Accessibility links

logo-print

ბრძოლა კასეტური ბომბების აკრძალვისთვის


ისინი ომში გამოიყენება, მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ისინი ადამიანებს კლავს და ასახიჩრებს კონფლიქტების დასრულებიდან დიდი ხნის შემდეგაც.

საქმე ეხება კასეტურ ბომბებს. კასეტური ბომბი გახლავთ ერთგვარი კონტეინერი, რომელიც ათასობით პატარა ბომბს შეიცავს და აფეთქების დროს დიდ ფართობზე ფანტავს მათ. დღეს ასზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლები მართავენ შეხვედრას ირლანდიაში, რათა ამ სახიფათო იარაღზე აკრძალვა დააწესონ. აქტივისტების თქმით, ეს იქნება უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ხელშეკრულება განიარაღების სფეროში.

[ბომბების აფეთქების ხმა]

ასეთ ხმას გამოსცემს კასეტური ბომბები აფეთქების შედეგად. ამ ტიპის იარაღი მრავალ ომსა და შეიარაღებულ კონფლიქტში გამოიყენებოდა ლაოსიდან დაწყებული ლიბანით და ავღანეთით დამთავრებული.
მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ეს იარაღი ადამიანების დახოცვას აგრძელებს საბრძოლო მოქმედებების შემდეგაც. საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის წარმომადგენელს, ლუ მარესკას მოუსმინეთ:

[მარესკას ხმა] "ამ პატარა ბომბების დიდი რაოდენობა არ ფეთქდება მიწაზე დაცემის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ არიან გამიზნული. აქიდან იშვება გრძელვადიანი ჰუმანიტარული პრობლემა, ვინაიდან ეს იარაღი ბრძოლისუნარიანობას ინარჩუნებს და ძალზე სახიფათო რჩება წლების განმავლობაში და კოფლიქტების დასრულებიდან ათწლეულების შემდეგაც კი."

ამ იარაღის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფის, "ჰენდიკეპ ინტერნეიშნელის" თანახმად, 1965 წლიდან მოკიდებული ოცამდე ქვეყანაში 5500 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 7 ათასამდე დაშავდა კასეტური იარაღის აფეთქების შედეგად.

ყველაზე მძიმე ვითარებაა ლაოსში, რომელზეც მსხვერპლის დაახლოებით ნახევარი მოდის.

უბედური შემთხვევის მსხვერპლნი ძირითადად არიან მამაკაცები. მათ ბომბები მინდორში მუშაობისას უფეთქდებათ.

მარესკას თქმით ასევე დიდია მსხვერპლი ბავშვებს შორის:

[მარესკას ხმა] "მრავალ ქვეყანაში ბავშვებს ხშირად იტაცებს ხოლმე პატარა ბომბების ფორმა, ზომა და ფერი და ეს მათთვის გარკვეულ რისკს წარმოადგენს. პატარა ბომბები ხშირად მათ ინტერესს იწვევს, ხშირად ხელში იღებენ მათ და თამაშობენ კიდეც. ასე რომ, ხშირად ვხედავთ, რომ მამაკაცების გარდა ბავშვები წარმოადგენენ ამ იარაღის საკმაოდ გავრცელებულ და სამწუხარო მსხვერლს."

კასეტური ბომბების აკრძალვას მრავალი წლის მანძილზე ცდილობენ. მაგრამ ამ მცდელობას ძალა შემატა ისრაელსა და ჰიზბოლას შორის ბრძოლებმა 2006 წელს. როგორც იტყობინებიან ლიბანში ისრაელის მიერ გამოყენებულმა ამ იარაღმა 200 ადამიანი იმსხვერპლა შეტაკებების დასრულების შემდეგ.

კასეტური ბომბების აკრძალვის მოწოდებით გამოვიდა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი. დუბლინის კონფერენციის წინ იგივე გააკეთა პაპმა ბენედიქტე მე-16-მ.

მსოფლიომ უკანასკნელად 1997 წელს იხილა მსგავსი ძალისხმევა, რასაც საერთაშორისო მასშტაბით ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვა მოჰყვა.

კასეტური ბომბის მოწინააღმდეგეები იმედოვნებენ, რომ ეს იარაღიც იმავე ბედს გაიზიარებს.

დუბლინის შეხვედრის დელეგატები შეეცდებიან, 30 მაისამდე შეიმუშაონ ხელშეკრულების საბოლოო ტექსტი.

მაგრამ შეხვედრას არ ესწრება სამი მნიშვნელოვანი ქვეყანა - რუსეთი, ჩინეთი და შეერთებული შტატები.

დელეგატების წინაშეა რიგი სხვა სიძნელეებიც. მაგალითად, ზოგიერთი ქვეყანა მოითხოვს გარდამავალი პერიოდის დაწესებას, ზოგნი კი კასეტური ბომბების ზოგიერთ ტიპზე გამონაკლისის შემოღებას ითხოვენ.

არის აგრეთვე ერთგვარი "ერთობლივი ქმედითუნარიანობის" პრობლემაც. შეიძლება თუ არა, რომ ხელშეკრულების ხელმომწერმა ქვეყანამ ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს სხვებთან ერთად, რომლებიც ჯერ კიდევ ხმარობენ კასეტურ ბომბებს?

მიუხედავად ამ პრობლემებისა, ლუ მარესკა იმედოვნებს, რომ ხელშეკრულების საბოლოო ტექსტი მზად იქნება 30 მაისისთვის. შემდეგ მას მთავრობები მოაწერენ ხელს დეკემბერში და ამის შემდეგ ის მალე შევა ძალაში.
XS
SM
MD
LG