Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


თამარ ქაროსანიძე ამ კვირაში დღიურებს წერდა თამარ ქაროსანიძე,

არასამთავრობო საზოგადოება “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი.



11 მაისი, კვირა
არჩევნები, არჩევნებმა, არჩევნებს, არჩევნების, არჩევნებით, არჩევნებად, არჩევნებო...
ეჭვი მაქვს, რომ დაახლოებით ასეთი გამოვა ამ კვირის დღიური. ეჭვს საფუძვლად პრეზიდენტის 21 მარტის განკარგულება უდევს, საპარლამენტო არჩევნები 21 მაისს რომ დაგვინიშნა (ზოგ ეჭვს რა ბედი აქვს – არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტის განკარგულებიდან იღებს სათავეს!).
ამ ჩვენს იღბლიან ეჭვს არსებობაში, რა თქმა უნდა, ისიც ეხმარება, რომ არჩევნები საქართველოში ტარდება და საქართველოს პარლამენტს ვირჩევთ. როგორც ბოლო ათი (ალბათ, მეტიც) წლის განმავლობაში აქ ჩატარებული ყველა სხვა არჩევნები, ეს არჩევნებიც, რასაკვირველია, გადამწყვეტია ქვეყნისთვის; ახლა უნდა გავარკვიოთ, დემოკრატია გვინდა, თუ რაღაც “ლობიოს ჭამის” მსგავსი; ნატოში შევალთ, თუ დსთ-იდანაც თვითონ გამოგვიშვებენ...
დღეს ისევ დამკვირვებლების ტრენინგი გვაქვს, ოღონდ ამჯერად ნინა და მარი ჩაატარებენ. ნინა ტრენინგებს ისე ატარებს ხოლმე, რომ “სმენად მხეცნიც მოვიდნიან”. ჩვენ მერე, რა თქმა უნდა, მსმენელთა აუდიტორიას ვფილტრავთ. “მხეცებს” დამკვირვებლებად არ ვუშვებთ. მოსმენით მოუსმინონ.
წელს ქვემო ქართლში გვეყოლება 150 დამკვირვებელი. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აქამდე არჩევნების დღის მონიტორინგი არ განუხორციელებია (წინა არჩევნებზე, 5 იანვარს, წინასწარ საპატიმროებში გვყავდა რამდენიმე დამკვირვებელი და სულ ეს იყო). ძნელია ერთი (თუნდაც სამ და ოთხსაათიანი) ტრენინგით და დეტალური (თუნდაც ძალიან დეტალური) სახელმძღვანელოთი ყველა დამკვირვებელი ისე მოამზადო, რომ ბოლომდე დარწმუნებული იყო მათ შეუცდომლობაში. ნინამ რამდენჯერმე შეახსენა, რომ ახლა მათზე დგას ორგანიზაციის იმიჯი, არჩევნების სამართლიანობა და დემოკრატიულობა, ქვეყნის სწორი განვითარება და რომ, თუ ყველაფერს კარგად გააკეთებენ, შეიძლება ციფრულ განხეთქილებას და გლობალურ დათბობასაც ეშველოს რამე.
მე ამასობაში ვფუქსავატობ და თაკოსთან ერთად, ეკასთან მივდივარ. დედამისი აჭარულ ხაჭაპურებს აცხობს და რომ არ მივიდეთ, არ შეიძლება (რომ შეიძლებოდეს, მაინც მივიდოდით). თაკო სულ ათი დღით ჩამოვიდა გერმანიიდან და როგორი ცხელი, თაკარა და ალწაკიდებულიც უნდა იყოს ეს წინასაარჩევნო პერიოდი, ყოველი 24 საათიდან, სულ ცოტა, ორი საათი მაინც, თაკოსია. ხაჭაპურები რომ ძალიან გემრიელი იყო, ამ თემას არ განვავრცობ. მახსოვს, როგორი წასაკითხი იყო ის ადგილები, კარლსონი მურაბას რომ მიირთმევდა... ხაჭაპურებს მოჰყვა საუბრები ყველაფერზე, რაც იმ რამდენიმე საათის განმავლობაში გაგვახსენდა: ერთ თემას მეორე მოჰქონდა, მეორეს – მესამე და ასე, როგორც იციან ხოლმე მაგათ. არჩევნები შეგნებულად არ გაგვახსენდა!
საღამოს სამსახურში შევიარე. იმეილები შევამოწმე – ერთი საათის განმავლობაში, ალბათ, ათჯერ მაინც მოვასწარი ჩამოტვირთვა. ვერ მოვიშალე ეს მანია. თუ კომპიუტერთან ვზივარ, ყოველ ხუთ წუთში ერთხელ უნდა ჩამოვტვირთო იმეილები. ცოტათი მაინც გამოვსწორდი – ადრე ორ წუთში ერთხელ ვასწრებდი, მერე – სამ წუთში ერთხელ. უკვე ხუთზე ავედი. ტენდენცია დამაიმედებელია...
10 საათზე რამდენიმე მეგობართან ერთად კინოში წავედი. ვნახეთ კიდევ ერთი ფილმი იმაზე, თუ როგორ უყვარს ორ ადამიანს ერთმანეთი ისე, რომ თვითონ ჯერ ვერ ხვდებიან (მიუხედავად იმისა, რომ დარბაზში ყველა ხვდება ფილმის დაწყებიდან სადღაც მეშვიდე-მერვე წუთზე); მერე როგორ აპირებენ სხვებზე დაქორწინებას და, ბოლოს, როგორ აღმოაჩენენ (ზედ ჯვრისწერის წინ), რომ თურმე ის ჰყვარებიათ, ფილმის დასაწყისში რომ ემეგობრებოდნენ. ბოლოს ყველაფერი კარგად მთავრდება, იმათ თუ არ ჩავთვლით, ჯვრისწერის წინ მიტოვებული მეორე ნახევრების როლების შესრულება რომ უწევთ...
ხვალიდან ახალი სამუშაო კვირა იწყება ახალი შეხვედრებით, ახალი ანგარიშებით და სხვა კარგად დავიწყებული ძველი რაღაცებით...

12 მაისი, ორშაბათი
დღეს მედიაცენტრის გახსნაა. ისევ დავეწყობით ოთხი ორგანიზაცია მწკრივში (ჩვენ, “სამართლიანი არჩევნები”, “ახალგაზრდა იურისტები” და “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”) და ისევ მოვყვებით მოკლედ, ვინ რას ვაკეთებთ საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჟურნალისტებს ყველაზე მეტად ის აინტერესებთ, სულ რამდენი დამკვირვებელი გვეყოლება არჩევნების დღეს. იქვე დავაჯამეთ და 3000-ზე ცოტა მეტი გამოგვივიდა. ამდენი დაკვირვებული ადამიანი არ არის უბრალო საქმე! ეს 3000 კაცი (დამკვირვებელი) რომ იმ 50 000-მდე კაცს დააკვირდება (ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს), არჩევნებს რომ ატარებენ, უკვე 53 000-მდე დაკვირვებული ადამიანი გამოდის (ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობას თუ ავიღებთ). დაკვირვებული ხალხი ვართ, ვერაფერს იტყვი!
პრეზენტაციის შემდეგ სამსახურში ვბრუნდები და იწყება შეხვედრები. კარგია, რომ დღეს შეხვედრების უმეტესობა ჩვენთან არის ოფისში. მანქანებით გადატვირთულ ქუჩებში სიარულში ბევრი დრო არ მეხარჯება. თბილისში მანქანით სიარული ყველაზე კარგი აღდგომის მეორე დღეს იყო. სულ 30-მდე მანქანა შემხვდა, ალბათ, იმ დღეს (ცოტა მეტი). ძალიან მომინდა, რომ ქალაქში მეტი მანქანა არასოდეს იყოს. კარგი ვარიანტია, მაგრამ ერთი პატარა ნაკლი აქვს – სულ 30 ადამიანს რომ ჰყავდეს მანქანა, იმ 30-ში მე აშკარად არ ვიქნებოდი. ყვითელი ავტობუსების და სამარშრუტო ტაქსების მძღოლები კი ისე დადიან, შიგ ჩაჯდომა კი არა, მეზობელ ქუჩაზეც რომ იყო, ტროტუარზე უნდა ახვიდე და კედელ-კედელ იარო.
ამასაც არა უშავს, ფეხით ვივლიდი: ფეხით სიარულმა შექმნა ადამიანი (შრომას მერე დააბრალეს)...
შეხვედრები დამთავრდა. საბედნიეროდ, შეხვედრები ბანკეტებში არ გადაიზრდება ხოლმე. ამით ნამდვილად ჯობია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორობა ვაჟა ზაზაევიჩობას! ხუთშაბათი დღეები, როგორც წესი, ორივეს დატვირთული გვაქვს, მარკშეიდერებთანაც ორივეს გვაქვს შიგადაშიგ შეხება, სოსოებიც ბრაზობენ ხოლმე, მაგრამ, რაც მთავარია, ყოველდღე ბანკეტები არ იმართება. როგორც ნანა იტყოდა, “შორს ჩვენგან!”
გვიან ისევ შარდენზე გავდივართ. გაცდენებზე “არებს” წერენ... თბილისში გასართობი ადგილების სიხალვათეზე რომ დავიწუწუნეთ ერთხელ მე და ქეთიმ, ქეთის დედამ გვითხრა, რა საინტერესოა, გასართობი ადგილები რომ არ გყოფნით, ჩვენს დროს ორი კაფე იყო თბილისშიო…

13 მაისი, სამშაბათი
დღეს სამინისტროებში წერილები უნდა დავაგზავნოთ და ინფორმაცია გამოვითხოვოთ იმის შესახებ, სად რა კეთდება “ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის” ფარგლებში. მინისტრების სახელები ისევ მეშლება. ზოგადად, სახელებს კარგად ვიმახსოვრებ, მაგრამ ეს ბოლო წლები ისეთი სიხშირით იცვლება მინისტრები, რომ ცოტა მიჭირს დაწევა.
ადრე ვნატრობდი, ისეთი დრო თუ დადგება, ყველა მინისტრის სახელები და გვარები ზეპირად რომ არ გვეცოდინება მთელ საქართველოს-მეთქი. ნატვრა ამიხდა! უკვე მეშლება, ვინ რისი მინისტრია. ცოტა სხვანაირად კი მქონდა წარმოდგენილი ამ ნატვრის ახდენა... ტყუილად არ არის ნათქვამი – სანამ რამეს ინატრებ, ფრთხილად იყავი, შეიძლება აგიხდესო.
დღე ისევ შეხვედრებით გრძელდება. თემა იგივე – არჩევნები, არჩევნებმა, არჩევნებს...
გრძელდება დამკვირვებლების ტრენინგებიც. ტრენერებად ერთმანეთს ნინა, მარი და თამუნა ენაცვლებიან. ნინა ამბობს, რომ რომელიმე სატელევიზიო არხზე არჩევნების დღის პროცედურებთან დაკავშირებულ რეკლამას თუ მოჰკრავს თვალს, აჟრიალებს. მე ტელევიზორის დანახვისთანავე მაჟრიალებს. ეს დღეები საერთოდ არ მიყურებია ტელევიზორისთვის. ახალ ამბებს, ძირითადად, საინფორმაციო სააგენტოების მიერ გამოგზავნილი მოკლე ინფორმაციებით ვიგებ. ადრე ყველა არხზე ვუყურებდი საინფორმაციო გამოშვებებს, ზოგჯერ – რამდენიმე საათი გადაბმულად. ჩვენთან საინფორმაციო გამოშვებები ხომ ყოველ ნახევარ საათში თუ არა, ყოველ ერთ საათში მაინც გადის. თან თითო საინფორმაციო გამოშვება საათს, ან მეტხანს გრძელდება. CNN-ი მთელი მსოფლიოს ახალ ამბებს 10-15 წუთში ატევს. სამაგიეროდ, ჩვენ CNN-ის მაყურებლებისგან განსხვავებით, ზუსტად ვიცით, რაზე ეჩხუბა ერთ-ერთ სოფელში მეზობელი მეზობელს ან დედამთილი – რძალს, რამდენი პირადობის მოწმობა გაიცა საქართველოში ბოლო ერთი თვის მანძილზე, რომელი პოლიტიკოსი სად მივიდა აღდგომას სალოცავად, რომელ ქარხანას ეწვია პრეზიდენტი ბოლოს და ა.შ. ასევე ამომწურავად და ოპერატიულად ვიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომელ ქვეყანაში რამდენი მატარებელი ან ავტობუსი გადაბრუნდა და რამდენი ადამიანი დაიღუპა, სად რა შენობა ჩამოინგრა და რამდენი ადამიანი დაიღუპა, სად შევარდა მანიაკი და რამდენი ადამიანი დაიღუპა და ა.შ.
რამდენიმე თვის წინ ვატო მომიყვა, ერთმა ნაცნობმა მითხრა – ჩვენი ჟურნალისტები იმას კი არ იტყვიან, საფრანგეთმა გერმანიას ფეხბურთში 2:1 მოუგოო; მაინცდამაინც ასე უნდა თქვან, გერმანიამ საფრანგეთთან 1:2 წააგოო.
ღამე აბაკელიაზე დავრჩი. ძალიან მიყვარს ამ სახლის აივანი. ღამე ულამაზესი ხედია თბილისის ძველ უბნებზე. უკანა აივანსაც არა უშავს – ტელევიზიის ანძა ანათებს, უკვე შიგადაშიგ, მაგრამ თვალსაჩინოდ. ბოლოს და ბოლოს, ეიფელს ჯობიაო, ამბობენ!

14 მაისი, ოთხშაბათი
დღევანდელი დილა ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრით იწყება. შეხვედრა ისევ კრწანისშია, ოღონდ ამჯერად – ე.წ. “დაჩაზე”. ისევ ვილაპარაკეთ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნებისთვის მზადება, რომელი ორგანიზაცია როგორ აფასებს ამ პროცესს (ტექნიკური სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში ის ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც არჩევნების და, ზოგადად, პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობას აკვირდებიან საქართველოში. შეხვედრებს, როგორც წესი, ცესკოს თავმჯდომარეც ესწრება ხოლმე და ცესკოს მიერ გაწეულ სამუშაოზე ლაპარაკობს), რა პრობლემები იკვეთება წინასაარჩევნო პერიოდში, ვინ რას გეგმავს არჩევნების დღეს და ა.შ.
Déjà vu უკვე ერთადერთ რეალობად იქცა... უფრო სწორად, déjà vu ამ რეალობას სრულად ვეღარ ასახავს. “საქართველო და არჩევნები” déjà vu-ს აღმატებითი ხარისხია, ინგლისურ ენაში the most რომ ერთვის ხოლმე წინ, ისეთი.
ტექნიკური სამუშო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ “სამართლიანი არჩევნების” პრეზენტაციაზე წავედი – “ხმების პარალელური დათვლის” მეთოდოლოგიის პრეზენტაცია ჰქონდათ მედიაცენტრში (Parallel Vote Tabulation - PVT). რაც არჩევნები დაიწყო, გიორგის (“ახალგაზრდა იურისტებიდან”) და ეკას (“სამართლიანი არჩევნებიდან”) უფრო ხშირად ვხვდები, ვიდრე ყველა სხვა ნაცნობს ერთად აღებულს. უკვე ფერი და ზნე გვეცვლება... მომდევნო შეხვედრა ისევ ერთად გვაქვს, ამჯერად – უწყებათაშორისი ჯგუფის წარმომადგენლებთან.
მერე, რა თქმა უნდა, ისევ შეხვედრები იყო. შუალედში ჩვენს წინასაარჩევნო ანგარიშზე მუშაობის დასრულება მოვასწარი. ხვალიდან მთლიანად არჩევნების დღეზე უნდა გადავერთო.
მარის ტრენინგებისგან უკვე ხმა დაეკარგა. ნინა მეორე ღამეს ათენებს ოფისში. ტრენინგების დასრულების მერე ქვემო ქართლის რუკაზე დამკვირვებლების გადანაწილების და კოორდინატორების გადაადგილების მარშრუტები დახაზა. ამ კარტოგრაფიულ მოღვაწეობაში თანამონაწილედ ოთო, ქვემო ქართლის კოორდინატორი ჰყავდა. მეორე საღამო და ღამე – დამკვირვებლების დეტალური სიების და მათთვის ე.წ. ლოგისტიკური ინსტრუქციების მომზადებას დაეთმო. აქ დამხმარე ძალა უკვე გურიის კოორდინატორი – კახა იყო. გურულებს მაინც სხვანაირად ესმით ლოგისტიკა...
გვიან საღამო თამარობის აღნიშვნას დაეთმო. შარდენის მიდამოებს დროებით გვერდი ავუარეთ (ხვალ ექიმის ცნობა გვექნება მისატანი) და დუტას ბარში წავედით. მიუხედავად იმისა, რომ კარაოკეს საღამო იყო, სიმღერას გადავრჩი; უფრო სწორად – სხვები გადარჩნენ, მე რომ არ მომიწია სიმღერა! სამაგიეროდ, აქტიურად იმღერეს თაკომ და ეკამ. დანარჩენები მაგიდიდან ვუკეთებდით “backing vocals”-ს... ჩვენი ალბომის ჩაწერით ან მუსიკალური კარიერით დაინტერესებულ პროდიუსერებს არ მოუმართავთ...

15 მაისი, ხუთშაბათი
დაუჯერებელია, მაგრამ დღევანდელი დღე ძალიან ჰგავს გუშინდელს, თითქმის ისევე, როგორც გუშინდელი ჰგავდა გუშინწინდელს და გუშინწინდელი – გუშინწინისწინდელს (“გუშინწინისწინდელი!” “ბაყაყი წყალში ყიყინებს”-ს კონკურენტი გამოუჩნდა).
ჩვენი წინასაარჩევნო ანგარიში გამოვაქვეყნეთ. ვნახოთ, რა გამოხმაურება მოჰყვება...
დღესვე ხუთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ (ძველმა ოთხეულმა და “მრავალეროვანმა საქართველომ”) ერთობლივ განცხადებას მოვაწერეთ ხელი, სადაც ის არის ხაზგასმული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები სამართლიან და მშვიდ ვითარებაში წარიმართოს და პროტესტის გამოხატვისას პოლიტიკოსებმა და სხვა პირებმა თავი შეიკავონ აგრესიისა და ძალადობისგან.
ისე, კარგი იქნებოდა, ყველა ამომრჩეველს თავისი არჩეული ხელისუფლება რომ ჰყავდეს. იმ 3%-ის ხელისუფლება, რომელიც A პარტიას მისცემს ხმას, A პარტია იქნება; B პარტიის ამომრჩეველ 11%-ს B პარტია ჩაუდგება სათავეში; C პარტიის 39%-ს – C პარტია და ა.შ. მერე ეს პარტიები ერთმანეთს არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეეჯიბრებიან, არამედ – ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც (მართვაში), რომ მომდევნო არჩევნებისთვის უფრო მეტი ამომრჩეველი მიიმხრონ. ამომრჩევლებიც დავაკვირდებით ერთმანეთის ხელისუფლებებს, ვნახავთ, საქმეში რომელი აჯობებს და თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენი ხელისუფლება ვერ გამოდგა მთლად ისეთი, როგორიც გვეგონა და გვინდოდა, შემდეგ არჩევნებში სხვა ხელისუფლების ამომრჩევლებში გადავბარგდებით. მოკლედ, რომელი ხელისუფლებაც პირველი შეიყვანს თავის ამომრჩევლებს ნატოში, იმ ხელისუფლებას დავუჭერთ მერე ყველანი მხარს. სხვანაირად რაღაც არ გამოგვდის...
რა ჯობია “საქმეს ლაპარაკის ნაცვლად”, მაგრმ სანამ ოპოზიციაში ხარ, ლაპარაკი არის ის საქმე, რომელიც შეგიძლია აკეთო და უნდა აკეთო (საქმიანი ლაპარაკიც საქმეა)... თუ მაინცდამაინც საქმეში გვინდა ოპოზიციონერების ნახვა, სხვა გზა არ არის – ყველა პარტიამ თავ-თავის ამომრჩეველს უნდა უხელისუფლოს, დროებით მაინც. გავიტან ამ საკითხს შემდეგ მიტინგზე...

16 მაისი, პარასკევი
შეხვედრებს თავი არც ამ დღეს მოუნატრებიათ. რამდენიმე წუთით ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოში” შევირბინე, რომ მედიაცენტრის პროექტის ხელშეკრულებაზე მომეწერა ხელი. მერე მედიაცენტრშიც ვიყავი “ახალი თაობა – ახალი ინიციატივის” საარჩევნო პროექტების პრეზენტაციაზე. პრეზენტაციის მერე მედიაცენტრის დამკვირვებელი ორგანიზაციები შევთანხმდით, რომ მომდევნო ორშაბათს წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით ერთობლივ შეფასებას გავაკეთებთ. შაბათს ისევ უნდა შევხვდეთ და საბოლოოდ შევთანხმდეთ.

17 მაისი, შაბათი
არჩევნები, არჩევნებმა, არჩევნებს...
რამდენიმე კვირის წინ შემთხვევით 2000 წლის სამუშაო ბლოკნოტი ვნახე, სადაც ერთ-ერთ გვერდზე 2000 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევები და სხვა პრობლემები იყო ჩამოთვლილი. მაგალითად, მაშინ თურმე აუცილებელი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა და ამისთვის კომისიების დაკომპლექტების წესის შეცვლა და კანონდამრღვევი წევრების დასჯა, ამომრჩეველთა სიების დახვეწა, საარჩევნო პროცესში გამგებლების და სხვა საჯარო მოხელეების ჩარევის შეზღუდვა, ამომრჩეველთა უკეთ ინფორმირება და ა.შ.
...ის ნახატები გამახსენდა, საბავშვო ჟურნალებში რომ იყო ხოლმე ერთმანეთის გვერდიგვერდ დაბეჭდილი და ათი ან მეტი განსხვავება უნდა გეპოვნა. საბედნიეროდ, განსხვავებების პოვნა 2000 და 2008 წლის არჩევნებს შორისაც შეიძლება. სამწუხაროდ, არც მსგავსებების პოვნას სჭირდება განსაკუთრებით მახვილი თვალი. ასეთი განუყოფელი ძმები არიან ბედნიერება და მწუხარება...
ეჰ, რას გვიშვრებიან ეს შევარდნაძე, შევარდნაძე, ბურჯანაძე, სააკაშვილი, ბურჯანაძე, სააკაშვილი... ვინ იქნება შემდეგი?
და ის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები რას გვიშვრებიან, ათიათასობით რომ არიან და ხშირად საკუთარ პასუხისმგებლობას ვერც კი გრძნობენ, ისე ცვლიან, ასწორებენ, აბათილებენ, არ აბათილებენ. მერე, საღამოობით ან არჩევნების გასვლიდან რამდენიმე კვირაში, ალბათ, ისინიც ჩამოსხდებიან მეზობლებთან ან ახლობლებთან, ჯერ იმას დაიჩივლებენ, ეს მთავრობა რას გვიშვრებაო და მერე საუკუნის კითხვასაც დასვამენ: “გვეშველება რამე?” ავბედითად, კახი კავსაძეც არ იქნება იქვე, რომ უპასუხოს...

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG