Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


პრესის მიმოხილვას დავიწყებთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" 14 მაისის ნომერში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის სათაური გახლავთ "კავკასიის ჩხუბისთავები".

მისი ავტორი გახლავთ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რედაქტორი თომას დე ვაალი.

სტატია იწყება იმის აღწერით, თუ რა აგრესიულ ნაბიჯებს დგამს უკანასკნელი რამდენიმე კვირის მანძილზე რუსეთი საქართველოს მიმართ. ავტორის თქმით, ახალი პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, შესაძლოა იძულებული იყოს, პუტინის აგრესიული პოლიტიკა გააგრძელოსო. დე ვაალი იქვე შენიშნავს, რომ ორ მეზობელს შორის დაპირისპირებას შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს:

"ბატონი სააკაშვილი რუსეთის აგრესიის წარმოსახვით საფრთხეს საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის და დასავლეთისგან დახმარების მისაღებად იყენებს. მისმა რეპუტაციამ დარტყმა განიცადა ნოემბერში ოპოზიციის დარბევით და იანვარში საეჭვოდ მცირე უპირატესობით პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შედეგად..."

ავტორს ახლახან თბილისში სტუმრობისას დარჩენია შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტის გარშემო ზოგიერთი რადიკალი დაჰყვა ცდუნებას, აფხაზეთის წინააღმდეგ გალიაშქრონ, რათა არჩევნების წინ მოსახლეობაში პრეზიდენტის მხარდაჭერა გაიზარდოს. თუმცა უფრო ბრძენი ხალხი, - მათ შორის ის პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს ასახელებს, - გვაფრთხილებს, ეს კატასტროფა იქნებოდაო.

"ცხადია, რუსეთი ახდენს აფხაზეთის კონფლიქტით მანიპულაციას, რათა დასაჯოს საქართველო, რომელიც მოსკოვის გავლენის ორბიტიდან თავის დაღწევას და დასავლეთთან დაახლოებას ცდილობს," შენიშნავს ავტორი და იხსენებს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერის, სერგეი მირონოვის სიტყვებს, რომლებიც მან 2006 წლის ოქტომბერში წარმოთქვა: "ჩვენ არ ვაპატიებთ იმათ, ვინც გვაფურთხებსო."...

წერილის ბოლოს დე ვაალი გამოთქვამს სადაო აზრს იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება აფხაზეთის პრობლემის მოგვარება:

"დღეს საქართველოს აფხაზეთი, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს. თითქმის ისევე, როგორც დაკარგა სერბიამ კოსოვო. თბილისისთვის ამ პროცესის შეჩერებისა და ლტოლვილების შინ დაბრუნების ერთადერთი შანსი იმაშია, რომ - რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს - მიუშვას აფხაზეთი და გაათავისუფლოს ის რუსეთზე დამოკიდებულებისგან. ანუ გააუქმოს სანქციები, დაუშვას თურქეთთან საზღვაო კავშირები და გახსნას დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი."

ავტორის აზრით, ასეთი ნაბიჯებით საქართველო აფხაზეთს აიძულებს, მოლაპარაკებები სერიოზულად აწარმოოს და საკუთარ თავზე აიღოს აფხაზეთის ქართული მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა.

გაზეთ "ვაშინგტონ ტაიმსში" სამშაბათს გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით "საქართველო საფრთხის წინაშე" საფრთხის მთავარ წყაროდ რუსეთია მიჩნეული. ავტორი მეტ პასუხისმგებლობას და უფრო აქტიურ ნაბიჯეს მოითხოვს დასავლეთისგან:

"ევროპის კავშირის ქვეყნების ლიდერები ახლახან საქართველოს ესტუმრნენ სოლიდარობის საჩვენებლად. თუმცა ძლიერი ნაბიჯების ტვირთი შეერთებულ შტატებსა და ნატოს აწევს. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ომი და რუსეთის ექსპანსია, შეერთებულმა შტატებმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა უნდა დაგმონ რუსეთი და მისგან ჯარების გაყვანა მოითხოვონ. ასევე აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო შეხვედრის მოწვევა, რაც საქართველოს მთავრობამ მოითხოვა. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფართოვოს საქართველოში თავის სამხედრო მრჩეველთა როლი."

"დასავლეთისთვის საქმე ეხება არა მხოლოდ ორ შორეულ პატარა ავტონომიურ რესპუბლიკას. საქმე უფრო ისაა, შეძლებენ თუ არა ბოლოს და ბოლოს რუსეთის მეზობლები, თვითონ განსაზღვრონ საკუთარი ბედი ისე, რომ რუსეთის მხრიდან განუწყვეტელ დაშინებასთან გამკლავება არ სჭირდებოდეთ. თუკი დასავლეთი დროულ დახმარებას აღმოუჩენს პროდასავლურად განწყობილ საქართველოს, მოსკოვი ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ მისი იმპერიული დღეები წარსულს ჩაბარდა."

საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს ეხება ჟურნალი "ეკონომისტი" 15 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში. მასში საუბარია, ერთი მხრივ, იმაზე, თუ როგორ უნდა აილაგმოს რუსეთის აგრესიული ქმედებები. მეორე მხრივ, თავად საქართველოს მისამართით არის გამოთქმული მოწოდებები, რომ რაც შეიძლება ობიექტურად ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები.

ბრიტანეთის ჟურნალის აზრით, ის, რომ მოსკოვი თბილისს აფხაზეთში დაგეგმილ აგრესიაში ადანაშაულებს, მხოლოდ ფანდია:

"რუსეთის პროპაგანდისტული იერიშისა და აფხაზეთში რეგულარული და არარეგულარული ჯარების რიცხვის გაზრდა უფრო დამაჯერებლად აიხსნება არა საქართველოს იერიშის შიშით, არამედ სწორედ საპირისპირო გეგმით: კოდორის ხეობის კვლავ ხელში ჩაგდების სურვილით. ეს დისკრედიტაციას გაუკეთებდა, შესაძლოა ჩამოაგდებდა კიდეც საქართველოს პროდასავლურად განწყობილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს..."

ავტორი წარმოგვიდგენს მოვლენათა განვითარების იმ სავარაუდო ჯაჭვს, რაც შეიძლება მოჰყვეს აფხაზეთში რუსეთის აგრესიას:

"დაძაბულობა კვლავაც იზრდება 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ. ომი დაანგრევდა საქართველოს მყიფე დემოკრატიას, მოახდენდა მთელი კავკასიის დესტაბილიზაციას და წაახალისებდა რუსეთის ქორებს, რომ სხვაგანაც ასევე მოიქცნენ. ეს უბედურება რადაც არ უნდა დაჯდეს, თავიდან უნდა იქნეს აცილებულიო", შენიშნავს "ეკონომისტი" და ერთ-ერთ ქმედით იარაღად გვთავაზობს დასავლეთის უფრო აქტიურ ნაბიჯებს საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად და რუსეთის გასაფრთხილებლად.

"საქმის სასარგებლო დაბოლოება იქნებოდა თავად კოდორის ხეობაში უცხოელი სამხედრო და პოლიტიკური მეთვალყურეების მისია. ეს დაამტკიცებდა, რომ რუსეთის განცხადებები, რომ საქართველო ომისთვის ემზადება, სიმართლეს არ შეეფერება. და ის რუსეთს აიძულებს, თავი შეიკავოს თავდასხმისგან. რუსეთისთვის ერთია საქართველოს ჯარისკაცების მოკვლა. მაგრამ სხვა საქმეა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების ოფიციალური პირების მოკვლა."

მაგრამ, ავტორის სიტყვებით, "საქართველოც უნდა შეიცვალოს". ნოემბრის მოვლენებმა და იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებმა რეპუტაცია შეურყია საქართველოს ხელისუფლებას. "ეს ნატოს სამიტს დაეხმარა იმის გადაწყვეტაში, რომ გაწევრიანების გზაზე საქართველოს დაყენება ნაადრევიაო," შენიშნავს ის.

ავტორის აზრით, საქართველოს მეგობრები უფრო მეტი ენთუზიაზმით დაუდგებოდნენ მას მხარში, თუკი საპარლამენტო არჩევნები მთლად სუფთად თუ არა, ისე მაინც ჩატარდება, რომ სერიოზულად სასაყვედურო არაფერი იქნება.

"კეთილდღეობის, თავისუფლებისა და კანონიერების კომბინაციის დემონსტრირება საქართველოს მორალურად ძლიერ პოზიციაში მოაქცევს და უფრო ფართო მხარდაჭერას მოუპოვებს რუსეთთან სიტყვიერ ომში. და, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს აფხაზეთის უკან დაბრუნებაშიც დაეხმაროს მას," დაასკვნის "ეკონომისტი".
XS
SM
MD
LG