Accessibility links

logo-print

როგორ ემზადებიან 21 მაისისათვის საარჩევნო სუბიექტები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები


21 მაისისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე ორი დღით ადრე ცესკოში აცხადებენ, რომ ყველაფერი მზადაა გამჭვირვალე და დემოკრატიული

არჩევნების ჩასატარებლად. თადარიგი უკვე დაიჭირეს საერთაშორისო თუ ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომლებიც, გარდა იმისა, რომ ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან, რამდენიმე საარჩევნო ოლქში ხმების პარალელურ დათვლასაც განახორციელებენ. ამასთანავე, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, "კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტი", "სტრატეგიული კვლევების ფონდი" და "საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი", 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, 21 მაისსაც აპირებენ ეგზიტპოლის ჩატარებას.


საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 30 მილიონამდე ლარი გამოიყო, საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით კი, 21 მაისს, დილის 8 საათზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამი ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახურის უფროსი ზურაბ კაჭკაჭიშვილი ამბოს, რომ კომისიის საოპერაციო ნაწილი და, მათ შორის, ინფორმაციის გამცემი ცენტრი, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, წინა არჩევნებისაგან განსხვავებულ რეჟიმში იმუშავებს:

[ზურაბ კაჭკაჭიშვილის ხმა] „პირველი შედეგები გამოცხადდება მეორე დღეს, დაახლოებით დილის 9 საათზე. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს ეკრძალება შედეგების გამოცხადება, თუ ადგილებიდან არ ექნება მიღებული და განთავსებული ვებგვერდზე ოქმების ფაქსები.“

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სავარაუდოდ, პირველი შედეგების გამოცხადებას დაასწრებს მედიაცენტრში გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა- ახალი ინიციატივა“, რომელიც არჩევნების დღეს ხმების პარალელურ დათვლას აპირებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი კოკი იონათამიშვილი განმარტავს:

[კოკი იონათამიშვილის ხმა] „არჩევნების დღეს გვეყოლება დამკვირვებლები ყველა ოლქში, მათ შორის, ზემო აფხაზეთსა და ლიახვის ხეობაში. ასევე განვახორციელებთ ხმების პარალელურ დათვლას. გარდა მთლიანი საქართველოს შედეგებისა, ცალკე გამოვყოფთ ხუთ საარჩევნო ოლქს, რომელთა შედეგები იმავე დღესვე გამოქვეყნდება. ლაპარაკია ვაკის, სამგორის, ზუგდიდის, გორისა და ბათუმის ოლქებზე.“

ხმებს, ოღონდ საარჩევნო უბნებს გარეთ, ასევე დაითვლიან "კავკასიის მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების ინსტიტუტის", "სტრატეგიული კვლევების ფონდისა" და "საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის" ინტერვიუერები, რომელთა მონაცემებზე დაყრდნობით, როგორც ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე განმარტავს, საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გამოქვეყნდება ეგზიტპოლის პირველი შედეგები:

[გიგი თევზაძის ხმა] „სტატისტიკურად არის შერჩეული უბნები. 234 უბანზე გვეყოლება ინტერვიუერი, რომელიც კითხვებს დაუსვამს საარჩევნო უბნიდან გამოსულ ყოველ მეცხრე ადამიანს. საბოლოო ჯამში, სულ გამოვკითხავთ 12 ათას ადამიანს და გვეცოდინება წინასწარ რა მდგომარეობაა არჩევნების მხრივ. ეგზიტპოლს ატარებენ იგივე ორგანიზაციები, ოღონდ დამატებულია ამერიკული QEV Research, დემოკრატიული ინიციატივების ცენტრი უკრაინიდან და ჟან ტომისონის ინსტიტუტი ესტონეთიდან.“

ეგზიტპოლის ჩატარებას ასევე აპირებდნენ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წევრები, მაგრამ, როგორც ხელმძღვნელი ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”, ნანა კაკაბაძე, ამბობს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე ვითარება შეიცვალა:

[ნანა კაკაბაძის ხმა] „ჩვენ ეგზიტპოლებს აღარ ვაკეთებთ. გავაკეთეთ სოციოლოგიური კვლევა. ვგეგმავდით, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოვაბით თავი.“

თუმცა ეგზიტპოლის შედეგებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების იმედად ყოფნას არ აპირებს გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის ერთ-ერთმა წევრმა, კახა კუკავამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

[კახა კუკავას ხმა] „ ეს არის ბოლო შანსი ზემოქმედება მოვახდინოთ თარხნიშვილის კომისიაზე, იმიტომ რომ, თუ არსებობს ოდნავი შანსი იმისათვის, რომ საქართველოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, ჩვენ მზად ვართ ასეთ არჩევნებში მონაწილეობისათვის. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ, განსხვავებით 5 იანვრისგან, არჩევნების ბედს გადაწყვეტს ქართველი ხალხი და არა საერთაშორისო ორგანიზაციები.“

კახა კუკავას თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები არჩევნების შედეგების გამოცხადებას პარტიის ოფისებსა და საარჩევნო შტაბებში არ დაელოდებიან. მოქმედების გეგმა მიტინგზე შეკრებილ საკუთარ მხარდამჭერებს ჯერ კიდევ 18 მაისს გააცნო გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ:

[ლევან გაჩეჩილაძის ხმა] „21 მაისს ყველა შევიკრიბოთ აქ საღამოს 11 საათზე. ჩვენ გამოგიცხადებთ არჩევნების ნამდვილ, რეალურ შედეგებს. არ გამოგვიცხადებენ ნებით, გამოვაცხადებინებთ ძალით.“

ლევან გაჩეჩილაძის ამ და სხვა არაერთი მუქარის პასუხად ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ ძალადობას. იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია კი არჩევნების გაყალბების წინაპირობას ვერ ხედავს:

[ნიკა გვარამიას ხმა] „ხელისუფლება ამ განცხადებას ხვდება მშვიდად. საქართველოს სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ვერავინ ვერავის ვერ გამოათრევს. არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად გაუყალბებლად. ალბათ, იქნება ხარვეზები, მაგრამ ეს ხარვეზები ვერ იმოქმედებს საბოლოო შედეგებზე.“



XS
SM
MD
LG