Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანია და ირანის საკითხი


აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში კვლავაც დავას იწვევს ირანის საკითხი. თუ გასულ კვირაში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააკეთა განცხადება,

რომელიც ყველამ მიიჩნია პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველ ბარაკ ობამას წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკად, ახლა ისევ ბარაკ ობამა - კერძოდ, ირანზე მისი განცხადება - გააკრიტიკა პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ჯონ მაკკეინი ჩიკაგოში მართავდა შეხვედრას და, როგორც ჩანს, ისარგებლა შანსით, სიტყვიერი იერიში განეხორციელებინა სავარაუდო მეტოქეზე - ბარაკ ობამაზე. სავარაუდო მეტოქეზე იმიტომ, რომ ბევრი მოელის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად ნომინაციისთვის ბრძოლის დასრულებას ბარაკ ობამას წარმატებით. და თუ ეს ვარაუდი გამართლდა, წლევანდელი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და დემოკრატი ბარაკ ობამა. მაგრამ ეს მაინც ვარაუდია.

დავუბრუნდეთ მაკკეინის გუშინდელ გამოსვლას. მაკკეინმა “გაუაზრებელი შეფასება” უწოდა ბარაკ ობამას განცხადებას, რომ ის, პრეზიდენტობის შემთხვევაში, აპირებს მოლაპარაკებას შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეებთანაც, მათ შორის ირანთან. ობამას, კერძოდ, ნათქვამი აქვს, რომ ირანი, კუბა და ვენესუელა “პაწაწინები არიან საბჭოთა კავშირთან შედარებით” და არ უქმნიან აშშ-ს იმდენად სერიოზულ საფრთხეს, თავის დროზე საბჭოთა კავშირი რომ უქმნიდა.

სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა ჯონ მაკკეინი. [მაკკეინის ხმა] “სენატორმა ობამამ განაცხადა და რამდენიმეჯერ დაადასტურა თავისი განზრახვა, შეხვდეს ირანის პრეზიდენტს ყოველგვარი პირობის გარეშე, რაც შეადარა ამერიკის ყოფილი პრეზიდენტებისა და საბჭოთა ლიდერების შეხვედრებს. ასეთი განცხადება ცხადჰყოფს სენატორ ობამას მთელს გამოუცდელობას და მისი შეფასებების გაუაზრებლობას. ეს არის ძალიან სერიოზული დეფიციტები შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტისთვის”.

ჯონ მაკკეინის ამ კრიტიკაზე ობამას პასუხმა არ დააყოვნა. მან იმავე დღეს, მონტანის შტატში გამოსვლისას, ერთი მხრივ აღიარა - ირანი მზარდი საფრთხეაო, მაგრამ დასძინა: მზარდი საფრთხეა იმიტომაც, რომ ერაყში აშშ-ის სამხედრო ინტერვენცია განხორციელდაო.

[ობამას ხმა] “ჯონ მაკკეინმა განაცხადა “ობამას არ ესმის, რომ ირანი საფრთხეს ქმნისო”. მე მესმის, რომ ირანი საფრთხეს ქმნის. მაგრამ ისიც ვიცი, რომ საბჭოთა კავშირს მსოფლიოს განადგურების უნარი შესწევდა, რომ ჰქონდა სატელიტები მთელი დედამიწის გარშემო, ჰქონდა უზარმაზარი მოცულობის კონვენციური იარაღი, მომართული ჩვენს გასანადგურებლად. მე წლებია, ვლაპარაკობ, რამდენად სერიოზულია ირანიდან მომდინარე საფრთხე, მაგრამ ვამბობ იმასაც, რომ უნდა ველაპარაკოთ არა მარტო ჩვენს მეგობრებს, არამედ მზად უნდა ვიყოთ ჩვენს მტრებთან მოსალაპარაკებლადაც. სწორედ ეს არის დიპლომატიის არსი”.

წეღან უკვე ითქვა, რომ ირანის გარშემო დავა გასულ კვირაში პრეზიდენტ ბუშის განცხადებით დაიწყო. მან ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა: ის, ვინც ახლა ტერორისტებთან და რადიკალებთან მოლაპარაკებას აპირებს, იქცევა პოლიტიკოსებივით, ვინც 30-ან წლებში ჰიტლერის რეჟიმთან დაყვავების პოლიტიკას ემხრობოდაო. ბუშის ეს სიტყვები ბევრმა მიიჩნია ბარაკ ობამას წინააღმდეგ მიმართულ კრიტიკად, თუმცა თეთრი სახლი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმე ზოგად განცხადებას ეხებოდა, რომ არავინ დასახელებულა.

ასეა თუ ისე, აშშ-ში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება გრძელდება. დღეს ორ შტატში - კენტაკიში და ორეგონში იმართება დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნები. და თუ პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად ნომინირებისთვის ბრძოლაში, საბოლოოდ, ბარაკ ობამამ გაიმარჯვა, მის მაკკეინთან დაპირისპირებაში, შესაძლოა, კიდევ არაერთხელ მოვისმინოთ დავა ირანის გარშემო.
XS
SM
MD
LG