწევას არ აპირებს“, – ეს განცხადება კი 16 მაისს ბრიუსელში რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა იური ბალუევსკიმ გააკეთა. მან მოუწოდა ნატოს შეწყვიტოს საქართველოს მილიტარიზაცია და ოფიციალური მოსკოვის სახელით გამოთქვა მზადყოფნა იმისათვის, რომ კონფლიქტის ზონებში რუსი სამშვიდობოები სხვა ქვეყნის სამშვიდობოებით გაძლიერდნენ:

[იური ბალუევსკის სხმა]“ სწორედ რომ რუსი სამხედროები ინარჩუნებენ მშვიდობას 1994 წლიდან საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე. ხაზს ვუსვამ–საქართველოში, აფახაზეთის ტერიტორიაზე. სწორედ მათ განიცადეს დანაკარგები და არა ვინმე სხვამ. თუ იტყვიან, რომ საჭიროა გავაძლიეროთ რუსეთის მშვიდობისმყოფელები მშვიდობისმყოფელებით, - მაგალითად, დანიიდან, შვეციიდან, ნორვეგიიდან, - როგორც გენებოთ. თუ საქართველო და აფხაზეთი შეთანხმდებიან ამაზე, რუსეთი წინააღმდეგი არ იქნება.“

განაცხადა რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა იური ბალუევსკიმ, რომელმაც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა ისიც, რომ ნატოს გენერალურ მდივანთან პირისპირ შეხვედრაზე მიაღწია შეთანხმებას, ქართულ–აფხაზური კონფლიქტის გამწვავების გამო, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის შემცირებისა და თბილისსა და მოსკოვს შორის სოხუმთან ურთიერთობის მოსაგვარებლად კომპრომისის გამოძებნის აუცილებლობის შესახებ.
საერთაშორისო ზეწოლის ერთ–ერთ კომპონენტად მოსკოვი 15 მაისს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული რეზოლუციის პროექტსაც განიხილავს. მართალია, არც რეზოლუციაში, რომელიც აფხაზეთიდან ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობას შეეხება, და არც ამ რეზოლუციის განხილვის პროცესში რუსეთი უშუალო დარტყმის ობიექტი არ გამხდარა, მაგრამ შეფასებები მაინც რადიკალურად უარყოფითია. კონტრპროდუქტიული, დესტრუქციული, პროპაგანდისტული–––ესაა შეფასების რამდენიმე ასპექტი. მათგან ერთ–ერთი ეკუთვნის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ინტერნაციონალიზაციაში დაადანაშაულა:

[სერგეი ლავროვის ხმა]“ ნაცვლად იმისა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული შეთანხმებები შეასრულოს, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ინტერნაციონალიზაციას ცდილობს.ჩემი აზრით, ეს მცდელობა იმაზე მიუთითებს, რომ თბილისი არ არის დაინტერესებული ბალანსის დაცვით, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებითა და პატარა ხალხების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხების - პატივისცემით მოაგვაროს კონფლიქტები.“

გაეროს გენერალური ასამბლეის 15 მაისის რეზოლუცია „აფხაზეთიდან ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ“ მხარეებს მოუწოდებს სასწრაფოდ შემუშავდეს დევნილების აფხაზეთში დაბრუნების გრაფიკი. რეზოლუციის თანახმად, აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში უნდა აღდგეს მოსახლეობის ის ეთნიკური შემადგენლობა, რაც 1992 წლამდე, ქართულ–აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე, იყო. რეზოლუციაში ხაზგასმულია ასევე აფხაზეთიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების დაცვის აუცილებლობა. გაეროში საქართველოს ელჩი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ დოკუმენტი თანაბრად ასახავს აფხაზეთიდან დევნილი ყველა ეროვნების ადამიანის, მათ შორის, აფხაზების უფლებებს:

[ირაკლი ალასანიას ხმა]“ დიდი ნაბიჯია კონფლიქტის სწორად დარეგულირებისაკენ გადადგმული. მაგრამ მე ასევე შემიძლია გითხრათ ძალიან გულწრფელად, რომ ეს არის დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მყარად ვიდგეთ საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე, მაგრამ რეალურად საქმის წინ წაწევა არის ქართველების და აფხაზების დიალოგში. მთავარი ეს არის, თუ გვინდა, რომ რეალურად გადაწყდეს საკითხი.“(სტილი დაცულია)

უთხრა ირაკლი ალასანიამ რადიო „თავისუფლებას.“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით კი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღება წარმოადგენს ქართული დიპლომატიის კიდევ ერთ თვალსაჩინო წარმატებას, რომელშიც დიდ წვლილი სწორედ საქართველოს მეგობარ ქვეყნებს მიუძღვით.

XS
SM
MD
LG