Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერდიმუხამედოვის ვიზიტი აზერბაიჯანში


თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა ორშაბათს დაიწყო ორდღიანი ვიზიტი აზერბაიჯანში.

ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ ის პირველია 1996 წლის შემდეგ. უკანასკნელ წლებში ორ ქვეყანას ფაქტობრივად არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. ვიზიტის მთავარი თემაა კასპიის ზღვის აუზის გაზის რესურსების ათვისება და ექსპორტი. ამ საკითხით არა მხოლოდ ეს ორი ქვეყანაა დაინტერესებული. ვიზიტს განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ თვალ-ყურს ევროპაში. ვიზიტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც.

აზერბაიჯანში ბერდიმუხამედოვის ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოლაპარაკებები შეეხება გაზის ტრანსპორტირების პროექტ ნაბუკოს და ტრანსკასპიის გაზსადენს - მარშრუტებს, რომელთა მეშვეობით ათეულ მილიარდობით დოლარის ღირებულების გაზის სტრანსპორტირება შეიძლება ევროპაში, რომელიც სულ უფრო მეტად ცდილობს, ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე.

ამ სფეროში აზერბაიჯანისა და თურქმენეთის თანამშრომლობის მცდელობა ათ წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. მაგრამ წინსვლა არ ყოფილა, ვინაიდან აშხაბადსა და ბაქოს ყველაზე უარესი ურთიერთობები ჰქონდათ კასპიის მიმდებარე ქვეყნებს შორის. ამის მთავარი მიზეზი ყოფილ ლიდერებს, ჰეიდარ ალიევსა და საფარმურატ ნიაზოვს შორის ცუდი პირადი ურთიერთობები იყო.

მოლაპარაკებების ერთ-ერთი ცენტრალური თემაა კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის რამდენიმე საბადოს კუთვნლილება. სწორედ ეს იყო წლების მანძილზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ალიევსა და ნიაზოვს შორის ცუდ ურთიერთობებთან ერთად.

გაზის მაღალი ფასები მსოფლიო ბაზრებზე ორ ქვეყანას აიძულებს, კიდევ უფრო აქტიურად ეძებოს კასპიის ენერგორესურსების ათვისებისა და ექსპორტის გზები. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ თურქმენეთს არა აქვს გაზის ექსპორტის ბევრი საშუალება.

გაზსადენების უდიდესი ნაწილი, რომლითაც თურქმენეთის გაზი გადაიქაჩება, გაზპრომის კუთვნილებაა. შედარებით მცირე მასშტაბის მილსადენი აკავშირებს თურქმენეთს ირანთან. და ჩინეთი აფინანსებს გრძელი გაზსადენის მშენებლობას, რომელიც თურქმენეთის გაზს ყაზახეთის გავლით ჩინეთს მიაწვდის. მისი მოქმედება დაიწყება არაუადრეს 2009 წლისა.

რაც შეეხება დასავლეთის მიმართულებით გაზის ექსპორტს, მისთვის საჭიროა მიდსადენის გაჭიმვა კასპიის ზღვაში. მოუსმინეთ აზერბაიჯანელ მიმომხილველს, აზერ ჰასრეთს:

[ჰასრეთის ხმა] "და, რა თქმა უნდა, ეს თურქმენეთისთვის კარგი საბაბი იქნებოდა აზერბაიჯანის, სამხრეთ კავკასიის გავლით დასავლეთის სამყაროში გასასვლელად. ძირითადად კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის ან შავი ზღვის აუზის გავლით ევროპაში გასასვლელად."

ცხადია, ამ პროექტის განხორციელება სარგებელს მოუტანდა საქართველოსაც. გთავაზობთ ლონდონის ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის უფროსი რედაქტორის, ჯონ მაკლეოდის კომენტარს:

[მაკლეოდის ხმა] "ის თურქმენეთს უფრო მჭიდროდა დააკავშირებდა კერძოდ თურქეთთან და დასავლეთთან ზოგადად, რომელ მიმართულებასაც აზერბაიჯანი უჭერს მხარს. სხვათა შორის, ის კარგი იქნებოდა საქართველოსთვისაც, რომელიც სატრანზიტო მარშრუტი გახლავთ უმეტესი ამ პროექტისთვის."

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროექტი მოერგებოდა ნაბუკოს სახელით ცნობილ პროექტს, რომელსაც ევროპის კავშირი უჭერს მხარს და რომელიც კავკასიიდან გაზის ავსტრიამდე ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.

ჩვენი რადიო ესაუბრა ენერგეტიკის ექსპერტს, ჯენიფერ დელეის:

[დელეის ხმა] "და მერე მოდის პროექტი ნაბუკო. ეს პროექტი ვარაუდობს, რომ კასპიის და ახლო აღმოსავლეთის გაზი შეიძლება თურქეთისა და ბალკანეთის გზით გადაიქაჩოს ცენტრალურ ევროპაში. მაგრამ საამისოდ საჭიროა გაზის მიყვანა კასპიიდან თურქეთამდე. აზერბაიჯანისთვის ეს იოლი იყო, მათ უკვე ჰქონდათ მილსადენის გეგმა - სამხრეთ კავკასიის მილსადენი შაჰ დენიზის გაზისთვის. თურქმენეთს კი არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი."

ახალი გაზსადენის გეგმა მრავალ კომპანიას დააინტერესებდა. მაგრამ, როგორც დელეიმ შენიშნა, ევროპის კავშირისთვის საქმე ეხება არა მხოლოდ ბიზნესს. ევროპელებს სურთ, ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული რუსეთზე და ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას ცდილობენ. ამდენად, ტრანსკასპიის გაზსადენი პოლიტიკურ განზომილებას იძენს.

თურქმენეთმა უკვე განაცხადა, რომ მომავალ წელს 10 მილიონი კუბური მეტრი გაზით მოამარაგებს ევროპას. მაგრამ თუკი ტრანსკასპიის გაზსადენი დაგეგმილ ნაბუკოს შეუერთდება, ეს დიდად გაზრდიდა ევროპაში თურქმენეთის გაზის ექსპორტს.
XS
SM
MD
LG