Accessibility links

logo-print

ეკონომიკური მიმოხილვა


მიმდინარე კვირას საქართველოში უკანასკნელი წლების ყველაზე დიდი სამშენებლო პროექტის ერთი ეტაპის დასრულება აღინიშნა - ყულევის სანავთობო ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა.

მფლობელი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის 380-მილიონიანი ინვესტიციის შედეგი 320 000 კუბურ მეტრის მოცულობის ნავთობსაცავი და 10 მილიონი ტონა ნავთობის გატარების უნარის მქონე ინფრასტრუქტურაა. სამომავლოდ დაგეგმილია ამ სიმძლავრეების გაზრდა. კომპანიის სამომავლო მიზნებშია, აგრეთვე, სატერმინალო სერვისის მასშტაბური განვითარება მისი უნივერსალიზაციის მიმართულებით. კერძოდ, იგეგმება მშრალი ტვირთებისა და თხევადი გაზის ტერმინალების მშენებლობაც.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიისთვის მიყიდვამდე ყულევის ტერმინალი ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. მისი აქტივების გადანაწილება საქართველოში დღეს კვლავაც აქტუალური თემაა. თუმცა საკითხის განხილვა უკვე დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს. მიმდინარე კვირას პატარკაციშვილის ოჯახმა და ჯოზეფ ქეიმ, რომელიც გარდაცვლილი ბიზნესმენის აქტივების მართვაზე აცხადებს პრეტენზიას, მორიგი ბრალდებები გაცვალეს.

პატარკაციშვილის ქვრივის ინა გუდავაძის განცხადებით, პატარკაციშვილის ოჯახმა ჯოზეფ ქეის ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლო პროცესი მოუგო და ქეიმ აღიარა, რომ იგი არ არის უფლებამოსილი, განკარგოს ბადრი პატარკაციშვილის ქონება. ამ განცხადებას სასწრაფოდ მოჰყვა ჯოზეფ ქეის პასუხი. მისი განცხადებით, პატარკაციშვილის ქვრივის განცხადება სიცრუეა და ამერიკულ სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ არსებითად არც კი დაწყებულა.

ასეა თუ ისე, პატარკაციშვილის აქტივების სამართავად მისი ოჯახი და ჯოზეფ ქეი კვლავაც აქტიურად იბრძვიან. პარალელურად კი ჯოზეფ ქეი უკვე გახდა საქართველოს კვების მრეწველობის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი აქტივის _ აგარის შაქრის კობინატის - მფლობელი. აგარის მანამდელმა მფლობელმა, ბიზნესმენმა გოჩა ძასოხოვმა მას საკუთარ აქციათა პაკეტი დაუთმო და ამიერიდან ქეი კომბინატის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონია. გარდა ამისა, მის მფლობელობაში გადავიდა წყალტუბოს სანატორიუმიც, ძასოხოვმა კი ქობულეთის სასტუმრო `ივერია~, ასევე აგარაში, გურჯაანსა და ქობულეთში, შესაბამისად, ვაშლის, ყურძნისა და ციტრუსის კონცენტრატების მწარმოებელი ქარხნები შეინარჩუნა.

პატარკაციშვილის ექს-პარტნიორის გოჩა ძასოხოვის იმპერიის რღვევის დაწყება სწორედ პატარკაციშვილის პოლიტიკაში წასვლას დაემთხვა. შარშან შემოდგომით მის კომპანიებში ფინანსური პოლიცია შევიდა და რამდენიმე მილიონის დამალულ გადასახადებს მიაგნო. პრეზიდენტმა კი აგარის კომბინატს შაქრის ფასის ხელოვნურ ზრდაში დასდო ბრალი.

ამის შემდეგ ძასოხოვის ბიზნესმა, ძასოხოვისა, რომელიც შარშან, წარმატების პიკზე, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შესაძლო ხელმძღვანელადაც კი განიხილებოდა, ვარდნა დაიწყო. თუმცა ბიზნესის გაყიდვაზე საქმე მაინც არ მიმდგარა. შაქრის კომბინატის გაყიდვა დღესაც საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, ვინაიდან ის სრული დატვირთვით მუშაობს, წელიწადში 200 ათას ტონა პროდუქციას უშვებს, ადგილობრივი ბაზრის ნახევარს აკონტროლებს და პროდუქციის 30% საექსპორტოდაც გააქვს. გარდა ამისა, კომბინატს ძალიან ხელსაყრელი პირობებით რამდენჯერმე გადაუვადეს ვალები და, თან, ის დღემდე ჩართულია თურქმენეთის ვალის მომსახურების საკმაოდ სარფიან სქემაში.

ამის მიუხედავად, გოჩა ძასოხოვმა ეს აქტივი უკვე დათმო. კომბინატის გაყიდვას კი წინ უძღოდა ხმები ძასოხოვის დაკავებისა და მისი აქტივების დათმობის ფასად გათავისუფლების თაობაზე.
სანამ ბიზნესმენი ძასოხოვი საკუთარ აქტივებს თმობს, ბიზნესმენი-პრემიერი გურგენიძე, პირიქით, მათი შეძენითაა დაკავებული, ამჯერად უკვე საქართველოს გარეთაც: `საქართველოს ბანკმა~ 34,2 მილიონ დოლარად ბელარუსული `ნაროდნი ბანკის~ 70% შეისყიდა. შეთანხმებით, `საქართველოს ბანკს~ შესაძლებლობა ექნება, მომდევნო 3 წლის განმავლობაში სააქციო კაპიტალის დარჩენილი 30%-იც შეისყიდოს, რომელიც ბელარუს ბიზნესმენ ლეონიდ მედვედს ეკუთვნის.

`ნაროდნი ბანკი~ ბელარუსში საშუალო ზომის ბანკად ითვლება. მუშაობას ის გააგრძელებს როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა. ბანკის საქმიანობას მინსკში ტარიელ გვალია უხელმძღვანელებს, რომელიც 2005 წლამდე `თბილუნივერსალბანკის~ პირველი პირი, `საქართველოს ბანკთან~ შერწყმის შემდეგ კი, მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
ბელორუსის საბანკო ბაზარზე შესვლით `საქართველოს ბანკმა~ წელს საერთაშორისო განვითარების პროგრამა დაასრულა. 2007 წელს `საქართველოს ბანკი~ უკრაინის ბაზარზეც შევიდა, სადაც `განვითარებისა და პარტნიორობის ბანკი~ შეისყიდა.

უკრაინა კი ოფიციალურად გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის 152-ე წევრი. საქართველოსთვის მისი სავაჭრო კლუბში შესვლა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამიერიდან ამ ორგანიზაციაში გაჩნდა კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელსაც რუსეთის მიმართ ბევრი პრეტენზია აქვს და ამ საქმეში საქართველო მარტო აღარ იქნება.

მიმდინარე კვირას გამოქვეყნებულ გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ანგარიშში _ `ეკონომიკური სიტუაცია ევროპული ეკონომიკური კომისიის რეგიონში~ - საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვში მოხვდა, რომლებიც უცხოეთიდან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას ჯერ კიდევ იღებენ. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, საქართველოსა და მოლდოვაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2007 წელს მშპ-ს 10%-ს გადააჭარბა.
ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთ წინაპირობად საქართველოსთან მიმართებაში საზღვაო კომუნიკაციებთან მისი უშუალო კავშირია დასახელებული, რაც დსთ-ს 12 ქვეყნიდან მხოლოდ სამს აქვს (რუსეთს, უკრაინასა და საქართველოს). ინვესტორების ინტერესიც ამით არის გაძლიერებული.

მთავრობამ ინვესტორებისთვის მიმდინარე კვირას `გუდაურის~ სასტუმრო კომპლექსის 84,7%-იანი წილის შესაძენად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვის საწყისი ფასი 5 მილიონ ევროს შეადგენს. საპრივატიზაციო პირობების თანახმად, ინვესტორმა უნდა დაფაროს `გუდაურზე~ რიცხული 6,5 მილიონი ევროს დავალიანებაც. ეკონომიკის სამინისტროში დაინტერსებულმა პირებმა განაცხადები 15 ივნისამდე უნდა წარადგინონ.

თბილისში კი, ფილარმონიის უკან, `ნოვატელის~ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. სასტუმრო 2011 წელს გაიხსნება და მასში 200-ზე მეტი სასტუმრო ოთახი, რამდენიმე რესტორანი და სავაჭრო ცენტრი განთავსდება. გაიხსნება 1000 კაცზე გათვლილი რეგიონალური საკონფერენციო დარბაზები. ინვესტიციის ოდენობა, წინასწარი შეფასებით, 30 მილიონი დოლარი იქნება. სასტუმროსთვის საჭირო მიწის ნაკვეთი ინვესტორს უკვე დაუმაგრდა.

მიწებს იბრუნებს საქართველოს საპატრიარქოც. ნეკრესის ეპარქიას კუთვნილი ისტორიული მიწები დაუბრუნდა. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ლაგოდეხში, ნეკრესის ეპარქიაში, შესაბამის დოკუმენტს მოაწერა ხელი. გარემოს დაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს ერთობლივი კომისიის გადაწყვეტილებით, გრემის მონასტერს, ყვარლის, შილდისა და ნეკრესის ეკლესიებს 450 ჰექტრამდე ტყის ნაკვეთი გადაეცემათ.
ტყეები, მიჩენის წესით, 20 წლის სარგებლობის უფლებით საპატრიარქოს განკარგულებაში იქნება.

მიმდინარე კვირას, ტრადიციულად, იყო სიახლეები რუსეთიდანაც.
17–25 მაისამდე საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გარეშე შეძლებენ. ეს გადაწყვეტილება უკავშირდება 21 მაისს მოსკოვში დაგეგმილ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს.
რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც ამ მატჩზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრება აქვს დაგეგმილი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე შევა და გამოვა. მოქალაქემ მხოლოდ მოქმედი პასპორტი და მატჩის ბილეთის ორიგინალი უნდა წარადგინოს.

ყველანაირი ვიზისა და ბილეთის გარეშე კი რუსმა მეცნიერებმა კოსმოსში ქართული ლოკოკინები გაუშვეს. რუსეთის სამედიცინო-ბიოლოგიური პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის მეცნიერებმა ვაზის ცოცხალი ლოკოკინების პარტია საქართველოდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საცხოვრებლად გაგზავნეს.

90-მდე ლოკოკინა უკვე კოსმოსური ხომალდის "პროგრესის" ბორტზეა, რომელიც კოსმოსურ სადგურს უნდა დაუკავშირდეს.
კოსმოსში მოლუსკებზე ექსპერიმენტებს ჩაატარებენ, რაც მეცნიერებს დაეხმარება, უკეთესად შეისწავლონ უწონადობის პირობებში ადამიანის ვესტიბულარული აპარატის ფუნქციონირება. ცნობისათვის: ადამიანისა და ლოკოკინას ვესტიბულარულ აპარატებს შორის პრინციპული განსხვავება არ არსებობს.
მეცნიერებას შეწირული ქართული ლოკოკინები დედამიწაზე 2008 წლის ოქტომბერში დაბრუნდებიან.
XS
SM
MD
LG